ამ სტატიის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ინტერნეტში მოძიებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დიზაინი მომეწონა, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებულს არ ვგულისხმობ. თითოეული მათგანი განსხვავებული და სიახლის შემომტანია არქიტექტურასა და დიზაინში. რამდენიმე დღის წინ კი, თბილისში სეირნობისას ამ პრობლემას პირადად გადავაწყდი, როდესაც ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში შეგვაწუხა, გარშემო, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნა არც ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო, ამიტომ საჭირო გახდა კერძო დაწესებულებით სარგებლობა. მაგრამ სანამ ამ კონკრეტულ პრობლემას შევეხებით, მოდი, ჯერ ზოგადად საზოგადოებრივ საპირფარეშოებზე ვისაუბროთ.

მათ აქტიურად აშენებდნენ ანტიკური პერიოდის რომში, მაგრამ შუა საუკუნეებიდან ისეთი სიხშირით აღარ ვხვდებით, თუ რამდენიმე მათგანს არ ჩავთვლით ფრანკფურტში, ლონდონსა და ბაზელში. XIX საუკუნის დასაწყისში უკვე ევროპის დიდმა ქალაქებმა დაიწყეს მათი დადგმა: პირველად პარიზში გამოჩნდა, შემდეგ 1820 წელს ბერლინში და ლონდონში 1851 წელს.

ბევრი ტერმინია, როგორც ქართული, ისე უცხოური, რომელიც საზოგადოებრივ საპირფარეშოს აღნიშნავს. ეს არის ოთახი ან პატარა შენობა, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ტუალეტს, რომლით სარგებლობაც ყველას შეუძლია. როგორც წესი, საპირფარეშოები გაყოფილია სქესის მიხედვით, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში უფო და უფრო ხშირად შევხვდებით მათ სეგრეგაციის გარეშე, რაც საზოგადოებისგან წამოსული მოთხოვნებითაა განპირობებული. მაგალითად, ქალთა განყოფილებაში ხშირად არის პატარა მაგიდა ჩვილებისთვის საფენების გამოსაცვლელად. კაცებთან ასეთი მაგიდა არაა და მარტოხელა მამები პრობლემას აწყდებიან. საერთო საპირფარეშოს არსებობა საჭირო გახდა უნარშეზღუდული პიროვნებებისთვისაც, რომელსაც საპირისპირო სქესის მომვლელი ყავს, ასევე ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, რომლებიც სეგრეგირებული საპირფარეშოთი სარგებლობის შემთხვევაში შეიძლება დაცინვის, ზეწოლის მსხვერპლი გახდნენ.

საზოგადოებრივ ტუალეტებს ბევრგან შევხვდებით, იქნება ეს რკინიგზის სადგური, პარკები, საფესტივალო ადგილები და ა.შ. მათ შეიძლება ჰყავდეს ან არ ჰყავდეს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დანიშნული დამლაგებელი, რომელსაც ზოგ შემთხვევაში, იქვე, პატარა ოთახიც კი აქვს. ბევრგან მიღებულია, რომ აქ მომუშავე პირს მომხმარებელი ფულს უხდის.

თანამედროვე საზოგადოებრივ ტუალეტებს ხშირად უკარო შესასვლელები აქვს (არ ვგულისხმობ უკვე შიგნით არსებულ კაბინებს), რაც ზრდის ვიზუალურ კონფიდენციალურობას და უსაფრთხოების შეგრძნებას ხმის თავისუფალი მოძრაობის გამო, ასევე ხელს უშლის ვანდალებს, რადგან დიდია ადგილზე წასწრების შანსი. კარის არქონა ნაწილობრივ დაავადებების გავრცელებასაც უშლის ხელს. იგივე მიზეზით გვხვდება სენსორებზე მომუშავე აპარატურაც, შესაბამისად, ხალხს ნაკლებად უწევს სხვადასხვა ზედაპირზე შეხება.

შეიძლება საპირფარეშოების აშენება კერძო კომპანიამ აიღოს საკუთარ თავზე, რის შედეგადაც შეუძლია არსებულ სივრცეში, რომელიც მის საკუთრებას წარმოადგენს, რეკლამა განათავსოს. ასევე, გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება კონკურსს აცხადებს შენობის დიზაინის შექმნაზე და შედეგად სახალისო, ორიგინალურ ქმნილებებს იღებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

 

უკვე რამდენიმე წელია ჰიროშიმას პარკებში 17 განსხვავებული ფერის საზოგადოებრივი საპირფარეშო გამოჩნდა. დიზაინის შემქმნელებმა, იაპონელმა არქიტექტორებმა Future Studio-დან გადაწყვიტეს, შენობები ორიგამის წეროებისთვის მიემსგავსებინათ. აშენებულია მთლიანად ბეტონისგან, წრიული ფანჯრებითაა დამშვენებული და გამოყენებული საღებავი მოსავლელად ადვილია. შენობის სახურავს სამკუთხედის ფორმა აქვს, დახრილია და ზედა კუთხე ჩრდილოეთისკენაა მიმართული. ფანჯრები სინათლის მშვენიერი წყაროა დღისით, ხოლო ღამით ხელოვნური განათებაა ჩართული.

 

 

არქიტექტორებმა ახალი ზელანდიიდან ველინგტონში შექმნეს უთავო დინოზავრების ფორმის საზოგადოებრივი საპირფარეშო. ორი შენობის სახურავი წითელი ფერის რკინის ჯავშნითაა დაფარული და თითოეული მათგანი ერთ ტუალეტის კაბინას შეიცავს. არქიტექტორები თვლიდნენ, რომ ეს ადვილად შესამჩნევი, ორიგინალური შენობები ქალაქის კონტექსტში ზუსტად ჯდებოდა და ადვილად დასამახსოვრებელი იქნებოდა სხვებისთვის.

 

 

ჰოლანდიურმა ფირმა, Lagado Architects-მა შექმნა დროებითი საზოგადოებრივი საპირფარეშო ღია განყოფილებებით სახურავში, სადაც „შეგიძლია იჯდე და ცას უყურო“. ღია სახურავი ბუნებაში ყოფნის ილუზიას ქმნის და ვენტილაციის მშვენიერი საშუალებაა. მუქმი მწვანე შენობა საზაფხულო პროგრამის ფარგლებში იყო შექმნილილ და სათამაშო მოედანზე განთავსებული, შედგება ორი განყოფილებისგან უფროსებისთვის და ბავშვებისთვის. მისი დაშლა და გადაადგილება ძალიან ადვილია. დიზაინერებს უნდოდათ, რომ ბუნებასთან სიახლოვის, ტექნოლოგიისგან თავისუფალი განცდა შეექმნათ.

 

როგორც ვხედავთ,საზღვარგარეთ ბევრი რესურსი იხარჯება ისეთი, თითქოს და უბრალო რამის ასაშენებლად, როგორიც საზოგადოებრივი ტუალეტია. სამწუხაროდ, საქართველოს მსგავსი ანალოგები არ გააჩნია. არა თუ დიზაინზე, მის მოვლა-მოწესრიგებაზეც კი იშვიათად ზრუნავს ვინმე – ყოველი შესვლის წინ ლოცულობ მხუთავი აირებით არ გაიგუდო, ან სხვა რამე უბედურებას არ გადააწყდე. რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებრივ საპირფარეშოზე არ ვსაუბრობ, მაგრამ უმეტესობა ასეთ მდგომარეობაშია. ეს შენობები ვანდალიზმის მსხვერპლნიც არიან, რადგან მოქალაქეებს არ გვაქვს გაფრთხილების კულტურა.

მართალია, ქალაქში უამრავი რამეა გამოსასწორებელი, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, ხელისუფლებას ამაზეც ეზრუნა; ააშენოს სრულყოფილად, ყველა სტანდარტის შესაბამისად ფუნქციონირებადი საზოგადოებრივი საპირფარეშოები, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, ნებისმიერ დროს. საზღვარგარეთის მსგავსად ჩვენც გამოვაცხადოთ კონკურსი დიზაინის შექმნაზე და პარკები გამოვაცოცხლოთ სახალისო, დასამახსოვრებელი შენობებით. მათი მოვლაც არ უნდა დაგვავიწყდეს, თორემ ფუჭი იქნება ყველა ეს მცდელობა.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest