ესპანეთში, მეცხრე საუკუნეში აგებული მატრერას ციხე-სიმაგრე ქალაქ ვილამარტინთან დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ იდგა მტრის წინააღმდეგ და მრავალ შემოსევასა და ალყასაც გაუძლო,მაგრამ ჟამთა სვლას წინ ვერავინ აღუდგება და ნაგებობაც დროთა განმავლობაში ნანგრევებს უფრო მეტად დაემსგავსა.

მატრერამ არსებობის მანძლზე რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი, სანამ 1341 წელს ესპანელებმა ის საბოლოოდ არ დაიბრუნეს. იმის გამო, რომ ბოლო სასაზღვრო ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, შენობა მრავალი ბრძოლის ეპიცენტრი იყო და შესაბამისად, მრავალჯერ დაშავდა მისი კედლებიც, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი მაინც დრომ და ბუნებრივმა მოვლენებმა მიაყენეს. იგი 1949 წელს – ეროვნულ ძეგლად, ხოლო 1985 წელს კულტურული ინტერესის ობიექტად იქნა ცნობილი ესპანეთის მთავრობის მიერ.

ყოველთვის იყო საუბარი ციხე-სიმაგრის გამაგრებით სამუშაოებსა და რესტავრაციაზე, მაგრამ მის დაწყებას არავინ ჩქარობდა, სანამ 2011 წელს წვიმის შედეგად ჩამოშლილმა მიწამ მატრერას ნახევარი არ შეიწირა და მისი არსებობა საფრთხის ქვეშ არ დააყენა. ამ ამბით შეშინებულმა მთავრობამ და კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია “Hispania nostra”-მ სასწრაფოდ დღის წესრიგში დასვა აღდგენითი სამუშაოების ჩატარება და მის შესასრულებლად კომპანიის ძებნა დაიწყო. პროექტი არქიტექტორმა კარლოს ქუევადომ (Carlos Quevado) ჩაიბარა, რომლის დიზაინიც რეგიონალურმა მთავრობამ მოიწონა. აღსანიშნავია, რომ ესპანელი არქიტექტორისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც შენობის რესტავრაციაზე მოუწია მუშაობა.

აღდგენითი სამუშაოები ხუთ წელს გაგრძელდა და 2016 წელს მატრერას ციხე-სიმაგრე უკვე დასრულებული, განახლებული სახით წარსდგა მნახველების წინაშე. არქიტექტორმა ჩამონგრეული ნაწილი ახალი მასალით შეავსო; ამით მან ერთმანეთისგან განასხვავა ნაგებობის ძველი და ახალი ნაწილი და შემდგომი ნგრევისგანაც დაიცვა იგი. სტრუქტურის ახალი ნაწილის შესაქმნელად გამოყენებული იყო კირის ბათქაში, რომლის მსგავსი ნიმუშებიც ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი. გამოყენებული მასალა თეთრი ფერისაა და მკვეთრ კონტრასტს ქმნის შენობის შედარებით მუქ ქვებთან.

ქუევადოს თქმით, პროექტს სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა: რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების სტრუქტურული გამაგრება; საწყისი ორიგინალური სტრუქტურის დამატებებისგან დიფერენცირება (ესპანეთის კანონით აკრძალული მიმბაძველი, არარეალური, დამამახინჯებელი რეკონსტრუქციის თავიდან აცილებით) და იმ მოცულობის, ტექსტურისა და ტონალობის აღდგენა, რომელიც მატრერას თავდაპირველად ჰქონდა. ეს მიზნები, ჩემი აზრით, წარმატებით იქნა მიღწეული.

აღსანიშნავია, რომ პროექტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. არქიტექტორების მხრიდან მან დიდი მოწონება დაიმსახურა და A + Awards 2016-ზე მთავარი ჯილდოც კი მიიღო „არქიტექტურა + პრეზერვაცია“ კატეგორიაში. საზოგადოებამ კი იგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. უკმაყოფილო კომენტარები სწრაფად გავრცელდა მედია საშუალებებით და რესტავრირებული ციხე-სიმაგრე დაცინვის ობიექტი გახდა. უკმაყოფილებას არ მალავდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლებიც და ამის გამოსახატავად სიტყვებს არ იშურებდნენ. “Hispania nostra” უფრო თავშეკავებული აღმოჩნდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას, მაგრამ ისიც იგივე აზრს იზიარებს – აღდგენითმა სამუშაოებმა კულტურული მემკვიდრეობა დაამახინჯა.

საინტერესოა, რატომ გამოიწვია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულმა ამ რესტავრაციის ანასტილოსის ტექნიკამ ასეთი დამოკიდებულება, შეიძლება საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა მსგავსი პროექტის მისაღებად ან მიუჩვეველია თვალი მსგავსი ვიზუალური კონტრასტისთვის ისტორიულსა და თანამედროვეს შორის, მაგრამ ფაქტია – რესტავრაციის შემდეგ ციხესიმაგრის სანახავად მისული ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest