ფერის ტალღის ხანგრძლივობა ~620-740nm

ფერის ტალღის სიხშირე ~480-400 THz

ნებისმიერი ფერი და მისი აღქმა დამოკიდებულია ჩვენი მხედველობის და ნერვული სისტემის მდგომერეობაზე. საერთოდ კი ყველა ფერი არის არეკლილი სინათლის ტალღა, რომელსაც კონკრეტული სიხშირე და ხანგრძლივობა აქვს. მაშინ როდესაც ხელოვანები ფერებს ცივ და თბილ ტონებად ყოფენ, ფსიქოლოგები მათ პასიურ და აქტიურ კატეგორიებად ახარისხებენ. წითელი ფერი, რაღათქმაუნდა, აქტიურთა ლიდერია. ის თავისთავად მკაფიოა და ნებისმიერ სივრცეში მისი მცირე რაოდენობაც კი დომინანტი ხდება. გარდა ამისა ადამიანშიც ის შინაგან, ემოციურ და გონებრივ აქტივობას იწვევს. სწორედ ამიტომ არის, რომ მის გამოყენებას გარკვეული ტიპის ინტერიერებსა და გარემოში ერიდებიან და დიდი არქიტექტორებიც კი საკმაო სიფრთხილით ეპყრობიან. სხვა და სხვა კულტურაში წითელს განსხვავებული დატვირთვა აქვს, მაგ: აზია – იღბალი, მზე; ევროპა – აღფრთოვანება, ენერგიულობა, სიყვარული, სიბრაზე; აფრიკა – მწუხარება; შესაბამისად ყოველი მათგანი ხელოვნებასა და არქიტექტურაში „წითელს“ განსხვავებულად იყენებს.

წითელი არის ფერი, რომელსაც აუცილებლად დიდი გასაქანი უნდა მისცე. მისი აქტიურობა ვერ იტანს მეორეხარისხოვანთა რიგებში ყოფნას. რიგითი და არაფრით გამორჩეული მოცულობაც კი წითელი ფერის წყალობით შესაძლოა თვალშისაცემი და ცნობადი გახდეს. ბუნაბაში ცოტა ადგილია სადაც წითელი ფერი ჭარბად შეიძლება ვნახოთ და ძირითადად, ეს სიწითლე სეზონურია. ტონებთან, რომლებიც გარემოში დომინირებს – ცისფერი, მწვანე, რუხი, თეთრი – წითელი ყოველთვის კონტრასტს ქმნის. ასეთი არქიტექტურა ადამიანებში ცოტათი შოკურ ეფექტს იწვევს. შოკის გადავლის შემდეგ ადამიანებს შენობის და სივრცის უკეთ შესწავლის სურვილი უჩნდებათ.

 

პაულა რეგოს მუზეუმი

პროექტის ავტორი: ედუარდო სოუტო დე მოურა

მდებარეობა:პორტუგალია, კაჩიასი

წელი: 2008

ფოტო: ვიტორ გაბრიელი

მუზეუმის პროექტირებისას გათვალისწინებულია ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურის თავისებურებები. ასევე, მის სივრცეში გამოფენილი ექსპონატების ხასიათი – ნამუშევრები საკმაოდ ექსპრესიულია. და ბოლოს, რა თქმა უნდა გარემო – სადაც წითელი ბეტონი ინდივიდუალურობას და საკუთარ მნიშვნელობას იძენს.

 

 

პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი

პროექტის ავტორი: GA Niekisch

მდებარეობა: საქართველო, თბილისი

წელი: 2013

ფოტო: სალომე ბარბაქაძე

წითელი შენობა მარადმწვანე ნარგავებით არის გარშემორტყმული. სწორედ ამის ხარჯზე მისი მკაფიო შეფერილობა აბსლუტურად არ ჩანს აგრესიული და შეიძლება ითქვას მიმზიდველს ხდის მის მოცულობას. პროექტში, ბანკის შენობის შემთხვევაში, წითელ ფერს ესთეტიურის გარდა საფირმო ნიშნის დატვირთვაც აქვს. თუმცა ეს მის მიმზიდველობას არ აკნინებს.

 

 

საბჭოთა კავშირის პავილიონი 1925 წლის თანამედროვე დეკორატიული და სამრეწველო ხელოვნების გამოფენაზე პარიზში

პროექტის ავტორი: კონსტანტინ მელნიკოვ

მდებარეობა: საფრანგეთი, პარიზი (1926 წელს მოხდა განხორციელდა ნაგებობის დემონტაჟი)

წელი: 1925

ეს ის შემთხვევაა როდესაც წითელს მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგიური დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წითელი ამ შემთხვევაში არქიტექტორის მიერ ზომიერად იყო გამოყენებული, ის მაინც სრულად ასრულებდა მოცულობაში დომინანტის და ასევე მასზე დაკისრებული სიმბოლოს ფუნქციას.

 

 

 

სერპენტინის საგამოფენო პავილიონი

პროექტის ავტორი: ჯინ ნუველ

მდებარეობა: ინგლისი, ლონდონი

წელი: 2009-2010

საზაფხულო საგამოფენო პავილიონში წითელი ფერი მზის, სიცხის, სიცოცხლის, აქტიური დადებითი თუ უარყოფითი ემოციის სიმბოლოა. პავილიონი სეზონურია, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში წითელი ფერი ბუნებაში. მისი არსებობა უმეტესად ხანმოკლე და დროებითია. შენობის შიგნიდან ხედი, წიტელში არსებული ღარებიდან და საკუთრივ წითელი მინიდან იდუმალებით და ხალისით სავსე შთაბეჭდილებებს ქმნის.

 

 

წითელი ლენტის პარკი

პროექტის ავტორი: ტურენსქეიფ

მდებარეობა: ჩინეთი, ჰებეი, ჩინჰუანგდაო

წელი: 2007

ფოტო: ტურენსქეიფ

ეს პროექტი საპარკო და ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია. ფუნქციურის გარდა „წითელ ლენტს“ ესთეტიური და კულტურული ფესვების მქონე შინაარსი აქვს. რეგიონში წლის სხვა და სხვა დროს ბუნება რადიკალურ ცვლილებებს განიცდის. ყველა სეზონის განმავლობაში500 მეტრიანი „წითელი ლებნტი“ დინამიურ იერს ინარჩუნებს.

 

 

ხელოვნების სახლი

პროექტის ავტორი: FAT (Future Architecture Thinking)

მდებარეობა: პორტუგალია, მირანდა დო კორვო

წელი: 2013

ფოტო: იოაო მორგადო

ჩამოთვლილი პროექტებისგან განსხვავებით „ხელოვნების სახლი“ გაშლილ მდელოზე და დაბალი განაშენიანების გარემოცვაშია. მისი ფორმა მთების პანორამასთან შესაბამისობაშია, მაგრამ მათი სიმწვანის ფონზე შენობის სიწითლე მით უფრო გამოყოფილია და საკმაოდ დიდ არეალში მისი მნიშვნელობის აშკარა აქცენტირებას ახდენს.

 

 

სტატიაში წარმოდგენილი შენობები დანიშნულებით, ფორმით, ადგილითა და კიდევ ბევრი რამით განსხვავდებიან. მათში წითელი ფერიც სხვა და სხვა მიზნითა და ჩანაფიქრით არის გამოყენებული, ის თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულად მუშაობს.

მე ასე ვიტყოდი – წითელი, დინამიკის ბრწყინვალე ფერი!!!

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest