ავტორები: Sudraba arhitektūra | Arhitektes Lienes Griezītes studija
არქიტექტორები: ლიენე გრიეზიტე, ლიგა ალპინე, რეინის ლიეპინშ, აიგა როიზენტალე, კარლის ლიიცის, რობერტს ვალდმანის
კონსტრუქციები: SIA ”ARRA”, აივარს ვილმანიშ
ფოტო: Sudraba arhitektūra | Arhitektes Lienes Griezītes studija
მდებარეობა: რიგა, ლატვია
ფართი: 777m2
წელი: 2011
ლატვიელი არქიტექტორების გუნდმა, მე-17 საუკუნის არქიტექტურული ძეგლი, თანამედროვე, მრავალფუნქციურ შენობად გარდაქმნა. მიუხედავად იმისა, რომ შენობის უდიდესი ნაწილი უცვლელად შენარჩუნდა, მასში სიახლეები აშკარაა. ავთენტური ქვის წყობა და ხის კონსტრუქცია, ხელუხლებლად არის დატოვებული. ამავდროულად, შენობაში თანამედროვე ელემენტები: გამჭვირვალე მინის დეტალები; პირველ სართულზე რიყის ქვის იატაკი, რომელიც ქუჩის და შიდა სივრცის ერთობის შეგრძნებას ქმნის; პანორამული ლიფტი და არაჩვეულებრივი მეტალის კიბე არის ჩასმული.
ცვლილება შეეხო შენობის ფუნქციასაც: საწყობი გარდაიქმნა შერეული ფუნქციის მქონე სივრცედ. ქვედა ნიშნულებზე განთავსდა მაღაზიები და საგამოფენო დარბაზები. მომდევნო ორი, დაბალჭერიანი დონე საოფისედ დაპროექტდა, ხოლო მანსარდის სართულები, დუპლექსის ტიპის ბინებისთვის, რომელთაც სახურავზე გამავალი ტერასები ემიჯნება.
იდააფი პროქტის ავტორებს ინტერნეტის საშუალებით გაესაუბრა:
შენობის ახალი არსი რადიკალურად განსხვავდება ძველისგან. ის მრავალფუნქციურია და აერთიანებს საზოგადოებრივ, სამუშაო და საცხოვრებელ ფართებს. რა იყო კონცეფციის საწყისი?
პროექტირების პროცესი დავიწყეთ შენობის ფუნქციური სქემით, რომელიც საშუალებას იძლეოდა შეგვექმნა მრავალი დანიშნულების მქონე სათავსები ყველა სართულზე, მათ შორის საცხოვრებელიც. სქემა წარვუდგინეთ დამკვეთს, როგორც მომავლი განვითარების სამოქმედო გეგმა.
ორიგინალურ პროექტში სართულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ ჭერში არსებული პატარა ღიობებისა და ვიწრო კიბეების საშუალებით . შენობის თითოეულ ნაწილს დამოუკიდებელი ვერტიკალური კავშირი ჰქონდა. ერთი ძირითადი კიბის უჯრედის არქონა ამ ტიპის ნაგებობებისთვის დამახასიათებელი იყო, რადგან იკავებდა შიდა ფართს, რომელიც შესაძლო იყო სასაწყობედ გამოყენებულიყო. ჩვენ დავაპროექტეთ ახალი ლოკაცია მთავარი კიბისთვის, რომელიც სხვა და სხვა ტიპის სივრცის შექმნას გახდიდა შესაძლებელს.
რისთვის გამოიყენებოდა ხის ბორბალი? სასაწყობე მეურნეობის ყოველდღიურ მოხმარებაში ამწის ფუნქციას ხომ არ ასრულებდა? თუ ეს ასეა, რატომ გადაწყვიტეთ ამ ელემენტის ინტერიერსა და ექსტერიერში შენარჩუნება?
ხის დისკები გამოიყენებოდა სხვა და სხვა სიმძიმეების ასატანად შენობის ზედა ნიშნულებზე. ის საწყობის მთავარი ფუნქციური ელემენტი იყო და ორი შემადგენელი ნაწილისგან იწყობოდა – ხის ბორბალი, განთავსებული ბოლო სართულის შიგნით, რომელსაც ხელით ატრიალებდნენ და მბრუნავი ცილინდრული ღერძისგან მასზე გარშემოხვეული თოკით, რომელიც ბოლო სართულის ფასადზე თავსდებოდა. სხვა და სხვა ტიპის ტვირთი, ტექსტილი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. იკიდებოდა თოკებზე და მათი მეშვეობით იწეოდა ზედა სართულებზე.
ამ შენობაში ასეთი ორი ელემენტია – თითო მის ორივე მხარეს. ნაგებობა, ისევე როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. დეტალების შენარჩუნება იყო როგორც ვალდებულება, ასევე პროექტის მთავარი არსი.
იყო თუ არა არსებულ შენობაში ისეთი დეტალები, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა და ახლა გული გწყდებათ?
საბედნიეროდ, ყველა ღირებულიად შეფასებული ელემენტის გადარჩენა შესაძლებელი აღმოჩნდა. მათ შორის – კედლები, ჭერი, გადახურვის კონსტრუქცია, სახურავის ფილები და სხვა დეტალები.
მოგვიწია ხის 4 რიგელის დემონტაჟი თითოეულ სართულზე იმისათვის, რომ კიბისა და ლიფტისთვის ახალი ღიობი გაგვეჩინა. მინდა აღვნიშნო, რომ კიბე არის ცეცხლგამძლე ზონა, რის გამოც მიმდებარე სათავსებისგან მისი გამმიჯნავი მინა არ არის ისეთი მსუბუქი, როგორიც ჩაფიქრებული იყო.
მეორეს მხვრივ, არსებულ ფანჯრებში, ახალი მინის შიდა კიდეზე ჩასმის გადაწყვეტილება ძალიან წარმატებული გამოდგა. ექსტერიერიდან ფასადზე შეხედვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მინა საერთოდ არ არის ფანჯარაში.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევარმა 2012 წელს, Latvian Architecture Grand Prix-ზე, საუკეთესო რეკონტრუქციის პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა.
Sudraba arhitektūra-ს ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მათ ოფიციალურ საიტზე.
ავტორი: ტატა ალხაზაშვილი


