ROOMS დიზაინმა თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, მოდის სახლი ანუკისთვის ინტერიერის დიზაინი რამდენიმე დღის წინ დაასწრულა. ქუჩიდან ვიტრინებს თუ შეხედავთ, გაუვალ ჯუნგლებს ჰგავს და ამ სიმწვანის დანახვა ბეტონის შენობებს შორის, ერთ რამედ ღირს. ატელიეს ინტერიერში გამოფენილი ჭრელი ტანსაცმელი კი, რომელიც „ჯუნლების“ მიღმა ჩანს, ფერად ჩიტებს მოგაგონებთ.

ინტერიერი სავსეა ერთმანეთისგან განსხვავებული მასალით, რაც მას უფრო მეტად საინტერესოს ხდის. მარმარილოს ფორმებს ლატუნის თაროები ცვლის, ხშირად გამეორებულ სარკეებში კი მეტალის შავი კონსტრუქციები ირეკლება. ფერთა გამა პასტელურ ფერებს ქმნის, გასახდელებისთვის შერჩეული ხავერდის მწვანე ფარდები ფერის მთავარი შემომტანია ცენტრალური დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილში. მასთან იდილიაში მოდის იქვე განთავსებული ჟოლოსფერი ხავერდისვე სავარძელი, რომელიც ROOMS -ს დიზაინით შეიქმნა. უფრო სრულყოფილ სურათს ქმნის ხის მაგიდა და ხალიჩა. საინტერესოა ოთახი პრივატული სტუმრებისთვისაც Eduardo Chilidas- თეთრ ხალიჩაზე კრემისფერი ხავერდის სავარძლებია განთავსებული, Louise Bourgoin-ის დიზაინით შექმნილ ეროტიული პრინტით გაფორმებულ შპალერს კი თბილ ფერებში გადაწყვეტილი ჭაღი ასრულებს.

ძირითად დარბაზში განთავსებული ლატუნის თაროები ინტერიერის ყველაზე შთამბეჭდავი დეტალია მარმარილოს დაბალ სადგამებთან ერთად. მუქი ხის გრძელი სკამი და იატაკის მასალად გამოყენებული მოზაიკა, სხვა დეტალებთან ერთად ფუფუნების შეგრძნებას ქმნის.

ტანსაცმელი რკინის შავ საკიდებზეა განთავსებული, თითქოს ისინი ამ ინტერიერს შეხორცებული ნაწილი არიან. ნაზი განათება ბეტონის კოლონებს ეცემა და სარკეებში არეკლილ მცენარეებსა და ოქროსფერ თაროებს სხვადასხვა ფერთა გამაში გადმოსცემს. მთლიანი სურათი ინტერიერისა დატვირთულია უამრავი ინფორმაციით, რომელსაც ამ გარემოში ფაქტურისა და მასალის მრავალფეროვნება გვთავაზობს.

იდააფმა ავტორებს რამდენიმე კითხვით მიმართაა:

 

ჰქონდა თუ არა რამე კონკრეტული ინსპირაცია ამ ინტერიერს?

ჩვენი მთავარი ინსპირაცია იყო მარტივი და სადა ფორმები, სხვადასხვა მასალების მქონე გეომეტრული ინსტალაციების გამოყენება.. ამ ინტერიერზე მუშაობისას გვსურდა საინტერესო და განსხვავებულის შექმნა, ამიტომ თავი ავარიდეთ ჩვეულებრივი ვიტრინის კონცეფციას და უამრავი მცენარისა და გამწვანების გამოყენებით შევქმენით ტანსაცმლის მაღაზიისთვის გამორჩეული ვიტრინა.

გარემოში გამოყენებელია მაქსიმალური როდენობა მასალებისა, ფაქტურები ერთმანეთს ყოველ მეტრში ენაცვლება.რამ გამოიწვია ასეთი მრავალფეროვნება?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვსურდა სადა, გეომეტრული ფორმების გამოყენება, ავირჩიეთ სხვადასხვა მასალები იმისათვის რომ მეტი კონტრასტი შეგვეტანა ამ ფორმებში. აღსანიშნავია ფარდები, შპალერი , ჭაღი და სხვა ელემენტები რომელთა დახმარებითაც სივრცე კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

რა იყო თავდაპირველი ჩანაფიქრი როცა დიზაინზე მუშაობა დაიწყეთ და მიიღეთ თუ არა იგივე შედეგი?

თავდაპირველი ჩანაფიქრის განხორციელება ცოტათი რთულია საქართველოს პირობებში, რადგან ბევრი დეტალის ადგილზე დამზადება ტექნიკურად შეუძლებელია. მაქსიმალურად შევეცადეთ და მივიღეთ სასურველი შედეგი.

როგორი უნდა იყოს კარგი ინტერიერი?

ინტერიერი უნდა ტოვებდეს მნახველში ემოციას, ისევე როგორც კარგი ფილმი ან ნახატი. სივრცე უნდა იყოს დასამახსოვრებელი და ხასიათის მატარებელი.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

ფოტო: ოლგა კუალევა/ ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest