თეატრი და კინო თავად არის წარმოსახვითი რეალობა, მოქნილი და ამავდროულად კონკრეტულ სიუჟეტზე მიბმული, ამიტომ ამ აბსტრაქტული სამყაროსთვის ხელშესახები სივრცის შექმნა განსაკუთრებულ გონს, ინტუიციასა და ნიჭს მოითხოვს. დღევანდელი ორშაბათის ინსპირაციის მთავარი გმირი პეტრე ოცხელი ყველა ამ და კიდევ სხვა მრავალი დადებითი პროფესიული თვისებით გამოირჩევა.

პეტრე ოცხელი ქართული სცენოგრაფიის, როგორც პროფესიული დარგის ფუძემდებელია.

მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობებიც საინტერესოა. ის წიგნის ან პიესის სიუჟეტსაც კი გავს. პეტრე ქუთაისში დაიბადა. 1914 წელს მისი შეძლებული ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და პეტრე ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. მის დედას ხშირად დაჰყავდა პეტრე და მისი და-ძმა თეატრში, სავარაუდოდ მაშინ დაიპყრო ამ სამყარომ მხატვარი. ბავშვობაში მუყაოსგან ჭრიდა და ქმნიდა პატარა დეკორაციებსა და ფიგურებს. წარმატებას მან მცირე ასაკში მიაღწია, 1907 წელს დაბადებულ ხელოვანს 1920-იან წლების ბოლოს უკვე მრავალი სპექტაკლის სცენისა და კოსტიუმის დიზაინი ჰქონდა შექმნილი. პეტრე თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო როდესაც პირველი დადგმა გააფორმა და ეს ნამუშევარი კოტე მარჯანიშვილმა შეამჩნია. ისინი ერთად აქტიურად მუშაობდნენ ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში, ასევე თბილისისა და მოსკოვის იმ დროისთვის გავლენიან თეატრებში.პეტრე პროგრესულად მოაზროვნე პიროვნება იყო და სოციალურად აქტიური. 1937 წელს მას ბრალი დასდეს მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში და როგროც ჩვეულებრივ სტალინური რეპრესიების დროს ხდებოდა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

მხატვრის პირადი ცხოვრების შესახებ ბავშვობის შემდეგ, თითქმის არაინაირი ცნობები არ დარჩა, თუმცა ასეთი თავგადასავლებით სავსე კარიერის შევსება პირადული ისტორიით საკუთარი ფანტაზიის მეშვეობითაც არ არის რთული.

გადავიდეთ უშუალოდ ნამუშევრებზე.

ქართული მოდერნიზმის გამორჩეულ წარმომადგენელს, სცენის სივრცის სწორად და გააზრებულად აღქმის უნარი და ნაწარმოების არისის წვდომა უდავოდ შეეძლო. ამ უნარებთან გაერთიანებული მისი სახვითი ნიჭი, შედეგის სახით გენიალურ ნამუშევრებს გვაძლევს. სასცენო დეკორაციის შემთხვევაში, მისი ორგანიზება და დაგეგმვა არქიტექტორისთვის დამახასიათებელი გონივრულობით და გათვლით არის შესრულებული. გარდა მისი ვიზუალურად მომგებიანი სურათისა, დეკორაციის სტრუქტურა ყოველთვის გააზრებული და ლოგიკურად დალაგებულია. ფერთა გამა, სპექტაკლის თუ ფილმის არსიდან და კონკრეტული სცენის განწყობით არის განპირობებული, თუმცა მის ესკიზებში ის ყოველთვის დაბალანსებულია. განათება აუცილებლად გათვალისწინებულია ოცხელის თითოეულ ნამუშევარში, სწორედ ამიტომ მათი დიდი წილი შავ ან სხვა მუქ ფონზეა შესრულებული, კონკრეტული მიმართული შუქის გათვალისწინებით. ხაზი აუცილებლად კონკრეტული და მკაფიოა.

რაც შეეხება კოსტიუმებს, პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ არა სამოსს, არამედ ადამიანის ფიგურის გამოსახვის ტექნიკას. პლასტიკა ყოველთვის გმირის ხასიათის ადეკვატურია. თავად სხეული არ არის ძალიან უტრირებული, მხოლოდ მისი მოძრაობის ხარჯზე იქმნება შესაბამისი ეფექტი. ოცხელის დახატული პერსონაჟები გამოწყობილები სხვა და სხვა კოსტუმებში, მაგალითად „ფრთოსანი მღებავი“ კინო ფილმიდან ან „ოტელო“ თეატრალური დადგმიდან, შეგვიძლია თანამედროვე ჰოლივუდური კინოს სუპერ გმირებსაც კი შევადაროდ. ხასიათითა და მუხტით ისინი ისეთივე ენერგეტიკით ხასიათდებიან, რაც მიუთითებს იმაზე თუ რამდენად პროგრესული იყო მისი ეპოქისთვის პეტრეს ხელოვნება.

გრაფიკოსი XX საუკუნის დასაწყისის თბილისში მოღვაწეობდა, ქალაქში რომელიც ავანგარდული ხელოვნების ცენტრი იყო. ეს ის დროა, როდესაც მხატვრები ფოტოგრაფიის აღმოჩენასთან ერთად თავისუფლდებიან ფორმალურობისგან. ეს ლადო გუდიაშვილის, კირილე ზდანევიჩის ფიროსმანის და ელენე ახვლედიანის დროა.

პეტრე ოცხელის ნამუშევრების დიდი ნაწილი ხელოვნების სასახლეში – საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest