ტუტორები: რამინ შამბაიატი | მეჰრან დავარი

მონაწილეები: სენად ჯამინი | ემა ვოლკოვსკა | დიანა ფერო | ჰრისტინა სეკულოსკა | ჯოანა ლევანსკა | უილ ჯაჯ | ელა ზდებელ | კარინა არმანდა | თამარა რანგელოვა | ირენა მილოიესკა | მიისა ლეიტინენ

გაბარიტები: 3 x 3.4

მდებარეობა: ნიდა | ლიტვა

ფოტო: ალექსანდრა კონონჩენკო

ვიდეო: Resosseous გუნდი

EASA 2016

 

ვორკშოფი Resosseous წლევანდელ ეასაზე ერთადერთი ტექნილოგიური პროექტია. ტუტორები მას ახასიათებენ როგორც ანტი-ადგილს. ეს ტერმინი ფრანგმა ანთროპოლოგმა მარკ აუგმა პირველად გამოიყენა იმ გარდამავალი სივრცეების დასახასიათებლად, სადაც ადამიანი ანონიმურად რჩება და არ გააჩნია საკმარისი მნიშვნელობა, რათა მას „ადგილი“ ეწოდოს. ავტორები თვლიან, რომ ადგილის განსაზღვრება შესაძლოა სუბიექტური იყოს., შესაბამისად, Resosseous კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია ადგილის შექმნის ფუნქცია შეასრულოს მაშინ, როცა ადამიანები მასთან კონტაქტში შესვლისას ანონიმურობაზე უარს ამბობენ და ცნობისმოყვარეობით ქმნიან მოულოდნელ ხმოვან გარემოს. კონსტრუქციას აქვს პოტენციალი ნებისმიერი გარემო შთაბეჭდილებებითა და მოგონებებით სავსე სოციალურ სივრცედ გარდაქმნას. ეს არის ობიექტი, რომელიც ადამიანის ხელის შეხებისას ცოცხლდება.

ტუტორი რამინ შამბაიატი იდააფს პროექტის შესახებ გაესაუბრა.

შესაძლოა თუ არა Resosseous-ის ნებისმიერ გარემოში განთავსება, თუ არსებობს რამე ტექნიკური შეზღუდვა?

ის საკმაოდ მსუბუქია და მისი აწევა 2-3 ადამიანს შეუძლია, იგი შეიძლება დაიშალოს/აიწყოს რამდენიმე საათში, ამიტომ მისი გადაადგილება მარტივია. კონსტრუქცია ამ ეტაპზე წყალგაუმტარი არაა, ამიტომ ის ვერ მუშაობს წვიმაში, რათა ელექტრონული კომპონენტები არ აღმოჩნდეს რისკის ქვეშ. მისი მიკროკონტროლერი და აკუმულატორები საშუალებას იძლევა Resosseous -მა 10 საათის მანძილზე იმუშავოს. კვანძების მოხსნა შესაძლებელია და აკუმულატორი ერთი საათის განმავლობაში იტენება.

რა კომპონენტებისგან შედგება Resosseous, არის თუ არა გამოყენებული რომელიმე განსაკუთრებული მოწყობილობა ან ნაწილი?

– გვაქვს ფოლადის 24 ღეროსგან შექმნილი სტრუქტურული ტიპიური კვანძი, რომელზეც ფოლადისვე მილებია დადუღებული.

– კვანძის მილები ერგება 36 ალუმინის მილს, რომელიც კონსტრუქციას კრავს. ამავე მილებში გაკეთებულ ხვრელებში ექვსკუთხა ბოლტების ჩასმის მეშვეობით ის კიდევ უფრო მყარდება.

– სტრუქტურული კვანძის ხუფები, რომლებიც ფარავს ელექტრონიკას, კომპოზიტური მინაბოჭკოვანი/ფისოვანი მასალისაა და 3D პრინტერით შეიქმნა.

– ელექტრონიკის თითოეული კვანძი შედგება: ერთი შეხების სიგნალის გამტარი ფირფიტისგან, ერთი დასატენი მინი დინამიკისგან, ერთი დასატენი ლითიუმის პოლიმერული ელემენტისგან, კაბელებისა და სპილენძის ლენტისგან.

როგორ გგონიათ რა ისწავლეს მონაწილეებმა ამ ვორკშოფით?

ჩვენ შევეკითხეთ მოაწილეებს, რატომ აირჩიეს ჩვენი ვორქშოფი და უმეტესობამ გვიპასუხა, რომ მსგავსი სამუშაო არასდროს შეუსრულებიათ და უნდოდათ შეესწავლათ ახალი მეთოდები, ხელსაწყოები და ელექტრონიკა. მათ კარგად გავაცანით პარამეტრული მოდელირების საფუძვლები, Rhino და Grasshopper პროგრამები, დიზაინის ციფრულიდან ფიზიკურ ფორმაში გადაყვანა 3D ბეჭდვის მეშვეობით, ბოჭკოვანი მინის ჩამოსხმა, მეტალის შედუღება, ასევე მიკროკონტორლერებთან, სენსორებთან და პორტებთან მუშაობა. ეს სტუდენტებისთვის ინტერაქტიულ ტექნოლოგიებთან მუშაობის პირველი გამოცდილება იყო. აქვე მადლობას ვუხდით კომპანია Bare Conductive-ს, რათა საშუალება მოგვეცა მათი სიგნალის გამტარი ფირფიტები გამოგვეყენებინა – კომპანია სპეციალიზირებულია ადამიანის შეხების ხმად გარდაქმნაზე.

საბოლოო პრეზენტაციისას ვუყურებდი ხალხის დადებით რეაქციას Resosseous-თან ფიზიკური შეხებისას, როგორ ფიქრობთ, განვითარების რა რესურსი აქვს მას?

პრეზენტაციის დროს ორი ძალიან კარგი რამ მოხდა, პირველი – კონსტრუქციასთან ურთიერთობისას ადამიანების სახეებზე ხალისისა და გაოცების დანახვა, და მეორე – მუსიკოსებისგან უამრავი იდეის მიღება, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს დიზაინი თავიანთ საქმიანობაში, როგორც ექსპერიმენტირებისას, ასევე პუბლიკის წინაშე. მაგალითად, მუსიკოსს შეუძლია ჩატვირთოს ხმები და მომხმარებელთა გარკვეულმა რაოდენობამ ინტერაქტიული ქმედებით შექმნას ერთობლივი კომპოზიციები. Resosseous -ის გამოყენება 12 არხიანი ჟღერადობის გარემოს შექმნით, მუსიკოსის სტუდიაში ხელსაწყოს სახითაც შეიძლება. ძალიან მინდა განვავითარო ეს დარგი და ვითანამშრომლო მუსიკოსებთან, ფესტივალებთან, რადგან ვფიქრობ ამ ექპერიმენტს დიდი პოტენცილი აქვს.

 

 

 

ვორქშოფი შესრულდა Soundscape 2.0 -თან თანამშრომლობით.

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest