PRESS PLAY კიდევ ერთი საინტერესო ვორქშოფია, რომელიც ბულგარეთში EASA 2014- ის ფარგლებში ჩატარდა. პროექტმა ინტერესს იწვევს კონცეფციით: „თამაშები და თამაში“, რომელიც მონაწილეების მიერ საკმაოდ შთამბეჭდავად იქნა განვითარებული. ჩემი პირველი შეკითხვა ავტორთან კონცეფციის ბაზას უკავშირდებოდა და მასზე პასუხი მოსალოდნელზე ბევრად უფრო ღრმა აღმოჩნდა. „თამაში ყოველთვის იყო კულტურული ყოფის განუყოფელი ნაწილი. ბავშვები თამაშობენ ფიზიკური განვითარებისათვის და გონებრივი უნარჩვევების გაუმჯობესებისათვის, მაშინ როდესაც ზრდასრულები თამაშობენ შემოქმედებითი და სოციალური მიზნებისათვის… ყოველი თამაში ყვება ისტორიას, სად და როდის მოხდა ის.“ მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს სამი ჯგუფი, თითოეულმა წარმოადგინა აბსტრაქტული შემოთავაზება არქიტექტურული ობიექტის სახით და შექმნა კონცეფციის პროტოტიპი. ყოველი არქიტექტურული შემოთავაზებისთვის ადგილი ქალაქის არქიტექტურისა და ბულგარეთის ისტორიის შეგრძნების და გააზრების საფუძველზე, იქნა შერჩეული.

თამაში შეჯიბრი

პროტოტიპი: თამაშში ორი მონაწილეა, თითოეულის მიზანია ღილაკზე მრავალჯერადი დაჭერით სინათლე მოწინააღმდეგის მიმართულებით მიმართოს. თამაში სრულდება მაშინ, როდესაც ანთებული ნათურა ერთ ერთი მოთამაშის ბაზას აღწევს.
არქიტექტურული შემოთავაზება: მიტოვებული საბჭოთა ხიდი ქალაქ ველიკო ტარნოვოში, უფრო სწორად კი მის იერსახეში მსუბუქი განათებით ჩარევა. მართული სანათების სექციები ინთება მაშინ, როდესაც ხიდის მოაჯირს ადამიანი შეეხება. მონაწილეების მიზანია დაიცვან და გაამყარონ საკუთარი პოზიცია ხიდზე მდინარე იანტრას გადაკვეთისას. იდეა ბულგარეთის არქიტექტურის წარსულში მიმდინატე პროცესების გამოძახილს წარმოადგენს.

გუნდური თამაში

პროტოტიპი: სამ საყრდენზე დამაგრებულია მატერიის ნაჭერი, რომელზედაც თავის მხვრივ ბურთია მოთავსებული. მატერიის სიბრტყის თითოეული კუთხე მოძრაობს ვეტიკალურად ზემოთ და ქვემოთ, რაც დამოკიდებულია დისტანციაზე მოთამაშესა და მას შორის. თამაში სრულდება მაშინ, როდესაც ბალანსი ირღვევა, მატერიის სიბრტყე კარგავს ჰორიზონტალურ მდგომარეობას და ბურთი ძირს ვარდება.

არქიტექტურული შემოთავაზება: სინათლის-სივრცის მოდულატორი მდინარე იანტრას კაშხლზე მიტოვებული საბჭოთა ქარხნის ძრავებისთვის განკუთვნილ სექციაში. ობიექტზე დარჩენილი კოროზირებული მექანიზმების ნაწილები აღმოსავლეთ ევროპის იმ დროისათვის ტექნოლოგიური განვითარების პიკზე მყოფი საინჟინრო პროექტების ჩონჩხია.სინათლის სივრცის მოდულატორი საშუალებას აძლევს ვიზიტორებს მონაწილეობა მიიღონ ჩრდილების თეატრის წარმოდგენაში, ქმნის რა ახალ მექანიკურ სივრცეებს და მათი ჩრდილების პროექციას.

თამაში მოთამაშის გარეშე

პროტოტიპი: სინათლით მართული რობოტები, დაფუძნებული ვალენტინო ბრაიტენბერგის ნაწარმოებზე – მანქანები (1986).

არქიტექტურული შემოთავაზება: ქალაქ ველიკო ტარნოვოში ასობით პატარა მარტივი ფუნქციის მქონე და სინათლით მართული რობოტის განთავსება. იდეის განვითარებას თვით EASA-მ და მისმა შინაარსმა მისცა ბიძგი. ის ფესტივალის, მასშტაბით შემცირებული, მოდელია და ასახავს იმას თუ როგორ შეუძლია 500 ადამიანის აქტივობას მთელი ქალაქის ცხოვრების რითმი შეცვალოს.

ამ სამიდან ყველაზე არაჩვეულებრივად თამაში მოთამაშის გარეშე მომეჩვენა, რადგან ჩვეულებრივ ნებისმიერი თამაში მოთამაშეთა გარკვეულ რაოდენობასთან ასოცირდება, ერთიდან ასამდე ან შესაძლოა მეტიც. შთაგონება ვალენტინო ბრაიტენბერგის „მანქანებიდან“ და ბრიტანელი მათემატიკოსის, ჯონ ქონვეის „სიცოცხლის თამაში“-დან წამოვიდა. ეს იყო კომპიუტერული თამაში რომელშიც მხოლოდ საწყისი პარამეტრების შეყვანა იყო შესაძლებელი, რის შემდეგაც ის თავად ასრულებდა პროცესს. შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული, მაგრამ გაურკვეველი და ეს ნამდვილადიყო თამაში მოთამაშის გარეშე.

თითოეული იდეისათვის ღერძს მოთამაშეთა რაოდენობა და მათ შორის დამოკიდებულება წარმოადგენს. შეჯიბრი, გუნდური თამაში და თამაში მოთამაშის გარეშე ასახავენ ვორქშოპის მონაწილეებს და ზოგადად ადამიანებს შორის არსებული კავშირების ტიპებს. გუნდს განსაზღვრული ჰქონდა, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან და ინტერაქტიული არქიტექტურაზე ექპერიმენტების გზით უნდა ემუშავა, მაგრამ პროექტი უფრო საინტერესო გახადა იმ ფაქტმა, რომ ის მეტწილად იმპროვიზაციის შედეგია. ნაწილები აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო მიზანი აქვთ – გვაჩვენონ და ასახონ პროცესი, რომელსაც უბრალოდ ცხოვრება ჰქვია.

Press Play -ის საბოლოო პრეზენტაციის ვიდეო, სადაც ვოკშიფის კონცეფცია უფრო ნათლად ჩანს, იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=DYeHK7KCoVo

პროექტის ავტორები:

უილიამ ბონდინი (Interactive Architecture Lab, ლონდონი) და სტეფანი ვუშიცი.

მონაწილეები:

თამაში შეჯიბრი: მარიუს კოსტან, ალი ქან ეროლ, ვერონიკა სმეტანინა, პეტრა ილიევიჩ

გუნდური თამაში: ანდრეა ზეფარა, ჯეიმს დინგლი, ჯასტინ კოპინი

თამაში მოთამაშის გარეშე: კიპრას კაზლაუსკას, მორტა პილკაიტე

პროექტს მხარს უჭერდა SmartFabLab სოფია

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest