სხვა ქვეყნების პავილიონებისგან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკა ჰქონდა წამოწეული პოლონეთს. პავილიონი შედგებოდა მეტალის ხარაჩოებს შორის განთავსებული ეკრანებისგან, სადაც გადიოდა განსხვავებული ვიდეოები სამშენებლო მოედნებიდან. ხარაჩოების კომპოზიციას მთელი ოთახი ეკავა. ვიდეოებში მძაფრად იყო გადმოცემული მშენებლობაზე მომუშავე ხალხის ყოფა, იქ მიმდინარე მოვლენები და ყოველდღიური რისკები, რასთანაც მათ უწევთ დაპირისპირება. ვიდეოებში თვითონ იქ მომუშავე ადამიანები საუბრობენსირთულეებზე, ყვებიან რა გზას გადიან ყოველდღიურად მშენებლობაზე, რა რისკებთანაა დაკავშირებული სიმაღლეზე, ჰაერში გამოკიდებული მუშაობა, საძირკვლის ჩასხმა, კოლონების მოპირკეთება, იატაკის ფილების დაგება და ა.შ.

პავილიონის მეორე სივრცეში კედელზე ადამიანის ფიგურებია გამოსახული. გრაფაზე ნაჩვენებია მშენებლობის პროცესი დასაწყისიდან ბოლომდე.

პოლონეთმა ყურადღება გაამახვილელა ისეთ მნიშველოვან ფაქტებზე, როგორიცაა მშენებლობებზე ემიგრანტების დასაქმება და ზოგადად მათთან დაკავშირებული საკითხები, აუნაზღაურებელი ზედმეტი საათები, სახიფათო სამუშაო გარემოდა ა.შ.

პოლონეთის მიერ წამოწეული ეს თემა უცხო არ არის საქართველოსთვისაც. ერთი თვეც არ გასულა რაც ორი მუშა დაიღუპა სხვადასხვაკონსტრუქციაზე მუშაობისას თბილისში და ამას გარდა, ქვეყანაში არსებული სიტუაცია მშენებლობებზე დიდი ხანია უკონტროლოა. სახელმწიფო ვერ იცავს იქ მომუშავეების უფლებებს, ცხადია მათი კვალიფიკაციასა და პროფესიულ ზრდაზე საუბარიც ზედმეტია.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა საშუალო და დაბალი განვითარების ქვეყნებში, მშენებლობაზე მუშაობა სასიცოცხლო რისკებთანაა დაკავშირებული. პოლონეთის მიერ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, როდის მოხდება სახელმწიფოების მხრიდან ამ საკითხებით დაინტერესება, რადგან დღეს ადამიანები აღარ უნდა რისკავდნენ სიცოცხლეს არქიტექტურისთვის, დამცავი ბერკეტები ყველა ქვეყნისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ზოგადად, ამ თემას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.

საბოლოო ჯამში არქიტექტურა ადამიანებისთვის იქმნება და როგორც ურუგვაის პავილიონის მთავარი ფრაზა ამბობს: „არქიტეტურის მნიშვნელობას მაშინ გავიაზრებთ, როდესაც ჩვენი სიცოცხლე მასზე იქნება დამოკიდებული“.

როგორც კურატორების განცხადებაში ვკითხულობთ:

პოლონეთის პავილიონი ზუსტად პასუხობს წლევანდელი ვენეციის არქიტექტურული ბიენალეს თემას „Reporting from the Front(რეპორტაჟი ფრონტიდან), ეხება რა არქიტექტურის ყველაზე ნაკლებად წარმოჩენილ მონაწილეებთან, მშენებლებთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებს. შრომის პირობები, არასაკმარისი პატივისცემა და უბედური შემთხვევები სამშენებლო ლოკაციებზე საერთო პრობლემაა მთელი მსოფლიოს სამშენებლო ინდუსტრიაში, მაგრამ ეს სირთულეები ხშირად შეუმჩნეველი რჩება ვადების, ბიუჯეტისა და საზოგადოების მხრიდან ახალი ფართების მოთხოვნის გამო. კურატორმა Dominika Janicka-მ Martyna Janicka-სა და Michał Gdak-სთან ერთად პავილიონში სრულმასშტაბიანი სამშენებლო კონსტრუქცია შექმნა და გვეკითხება – რატომ არ აქვს შენობებს „სამართლიანი ვაჭრობის“ (fair trade) ნიშნები?

ამ გამოფენის კურატორები თვლიან, რომ მშენებლობები არქიტექტურის ფრონტს ჰგვანან; იგი ნებისმიერი პროექტის ფიზიკურ მანიფესტაციაა და ტექნოლოგიის განვითარების მიუხედავად წამყვან ძალას მაინც ფიზიკური შრომა წარმოადგენს. არქიტექტურული დისკურსში მუშათა წვლილი არ ჩანს და სამშენებლო პროცესების წინასწარმეტყველება ისევ შეუძლებელია. კონსიუმერულ საზოგადოებაში ხალხს შოკოლადის დამზადების სტანდარტები უფრო აღელვებს, ვიდრე შენობები და ადგილები, რომელიც თანამედროვე საზოგადოებას ქმნის. ამ გამოფენის ფოკუსი სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები და უშუალოდ ჩართული პირების შეხედულებებია.

Giardini-ში განთავსებული პავილიონი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ძირითადი ნაწილი ხარაჩოების კომპოზიციისგან შედგება, რაც პირდაპირ ფიზიკურ კავშირშია სამშენებლო ლოკაციასთან. ეკრანებზე ერთდროულად გადის ვიდეოები მშენებლობებზე მომუშავეთა შესახებ და თითოეული მათგანის ფოკუსი ამ ინდუსტრიის სამუშაო პირობების საკვანძო საკითხები და მშენებლობის მახასიათებლებია. გამოფენის მეორე ნაწილი ინვესტორის შოურუმს მოგვაგონებს და ინფოგრაფიკების დახმარებით სამშენებლო ინდუსტრიას ციფრებში გვაჩვენებს.

გამოფენის კურატორი Dominika Janicka ამბობს: „მშენებლობის პროცესში უშუალოდ ჩართული პიროვნებების ისტორიების გადმოცემით ჩვენ ვსვამთ საკითხს: შესაძლებელია თუ არა ამ სფეროში „სამართლიანი ვაჭრობის“ მიღწევა. თუ კი, როგორი იქნება ის? ზოგადად შესაძლებელია „სამართლიანი ვაჭრობა“? ჩვენ არ ვფოკუსირდებით მშენებლობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირის პოვნაზე. ამის ნაცვლად ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ გავხადოთ ეს პროცესი ეფექტური და ასევე სამართლიანი“.

დასრულებული პროექტის წარდგენის ნაცვლად გამოფენის კურატორები იმედოვნებენ, რომ მათი ნამუშევარი დებატებს წამოიწყებს ინდუსტრიის ამ იგნორირებული სექტორის გარშემო და ამ პროცესში არქიტექტორებს, ინჟინრებს, დეველოპერებსა და მომხმარებლებს ჩართავს.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest