ნორვეგიაში, Allmannajuvet-ის თუთიის ისტორიულ მაღაროსთან გამავალ ტურისტულ ბილიკზე მოსასვენებელი შენობები გამოჩნდა. მათი დიზაინი ლეგენდარულმა შვეიცარიელმა არქიტექტორმა, პიტერ ცუმტორმა შექმნა და ისინი ზედმიწევნით ზუსტად შეუსაბამა მაღაროს ცივ, პირქუშ გარემოს.

73 წლის არქიტექტორი 1943 წლის 26 აპრილს ბაზელში, შვეიცარიაში დაიბადა. განათლება ნიუ-იორკის პრატის ინსტიტუტში მიიღო, სადაც ინდუსტრიულ დიზაინსა და არქიტექტურას სწავლობდა. მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის პრიცკერის პრემია 2009 წელს და RIBA-ს ოქროს მედალი 2013 წელს. პიტერი პატარა არქიტექტურულ კომპანიას ფლობს, სადაც მრავალი ახალგაზრდა არქიტექტორი მიდის, რათა ცნობილ ხელოვანთან იმუშაოს და ისწავლოს. სწორედ მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია დასასვენებელი შენობები Allmannajuvet-ის მაღაროებთან მდებარე ტურისტულ ბილიკზე. არქიტექტორის კარიერაში ეს პირველი პროექტი არაა, როდესაც ნორვეგიის „ეროვნულ ტურისტულ მარშრუტებთან“ მოუწია თანამშრომლობა; რამდენიმე წლის წინ ცუმტორის ოფისმა ჯადოქრობის ბრალდებით კოცონზე დამწვარი ადამიანების სამახსოვრო მემორიალის (Steilneset Memorial) შექმნაში მიიღო მონაწილეობა.

მაღაროები 1882-1898 წლებში ფუნქციონირებდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 12000 ტონამდე თუთიის მადანი აწარმოა. მაღაროში მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული 168 მუშა იყო დასაქმებული. თუთიაზე ფასის ცვლილებასთან ერთად, საჭირო გახდა მაღაროს დახურვა, რადგან მადნის ამ გზით მოპოვება აღარ იყო ფინანსურად მომგებიანი.

არქიტექტორმა სამი შენობა დააპროექტა, რომლებიც მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება; ესენია: კაფე, მომსახურების შენობა და სამთო ისტორიისადმი მიძღვნილი მუზეუმი. კაფე და მუზეუმი ხის საყრდენებზე დგას და კლდოვან, უსწორმასწორო ზედაპირზეა წამომართული; ხოლო მომსახურების შენობა, სადაც საპირფარეშოები და პარკირებაა განთავსებული, ქვის კედელზეა „შემოსკუპებული“. თითოეული შენობიდან ლანდშაფტის განსხვავებული ხედი იშლება. სტრუქტურები სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: სადა შავი ყუთი, ხისგან დამზადებული შესაფუთი, მხარდამჭერი კონსტრუქცია და გოფრირებული თუთიის სახურავი, რომელიც ზუსტად შეეფერება უსწორმასწორო რელიეფს. შენობების ნაწილი (მაგ. სადა შავი ყუთი) სხვა ადგილას დამზადდა და მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი გადმოტანა და დამონტაჟება მშენებლობის ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი არქიტექტორის დიზაინი 2002 წელს აირჩა ნორვეგიის „ტურისტული მარშრუტის ინიციატივის“ მიერ, მაგრამ 9.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებული პროექტის სისრულეში მოყვანა სხვადასხვა მიზეზის გამო 2011 წლამდე არ დაწყებულა. ერთ-ერთი მათგანი ცუმთორის ლეგენდარული პერფექციონიზმია, იგი პროექტის განხორციელებას არ იწყებს, სანამ ყველაფერი ზედმიწევნით არ აქვს გათვლილი. ასევე, შეყოვნების მიზეზი ჩამოშლილი მთები გახდა, საჭირო იყო ტერიტორიის დიდი ლოდებისგან გასუფთავება და გამაგრება. 2016 წლისათვის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ტურისტებისთვის იგი მალე გახდება ხელმისაწვდომი. ეს მათ მოსაზიდად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია; მიიჩნევენ, რომ გახსნის შემდეგ მათი რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest