ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქ კალპეში „წითელი კედელი“ 1968 წლიდანაა „აღმართული“. La Muralla Roja-ს მკვეთრი ფერები ან კონტრასტშია გარემოსთან, ან იდეალურად ერწყმის მას. არქიტექტორ რიკარდო ბოფილის ამ საცხოვრებელ კომპლექსში აშკარად იგრძნობა არაბული ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების არქიტექტურის გავლენა.

La Muralla Roja-ს მშენებლობა 1973 წელს დასრულდა და მისი დიზაინი ესპანელ არქიტექტორს, ლეგენდარულ რიკარდო ბოფილს ეკუთვნის. არქიტექტორი 1939 წელს ბარსელონაში, მშენებლების ოჯახში დაიბადა. იგი ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა; პირველი შენობა 17 წლის ასაკში დააპროექტა, ხოლო 23 წლიდან წამყვანი არქიტექტორი იყო el Taller-ში. ბოფილი 76 წლის ასაკშიც აგრძელებს საზოგადოების გაოცებას და თავისი ნამუშევრებით აღტაცებაში მოყვანას; იგი თითქმის საუკუნის ნახევარია სათავეში უდგას საკუთარ არქიტექტურულ ფირმას „Ricardo Bofill Taller de Arquitectura“, 1000-მდე პროექტი აქვს მსოფლიოს 50 ქვეყანაში განხორციელებული და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.

მრავალი ჯილდოს მფლობელ არქიტექტორს ბევრი დასამახსოვრებელი პროექტი აქვს შექმნილი (მაგ: კარტიეს (Cartier) სათაო ოფისი პარიზში; საცხოვრებელი ბინა სავონაში, იტალიაში; კარლინის სასახლე პრაღაში; სასტუმრო შანგრილა პეკინში და ა.შ.); ერთ-ერთი მათგანი კი La Muralla Roja -ა ესპანეთში, ქალაქ კალპეს სანაპიროზე, რომელსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.

„წითელი კედელი“ ერთგვარ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენს და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კლდოვანი ზედაპირის ბუნებრივი გაგრძელებაა. იგი მკვეთრად გამოყოფს გარე სივრცეს პირადისგან. საცხოვრებელ კომპლექსში ციხე-სიმაგრისთვის დამახასიათებელი უამრავი კიბე, პლატფორმა და ხიდია, რომელთა საშუალებითაც აქ განთავსებულ 50 ბინაში შეიძლება მოხვედრა. კიბეებისა და ხიდების მთელი ეს კომპლექსი ერთ შეხედვით ლაბირინთს მოგვაგონებს და მთლიანობაში შენობასთან ერთად ჯვრის მსგავს გეომეტრიულ სტრუქტურას ქმნის. შენობის ფასადი წითელი ფერის სხვადასხვა ტონალობაშია შეღებილი, ხოლო კიბეები და სხვა შიდა კედლები ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი.

მობინადრეებს შეუძლიათ სამი ტიპის ბინიდან ერთ-ერთი აირჩიონ, ესენია: სტუდიოს სტილის (60 კვადრატულ მეტრი), ორ საძინებლიანი (80 კვადრატული მეტრი) და სამ საძინებლიანი (120 კვადრატული მეტრი). მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად კომპლექსში სახურავის ტერასები, საცურაო აუზი, საუნა და სოლარიუმები ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრით სარგებლობა მხოლოდ შენობის ბინადრებს შეუძლიათ.

ამდენი წლის შემდეგაც La Muralla Roja არ წყვეტს მნახველების აღფრთოვანებას, რომლებიც შიგნით მოხვედრილნი, ლაბირინთების ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდებიან ხოლმე. კომპლექსი დასვენებისა და მოდუნების იდეალურ შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს და თავისი წითელი კედლებით, თითქოს გარე სამყაროსგანაც კი იცავს მათ.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest