ია ქუთათელაძის შექმნილი Punkt სკამი ფინელი დიზაინერების: რუდი მერცისა და პიტერ შმიდის ვოქშოფის შედეგია, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ფინელი დიზაინერები ჩამოვიდნენ საქართველოში, მოხდა ვორქშოფის კონცეფციის განსაზღვრა და ხის მასალის მომზადება. მათ მეორე ჩამოსვლამდე ყველა მონაწილემ შექმნა სკამის იდეა, რომელიც შემდეგ ტუტორებთან ერთად დამუშავდა.

Punkt -ზე მუშაობის პროცესი განსხვავებული იყო იასთვის. არსებობდა კონკრეტული ხის მასალა და მას დიზაინის რამდენიმე ვერსია ჰქონდა. იდააფმა იას პროექტის შესახებ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

– კონკრეტულად რა მასალაა გამოყენებული და არის თუ არა ის ხელით დამუშავებული?

– იქიდან გამომდინარე, რომ ვორქშოფი ხის მასალაზე მუშაობას გულისხმობდა, ჩემი სკამი მასიური ხისგან არის შესრულებული. Punkt -ზე იმუშავა რუდი მერციმ, ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, ასე რომ ის მთლიანად ხელით არის დამუშავებული და სახელოსნოში, რომელიც გალერეა ნექტარში მცირე დროში აეწყო. ამიტომ, კონკრეტულად ეს პროტოტიპი განსაკუთებულად ღირებულია ჩემთვის.

– როგორ სივრცეში ხედავ Punkt სკამს?

– ვფიქრობ, ძალიან ფუნქციური სკამია და კომფორტულიცაა. მარტივია, მაგრამ მკაფიო ხასიათი აქვს, ამიტომ ბევრნაირ სივრცეს შეიძლება მოერგოს. მისი გადამრავლება საინტერესო გრაფიკულ ეფექტს შექმნის, რადგან მისი ფორმები საკმაოდ კონტრასტულია. ასევე ვფიქრობ, საინტერესო იქნება მისი სხვა და სხვა ფერსა და ფაქტურაში წარმოება.

– როგორია შენი სამომავლო გეგმები და რა მიმდინარე პროექტები გაქვს?
– ახლა განსაკუთრებით ტრანზიტული პერიოდი მაქვს, რადგან გერმანიაში ვგეგმავ საქმიანობის გაგრძელებას და გარკვეულწილად, ახლიდან უნდა დავიწყო ყველაფერი, რაც საქართველოში უკვე გავითავისე. ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი მაქვს, რამოდენიმე პროექტზე ვმუშაობ ერთდროულად. მალე დავასრულებ ახალი პროდუქტის კოლეციაზე მუშაობას, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. იმედია ყველაფერი ისე გამოვა როგორც წარმომიდგენია.

ია ქუთათელაძის სხვა ნამუშევრებს გაეცანით აქ- IAAI

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest