არ ვიცი, როდიდან დაიწყო კაცობრიობამ კამათი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ დღეს რომ რელიგია ყველაზე უფრო ცხარე საუბრების მიზეზია ხოლმე – ეს ფაქტია. ამდენი საუკუნეა ისეთ ყოვლისშემძლე არსებას, როგორიც ადამიანია, ვერ აუხსნია, საიდან მოვიდა და ვინ შექმნა, თუმცა ერთ დღეს რომ ნამდვილად ამოვწყდებით, ეს ყველამ კარგად ვიცით.

ჩვენს პლანეტაზე მრავალი ერია, ბევრი რელიგიითა და უფრო მეტი სექტით. ერთი პერიოდი ისეთი მოდური გახდა, ყველამ, ვისაც არ დაეზარა, რელიგიური გაერთიანებები გააკეთა. ერთ-ერთი მათგანი მუსკოსი Moby – ც იყო, რომლის სექტაში მოსახვედრადაც მხოლოდ მწვანე, ვეგეტარიანული პროდუქტი უნდა გეჭამა და სექსისგან თავშეკავება შეგძლებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რელიგია იდეურად ასე აირია და იესოს, მუჰამედისა და ბუდას დიდი მანძილით დაშორდა, გაჩნდა ახალი ტიპის სამლოცველოები, რომლებიც ეკლესიის, მეჩეთისა და ბუდისტური ტაძრის ანუ ტემპლე-ს არქიტექტურისგან განსხვავდებოდნენ. ეს კულტურა განვითარდა და დღესდღეობით ასეთი თანამედროვე სამლოცველოები ქრისტიანულ და ბუდისტურ საზოგადოებაში უამრავია, თუმცა თითქმის არ გვხვდება მაჰმადიანურში.

ამ სტატიაში გაიცნობთ სამ თანამედროვე სამლოცველოს, რომლებიც ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება თავისი ფორმებით. სამივე მათგანში გამოყენებულია სხვადასხვა მასალა ექსტერიერისთვის: ხე, ფოლადი და ბეტონი და ისინი ამ ნაგებობებში საუკეთესოდაა წარმოჩენილი. პირველია კუპ ჰიმელბლაუ ლუთერანული სამლოცველო ავსტრიის ქალაქ ჰეინბურგში, მეორე: K2S არქიტექტორების კამპის სიჩუმის ტაძარი ჰელსინკში და ბოლო: ავანტო არქიტექტორების წმინდა ლორენსის სამლოცველო ვანთააში.

 

1. მარტინ ლუთერის სამლოცველო

არქიტექტორი: კუპ ჰიმელბლაუ

პროექტის არქიტექტორი: მარტინ მოსტბოკი

ინჟინერი: ბოლლინგერ- გროჰმან

დიზაინერი: სოფი – შარლოტა გრელი

მდებარეობა: ჰეინბურგი, ავსტრია

ფართობი: 420 კვ.მ

წელი: 2011

შენობის სახურავი დახვეული ფორმის ფოლადისაა, რომელიც ბეტონის ოთხ კოლონას ეყრდნობა, რაც ცოტა უხეში კონტრასტიც კია დინამიურისა სტატიკურთან. სახურავში ამოჭრილია მრგვალი ფორმა, საიდანაც სამლოცველოში ჩადის შუქი. გარდა ამისა, სინათლე შუშის ფასადიდანაც შემოდის, რომელიც საკურთხევლის უკანაა. მათ შორის ხის პანელია, ამოკვეთილი ჯვრითა და წრეებით, რაც შვეიცარიული ყველის ნახვრეტებს მაგონებს ხოლმე რატომღაც. ძალიან საინტერესოა ფოლადის საკურთხევლის მაგიდახ, ჰიმელბლაუსთვის დამახასიათებელი ფორმებითა და თითქოს სახურავთან დაბალანსებული დინამიკით. მთავარი კარი შუშისაა, ჰოლსა და სამლოცველოს შორის პატარა დერეფანია, საიდანაც მღვდლის ოთახსა და საპირფარეშოში შეიძლება მოხვედრა, ხოლო როდესაც სამლოცველო მთლიანად ივსება ხალხით, მისი კარი იღება, ჰოლშიც იდგმება სკამები და ეს ორი დარბაზი ერთი სალოცავი სივრცე ხდება.

შესასვლელთან ქუჩაში 20 მეტრი სიმაღლის ასევე ფოლადის სამრეკლოს შეამჩნევთ, ამოჭრილ წრეში ზარითა და მის თავზე ჯვრით.

ჰიმელბლაუს ეს ნამუშევარი ძალიან მომწონს, მაგრამ როგორც შენობა და არა როგორც სალოცავი. საკრალური თითქოს არაფერი არაა, არა არის ისეთი რამ, რაც ემოციურად დაგტვირთავს და რელიგიაზე დაგაფიქრებს. მიუხედავად ამისა,არ შემიძლია არ აღვნიშნო კუპ ჰიმელბლაუს უნიკალური მიდგომა და ყოველთვის არაჩვეულებრივი შედეგი პატარა ზომის ობიექტებზე მუშაობისას. ამდენი წელია ეს კაცი არ კარგავს თვისებას, შექმნას შენობები, რომლებიც კომპოზიციურად ძლიერი მთლიანობები არიან, აქვთ ლოგიკური დასაწყისი და დასასრული, თითოეული მათგანი კი უზომოდ საინტერესოა და ყოველთვის ღირებული.

 

2. კამპის სიჩუმის ტაძარი

არქიტექტორი: K2S Architects

ინჟინერი: ვაჰანენ ოი

დიზაინერი: იუკა მაკინენი

მდებარეობა: ჰელსინკი, ფინეთი

ფართობი: 352 კვ.მ

წელი: 2012

 

კამპის ტაძარში სპეციალურად წავედი, რაგდან სულ რაღაც 2 თვის გახსნილი იყო და მთელი მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ჟურნალები მასზე წერდნენ. მისი მრგვალი და მინიმალისტური ფორმა, რომელიც ასე დამახასიათებელია ფინური არქიტექტურისთვის, სანამ თავზე არ წავადექი ვერც კი დავინახე, რადგან კუთხეში დგას და შორიდან არ ჩანს, თუმცა მისი მკვეთრი ხის ფერი გარემოში ძალიან გამოირჩევა და ყურადღებას დანახვისთანავე იქცევს. სამლოცველოში მარჯვენა მხრიდან შედიხართ, ჯერ დერეფანია, საიდანაც გასასვლელებია პასტორის ოთახებსა და სხვა დამხმარე სათავსოებში. თვითონ სამლოცველო დარბაზი დერეფნის ბოლოშია, მარხენა მხარეს გაჭრილ კარში. მისი ინტერიერი, ისევე როგორც ფასადი, მთლიანად ხისაა ,რაც არაჩვეილებრივ აკუსტიკასა და მყუდრო გარემოს ქმნის. მიუხეავად ხმაურიანი ქუჩისა, შიგნით არანაირი ხმა არ აღწევს და სიჩუმის მეტი ამ დარბაზში არაფერია. ინეტერიერის აქსესუარებს წარმოადგენს სკამები, საკურხეველი, შავი მეტალის შანდალი და ასეთივე ყვავლების ლარნაკი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს ამ დეტალს. დარბაზში სინათლე გარე კედელსა და სახურავს შორის არსებული ღიობიდან შემოდის, რაც ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დეტალია ინტერიერში.

შესვლიდან რამოდენიმე წუთში ქალი შემოვიდა თავის ორ ბავშვთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სიჩუმის დაცვა მკაცრი მოთხოვნაა, თავიდან ბიჭები მაინც ვერ გააჩუმა. სანამ მე ბანძი ტურისტივით ყველა დეტალს ფოტოს ვუღებდი, ეს ბავშვები უარესაც აუხმაურდნენ დედამისს, არ ვიცით ლოცვა და ნუ გვაძალებო. ტურისტები იყვნენ ესენიც, საყვარელი ბავშვები – იღლიაში სკეიდები ჰქონდათ ამოჩრილი, მერე მოულოდნელად გაჩუმდნენ, თავი შეკრულ ხელებში ჩარგეს და ჩუმ ბუტბუტს მოყვნენ.

გამოსვლისას დერეფაში ჩემხელა გოგოს წავაწყდი, რომელსაც სამღვდელო ფორმა ეცვა. რატომღაც გამოველაპარაკე. პასტორის თანაშემწე აღმოჩნდა, ხალხის მოსმენა მევალებაო, დაახლოებით რომ ვთქვა, აღსარებებს იბარებდა. 23 წლის გოგოს არ გიჭირს მეთქი და თავიდან კი და ეხლა მივეჩვიეო. მერე სიამაყით მომიყვა ამ ახალ სამლოცველოზე, ხო ლამაზიაო, ძალიან ამაყი იყო. მუსიკაზეც ვილაპარაკეთ, ზაფხული იყო და იმდენ მაგარ ფესტივალზე აპირებდა წასვლას, მე რომ ვერც ვიოცნებებ, ბილეთები უკვე ნაყიდი მაქვს, შვებულებას ველოდებიო, კამპის ბუკლეტებიც მომცა და ესე გაღიმებული გამომიშვა.

მერე დიდხანს ვფიქრობდი ამ სამლოცველოს პოზიტიურ გარემოზე, სიჩუმეზე, რომელიც ხის კედლებში ყველაზე სასიამოვნო მოსასმენია და იმ გოგოზეც, 23 წლის რომ იყო და აღსარებებს იბარებდა, ის ფორმაც ძალიან უხდებოდა და თუ დავბრუნდები აუცილებლად მოვიკითხავ.

 

2. წმ. ლაურენსის სამლოცველო

არქიტექტორი: ავანტო

მდებარეობა: ვანთაა, ფინეთი

ფართობი: 1, 880 კვ.მ

წელი: 2010

 

წმ. ლაურენსის სამლოცველო ფინეთის ქალაქ ვანტაა-ში 2010 წელს აშენდა, ახალგაზრდა ფინელი არქიტექტორების კომპანიაა Avanto- მიერ, რომლებიც მიუხედავად ასაკისა, უკვე რამოდენიმე სახელგანთქმული პროექტის ავტორები არიან. ამ სალოცავისა და ზოგადად ფინური არქიტექტურის ღირსებაა შუქ-ჩრდილების იდეალური არსებობა ერთმანეთთან.

2012-ში მე თვითონ წავედი ვანთააში სპეციალურად ამ შენობის სანახავად. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე ფოტოებზე.

ამაზე სადა შენობა არ გენახოთ, ინტერიერი მიტუმეტეს.სახურავი სპილენძისაა, ამ მასალის გასაოცარი თვისება კი ისაა, რომ ის ფერს იცვლის დროთა განმავლობაში და შაბიამნისფერი ხდება. შენობაზე ეს მასალა სწორედ ამ ფერებშია წარმოდგენილი. ფასადი თეთრია და ამ ორი ფერის კონტრასტი ერთ დიდ იდილიას ქმნის გარემოსთან მიმართებაში.

შენობაში 3 სხვადასხვა ზომის სალოცავია და შესასვლელში ორი სვეტით წარმოდგენილი სამრეკლო. ინტერიერი, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან სადაა, აქ ვერ შეხვდებით ზედმეტ დეკორს, რელიგიური ნივთებიც კი არაა, გარშემო მხოლოდ ჰაეროვანი და სუფთა სივრცეა.

იატაკი ადგილობრივი ქვისაა – კედლები-თეთრი. სამლოცველო დარბაზში ხის სკამები და რკინის მინიმალისტური სასანთლეები დგას და ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი და საინტერესო დეტალი: საკურთხეველი, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალო ხის კუბია.

 

შენობაში შუქი ფასადზე არსებული დიდი სარკმლებიდან შემოდის, ხოლო მთავარ სამლოცველო დარბაზში შუქ-ჩრდილის მოკრძალებული ეფექტი სპილენძის ფირუზისფერი ბადით მიიღწევა, რომლის საშუალებითაც ნათელი შემოდის არა ერთ დიდი ნაკადად, არამედ ნახვრეტებში გატარებულ სხივებად. აღსანიშნავია ბროლის ჭაღი, რომელიც სინათლეზე ცისარტყელის ფერებში ციმციმებს და ინტერიერში ჰარმონიულ გარემოს ქმნის. შესასვლელი გადის ეზოში მცირე აუზთან. უახლესმა არქიტექტურამ გვაჩვენა,რომ წყალი ,თავისი უნიკალური მაცოცხლებელი თვისებით, განუყოფელი ნაწილია რელიგიური ნაგებობებისა.

ამ შენობის ერთ-ერთი დანიშნულებაა მიცვალებულის წესის აგება ,ამიტომ ერთი გზა შენობიდან პირდაპირ სასაფლაოსთან მიდის.

არქიტექტურა ისეა შექმნილი, რომ მიცვალებულის სული ჯერ ამ თეთრი კედლების მდუმარე სივრცეებში გაივლის, შემდეგ კი ის სამუდამოდ განისვენებს საფლავში. ეს ყველაფერი ნამდვილად მძიმე მომენტია, მაგრამ კარგი მაგალითია დასანახად კავშირს ამ შენობასა და ადმიანის სულს შორის. ამ ადგილას, ალბათ, ყველაზე უფრო დაფიქრდები წუთისოფლის ამაოებაზე და ცხოვრების არსზე, რომ იქ ზემოთ ნამდვილად რაღაც არსებობს და შენ ამ ყველაფერის მხოლოდ ერთი პაწია ნაწილაკი ხარ.

ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ თუ ადამიანს სწამს, ის ერთნაირად ილოცებს ნებისმიერ ადგილას. ჩვენ კი, მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ რამდენი ხანი ვიკამათებთ რელიგიასა და ღმერთის არსებობაზე, მთავარი ისაა, როგორები ვართ და როგორ ვექცევით ერთმანეთს, რადგან, როგორც ერთი გენიოსი კაცი იტყოდა: „ჩვენ შეგვიძლია ვიცოცხლოთ ურელიგიოდ,მაგრამ ადამიანების სიყვარულის გარეშე უბრალოდ ვერ გადავრჩებით“. (დალაი ლამა)

 

ავტორი: ნანა ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest