2017 წელს, ქართული მოდერნიზმისა და სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული, ალბათ „პროექტი 12“იყო, სადაც 12-მა მიწვეულმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის შემოქმედება თავიდან გადაიაზრა და მას ახალი გამოვლინება უპოვა.

ხელოვანებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების თავიაანთი ალტერნატიული ხედვა სხვადასხვა ტექნიკებში წარმოადგინეს: ციფრული ხელოვნება, ნეონის ნათება, ვიდეო არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშავარი არქიტექტორ გიგი შუკაკიძის (WUNDERWERK) პავილიონია, რომელიც პეტრე ოცხელის ფორმების არქიტექტურული გადააზრებაა. პავილიონის დიზაინი ერთმანეთთან კიბით დაკავშირებული სამი წრიული სიბრტყეა, რომელიც მზადაა მრავალფეროვანი ფუნქციები შეითვისოს, იქნება ეს მოსასვენებელი ზონა, ღია კინოთეატრი, ბელვედერი, სავარჯიშო, სადღესასწაულო თუ პერფორმანსების სივრცე.

 

ავტორისგან:

პეტრე ოცხელის ფენომენის გააზრება მუდმივად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დროის სახელოვნებო თუ გამოყენებით სივრცეში. მისი ბუნება უღრმავდება შინაგან დეკორს, რომლის გარეთ გამოტანით ხდება ამ ფორმებით გამოვლენილი მონუმენტურობის განცდა.

ის შესაძლებელს ხდის ადამიანის სხეული, მის შემომსაზღვრავ ძირითად ფენებთან ერთად (სამოსი, შენობა, ქალაქი…) ქმნიდეს ახალ სინთეზურ ფორმას, რომელიც მას დამოუკიდებელ დინამიკას ანიჭებს. ამ პავილიონის შექმნის მთავარი იდეაა, რომ მან გააგრძელოს ფუნქციური აქტივობა და იყოს მუდმივი მიძღვნა პეტრე ოცხელის სახელისთვის. ჩემს ინსტალაციაში ოცხელის ესკიზის ინსპირაციით გაცოცხლდა ახალი ინტერაქტიული და ფუნქციური ობიექტი.

ოცხელის შემოქმედება გამოირჩევა პრიმიტიული, საწყისი არქეტიპული ფორმებით, რომლებსაც მრავალი სხვა ახალი გამოყენების და ხელახლა გააზრების უნარი აქვთ თანამედროვე გარემოში. კვლევის შედეგად შევარჩიე სპექტაკლის “მუნჯები ალაპარაკდნენ” (1932 წ.) დეკორაციის ესკიზები, რომელშიც ერთი ფორმით საკმაოდ მოქნილად არის წარმოდგენილი სხვადასხვა განზომილებები და მოქმედებები. იგივე აბსტრაქტულ დისკოსებრ კონტურებს შეუძლიათ ახალი შინაარსით ქალაქის გარემოში ჩართვა.

პავილიონის სტრუქტურა სამ სხვადასხვა წრიულ ზედაპირზე განცალკევებითი ფუნქციები გააჩნია: თეატრი, საგამოფენო სივრცე, კინოთეატრი, ბელვედერი, სავარჯიშო, სადღესასწაულო და ა.შ.

სტრუქტურის ადგილმდებარეობად შერჩეულია ლისის ტბის მიმდებარე ტყე. აქ არსებული უდაბური გარემო ფანტავს ორიენტაციის განცდას და პავილიონის სილუეტის აღქმაც შემთხვევითი და ცვალებადი ხდება.

პავილიონს არ გააჩნია ფიზიკური საზღვრის „შიდა/გარე“ ფენომენი და მხოლოდ წრიული კონტურით ამძაფრებს მასზე მოქმედებას. ობიექტი ბეტონისაა, რაც ვფიქრობ, მას მონუმენტურ და დრამატულ იერს ანიჭებს.

 

პროექტის კურატორები: ნინა ახვლედიანი, ნინა პატარიძე

ტექსტი: ნანუკა ზაალიშვილი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest