არქიტექტორებს ყველაფერი კარგად გამოსდით!

ნინოს ხელები ბავშვობიდან ვერ ისვენებდა. სულ რაღაცას აკეთებდა, პატარა სუვენირენბს, ინტერიერის აქსესუარებს, სანათებს – განსხვავებული მასალით, ტექნიკით, თემატიკით. კომპიუტერული ტექნოლოგიებით მდიდარ სამყაროში ნელ-ნელა სულ უფრო ძნელია იპოვნო რაღაც ადამიანის ხელით შექმნილი. ხელოვნების მრავალი დარგი უკვე ინტეგრირებულია უახლეს ტექნოლოგიებთან იმდენად, რომ უკვე ვერც კი წარმოგვიდგენია ამ ორი კომპონენტის განცალკევება.

ქაბზოს ნამუშევრები მასავით ხალიასიანი, ფერადი და პოზიტიური განწყობის მომტანია. იქ სადაც ფერის სიმრავლე არ არის, დომინირებს ბზინვარება რომელიც თვალს იზიდავს.

აქსესუარი თავისთავად დეტალია, ამიტომ ვფიქრობ მისი სწორად დეტალიზირება საკმაოდ რთულია. აქ ზომიერების შეგრძნება უმნიშვნელოვანესია, რადგან ნებისმიერი აქსესუარიცალკე აღებული საინტერესო ნივთი უნდა იყოს და ამავე დროს არ უნდა ჭამდეს პიროვნების გარეგნობას რომელიც მას ატარებს.

ნინო ჩანახატებს არასდროს აკეთებს. ის იდეის განხორციელებას პირდაპირ უდგება, რადგან ნივთის შექმნის პროცესში მუხტი მისთვის წამყვანია. მასალა თავისთავად განისაზღვრება იდეის კონტექსტიდან გამომდინარე.

ხშირად ეკითხებიან ნამუშევრები გასაყიდად ხომ არ ენანება. მიუხედავად იმისა რომ ხაზის პირველი ნიმუში არასდროს არის კონკრეტული პიროვნებისთვის განსაზღვრული მისი პასუხია – „არა“, რადგან ქაბზოსთვის სიამოვნებაა მის ნამუშევრებს სხვა და სხვა ადამიანები რომ ატარებენ და ამით ილამაზებენ გარეგნობას და განწყობას. აქსესუარი მესაკუთრეს და მესაკუთრე აქსესუარს თვითონ პოულობს. პირველი ცდა ყოველთვის ასეთია. სამკაულების დუბლირებას არასდროს აკეთებს. ყოველთვის ცვლის თითო მნიშვნელოვან ან უმნიშვნელო დეტალს, რითაც საბოლოოდ ნივთის მფლობელიც კმაყოფილი რჩება.

ქაბზო ცდილობს ნაკლებად იმუშაოს ნახევარფაბრიკატებით. მაგალიტისთვის „წიწაკები“ პოლიმერული თიხისგან სათითაოდ არის ნაძერწი. ის ცდილობს ესა თუ ის სამკაულის შესაქმნელად წარმოუდგენელი ნედლეულიც გამოიყენოს, ასეთია მთასვლელების თოკი, წყლის შლანგი ან კიდევ ფერადი დაწნული საქსოვი ძაფი.

ქართულ ბაზარზე არსებულ მაღაზიებს და კომპანიებს, რომლებიც ამ სეგმენტში მუშაობენ სკეპტიკურად უდგება. ურჩევნია თითქმის ჯადოსნური პროცესი იდეიდან ნივთის შეფუთვამდე და საბოლოოდ მის მფლობელთან მოხვედრამდე უფრო ინტიმური დარჩეს. მისთვის ეს დიდი სიამოვნებაა, ნამუშევრის ხელიდან ხელში გადაცემა.

სამომავლოდ საკუთარი საქმის მასშტაბის გაზრდას აპირებს და Qabzo-ს ბრენდად ჩამოყალიბებას. ზაფხულის ბოლოს ჩინეთში მიემგზავრება ახალი კულტურული და პროფესიული გამოცდილების მისაღებად. გეგმები საკმაოდ ბევრი აქვს და მათ განსახორციელებლად ბევრ მუშაობას აპირებს.

გამოფენის მოწყობის სურვილი არასდროს ჰქონია, მაგრამ ძალიან უყვარს როდესაც მისი ლამაზი კლიენტები Qabzo-ს სამკაულებში გამოწყობილები ფოტოებს იღებენ და მას უგზავნიან.

 

https://www.behance.net/Qabzo

https://www.facebook.com/Qabzo

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest