ეს სტატია მაშინ უნდა დამეწერა, თბილისში ფეხით გადაადგილებისას დისკომფორტი რომ ვიგრძენი და ყურადღება არ მივაქციე. ეს იყო იმ „ერის“ დასაწყისი, როცა მანქანები ტროუარებზე ავიდნენ, ხოლო ადამიანების სავალ ნაწილად, სამანქანო გზის კიდეებიღა დარჩა. თბილისის (და არამარტო) ქუჩების უმრავლესობას ერთი და იგივე პრობლემა აქვს და ერთ-ერთი მათგანი ტროტუარებია, რომლებზეც ადამიანების გარდა ყველაფერმა დაიკავა ადგილი. მანქანები; განათების ან სარეკლამო ბოძები, რომლებიც ტროტუარის ისედაც ვიწრო ზოლს ისე ბლოკავს, ქვეითი იძულებული ხდება გვერდი სამანქანო გზიდან აუაროს; ვიწრო და მოუხერხებელი მონაკვეთები, სადაც ორი ადამიანი ფიზიკურად ვერ აუქცევს მხარს ერთმანეთს, ზედაპირი კი ისეთი დახრილია, წონასწორობის შენარჩუნება ჭირს (განსაკუთრებით ძველ თბილისში). ხშირია კიბე ტროტუარზე, რომელიც კონკრეტული მაცხოვრებლის მიერაა დადგმული და ზოგჯერ ნახევარ, ხოლო უმეტეს შემთხვევაში ტროტუარის მთლიან სიგანეს იკავებს. გარეუბნებში პრობლემა უფრო მწვავედ დგას, რადგან იქ ამ ყველაფერს მოუწესრიგებელობაც ემატება და გავლაც კი შეუძლებელია, ბალახის, განადგურებული ზედაპირის ან უბრალოდ საფეხმავლო გზის არ არსებობის გამო.

ეს საკითხი განსაკუთრებით ხელს უშლის იმ ქვეითებს, რომლებსაც საბავშვო ან უნარშეზღუდულთა ეტლებით გადაადგილება ესაჭიროებათ. აღნიშნული პრობლემების გამო, ცხადია ისინი ტროტუარს ვერ იყენებენ და ალტერნატიულ სივრცედ მხოლოდ სამანქანო გზის ნაწილი რჩებათ.

IDAAF-მა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში ტროტუარების ფოტომასალა მოაგროვა და მათ კრიტიკულ მდგომარეობას ამ სტატიაში გაგაცნობთ, რათა თემის სიმწვავე და აქტუალურობა უფრო ცხადი გახდეს არა მხოლოდ მკითხველის, არამედ ქალაქის მმართველი ორგანოსთვისაც, რომელიც უკვე დროა დაინტერესდეს ამ საკითხით, შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც საკითხს შეისწავლის და გადაწყვეტს გონივრულად, ქვეითთა ინტერესების გათვალისწინებით, ოღონდ მომავალში კი არა – ახლა და სასწრაფოდ!

 

 

ბოლო წლების აშკარა სურათია, რომ ფეხით მოსიარულე არ არის პრიორიტეტი, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ ამ საკითხით და შედეგზე ორიენტირებული რეფორმები გაატარონ არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ტროტუარების მოდერნიზებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მოწყობას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. მათი არ არსებობა არა მხოლოდ დისკომფორტის იწვევს, არამედ სიცოცლისთვის საშიშიცაა, რადგან როგორც ზემოთ უკვე აღვიშნე, ფეხით მოსიარულეებს ალტერნატივად სამანქანო გზაზე მოძრაობაღა რჩებათ, რაც შეიძლება ფატალური შედეგით დამთავრდეს.

 

ცხადია, ეს პრობლემა ქალაქის უკვე არსებულ ურბანულ ქსოვილში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი გადაჭრის გზა შეიძლება იყოს:

ა) ტროტუარების სიგანის გაზრდა, სამანქანო გზის დავიწროების ხარჯზე.

ხშირ შემთხვევაში ( განსაკუთრებით კი ძველ უბენებში) სამანქანო გზა ცალმხრივია და სიგანე იმაზე მეტია, ვიდრე ერთი ავტომანქანის გაბარიტებს სჭირდება, ასე რომ ამ შემთხვევაში ტროტუარის გადიდება შესაძლებელია ეფექტური გზა აღმოჩნდეს პრობლემის გადასაჭრელად. აქვე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ტროტუარებზე უნდა დამონტაჟდეს სპეციალური წინაღობები, რათა შეუძლებელი გახდეს იქ მანქანის გაჩერება.

ბ) სად წავიდნენ ის მანქანები, რომლებიც ამ ადგილებს ემსახურებიან ან იქ მაცხოვრებლების საკუთრებაა?

გამოსავალი აქაც შეიძლება იყოს:

ქალაქის ნებისმიერ რაიონსა და უბანს აქვს აუთვისებელი მონაკვეთები შენობებს შორის, ხოლო ძველ თბილისში გვხვდება ავარიული, ფაქტობრივად დანგრეული შენობები ან უკვე გამოთავისუფლებული ადგილები, რომლებიც იყიდება ინვესტორებზე. ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველა ადგილას საცხოვრებელი ფართი ან საოფისე შენობები აშენდეს, ქალაქის მმართველმა ორგანომ ეს ტერიტორიები უნდა გამოიყენოს ავტოსადგომების ასაშენებლად, სადაც ყველა მძღოლს შეეძლება კომფორტულად და საიმედოდ გააჩეროს მანქანა, ხელმისაწვდომ ფასში. ასევე განსაკუთრებელი ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ყველა მრავალბინიან საცხოვრებელ შენობას ჰქონდეს იმაზე მეტი პარკინგი ვიდრე საჭიროა, რათა სხვა მძღოლებსაც მიეცეთ მისი გამოყენების საშუალება და მიმდებარე ტროტუარები მაქსიმალურად გაიფილტროს ავტომანქანებისგან.

 

თუმცა მე მაინც მგონია, ქალაქში მომრავლებულ მანქანებს, კომფორტული და სწრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნამდვილად შეამცირებს. მანქანით გადაადგილების საჭიროება აღარ იქნება, თუ ავტობუსები, მარშუტკები და მეტრო დანიშნულების ადგილას მაქსიმალურად მოკლე დროში და რაც მთავარია, სუფთა, კომფორტული ტრანსპორტით მიგვიყვანს. ვფიქრობ, პირველ რიგში სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.

ცხადია, ტროტუარების პრობლემა პირველად IDAAF-ს არ წამოუჭრია და არც ახალია რამე, ეს ყველაფერი ამ რეალობაში, ჩვენს თვალწინ არსებობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დაინტერესება და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ამ საკითხში, ერთად უნდა მოვითხოვოთ კომფორტულ გარემოში არსებობა, რისი უფლებაც ნამდვილად გვაქვს!

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest