ლუიზა ჩალათაშვილი თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომელსაც ქართველი ფოტომოყვარულები „ქოლგის“ ფოტოკონკურსიდან იცნობენ. უყვარს ფერებისა და ფაქტურების გადაღება, საყვარელი ობიექტებიდან კი სკამებს გამოყოფს, რადგან ყველაზე ხშირად იღებს მათ; როგორც აღმოჩნდა, ქართველი ფოტოგრაფებიდან მის განსაკუთრებულ სიმპათიას ლევან კაკაბაძე და ნატა სოფრომაძე იმსახურებენ. იდააფთან საუბრისას ლუიზამ აღნიშნა, რომ „ფოტომ ემოცია უნდა აღგიძრას ან თვალს უნდა გაუხარდეს“.

 

ლუიზამ მაისში კუნძულ კრეტაზე იმოგზაურა და სრულიად განსხვავებულ, ფერად სამყაროში ამოყო თავი, სადაც ზღვა განსაკუთრებულად ლურჯია და ადვილად შეიგრძნობ უსაზღვრო სივრცეს, რომელიც სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს; ქუჩებში ძირითადად დაბალ სახლებს შეხვდები, მოსახლეობა ზედმიწევნით უვლის მათ და შედეგად თითოეულ მათგანს თავისი მწვანე საფარი აქვს. ფოტოებიდან ადვილად მიხვდებით, რომ ლუიზას ურთიერთობა გარემოსთან უფრო ჰქონდა, ვიდრე ადამიანებთან; როგორც ფოტოგრაფმა იდააფთან საუბრისას აღნიშნა, კრეტა მისთვის ლურჯ და მოყვითალო კრემისფერთან ასოცირდება.

ფოტოებში თბილი და ცივი ფერების სინთეზი, ფორმების ერთობლიობა, ბუნება და ხელოვნურად შექმნილი გარემო ერთმანეთს თანმიმდევრობით ცვლიან. ყველა ფოტო თავისებურად დინამიურია, ხოლო ფერთა გამა წყნარი. ფოტოების ნახვის შემდეგ ჩნდება ასოციაცია, რომ ფოტოგრაფმა სიმშვიდე ამ ყველაფერში ბევრი ემოციის ერთობლიობით გადმოსცა.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest