ეს ლაბირინთისებრი, ათი ურთიერთმკვეთი ცილინდრისგან აგებული პავილიონი, 2016 წლის ვენეციის არქიტექტურული ბიენალესთვის ჩილელმა არქიტექტორებმა, მაურისიო პესომ და სოფია ფონ ელრიქსჰაუზენმა შექმნეს. თითოეული ცილინდრი ერთ დანარჩენს მაინც ეხება, რაც ღია სივრცეების კომპლექსურ ქსელს ქმნის.

ავტორებმა პროექტი დაახასიათეს, როგორც „ექსტერიერთა სერია სხვა ექსტერიერებში“, რომელმაც ვიზიტორებში შეგრძნებისმიერი განცდები უნდა გამოიწვიოს.

მაურისიო პესოს სიტყვებით „ის ერთდროულად ძალიან კონცეპტუალურიცაა და ინტელექტუალურიც, ამავდროულად, შეგრძნებისმიერი და სხეულებრივიც. ცდილობ, გაიგო ყველაფერი რასაც ხედავ, მაგრამ ამავდროულად შეიგრძნობ და ყნოსავ, გიჩნდება განცდები, რომელსაც ვერ გაექცევი“.

შეიძლება ითქვას, რომ პავილიონი ერთგვარი გაგრძელებაა ავტორთა წინა პროექტისა Infinite Motive Project, რომელიც ასი ურთიერთმკვეთი ცილინდრისგან აგებულ მეგასტრუქტურას წარმოადგენს; მისგან განსხვავებით, Vara Pavilion-ის თითოეული ცილინდრი განსხვავებულია და თითოეული მათგანის რადიუსის ერთეული უძველეს საზომ ერთეულ ვარაზე რეფერენციაა. ვარას ესპანელები კოლონიალური მიგრაციის პერიოდში იყენებენენ შეერთებულ შტატებში და ის ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე არაზუსტი საზომი. „მისი ზომა 64-დან 94 სანტიმეტრამდე მერყეობდა, შესაბამისად, თუ კვარტალს გაზომავთ, ზოგ ქალაქებში ის 90 მეტრია, ზოგში კი 120“, – ამბობს პესო.

ფოლადის ჩარჩოს მქონე ყველა ზედაპირი მობათქაშებულია და გამოყენებული ხელსაწყოების მიერ დატოვებული ზოლები ემჩნევა, შემდეგ კი მდიდარ, მოლურჯო-მომწვანო ფერშია შეღებილი.

ავტორები ირწმუნებიან, რომ მასალები სრულიად შემთხვევითია და მიუხედავად უზუსტესი გეომეტრიული გამოთვლებისა, კონსტრუქცია შეიქმნა განცდების გამოსაწვევად და არა აღსაწერად. არქიტექტორთა ურყევი პოზიცია ისაა, რომ ნამუშევარს, არქიტექტურას ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს, რომ დღეს, როცა სამყარო უამრავი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებითაა დაბნეული, არქიტექტურის მიზანი, ბუნებას, დროსა და ადამიანებს შორისდავიწყებული კავშირის აღდგენა უნდა იყოს.

მაურისიო პესომ და სოფია ფონ ელრიქსჰაუზენმა თავიანთი არქიტექტურული სტუდია 2002 წელს ჩილეში დააარსეს. Vara Pavilion ვენეციის ბიენალეს ფარგლებში სხვა პავილიონებთან ერთადაა წარმოდგენილი და დამთვალიერებლებს მისი ნახვა 2016 წლის 27 ნოემბრამდე შეეძლებათ.

 

 

ავტორი: ნუკა ზურაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest