პარიზში ორმოცი წლის შემდეგ ცათამბჯენი პირველად აშენდება. სამკუთხედი კოშკის პროექტი შვეიცარიელ არქიტექტორებს, ჟაკ ჰერცოგსა და პიერ დე მეირონს ეკუთვნის. ქალაქის მერია, რამდენიმე წლიანი დისკუსიებისა და სხვადასხვა ინსტანციებში პროექტის განხილვის შემდეგ, როგორც იქნა, საბოლოოდ დათანხმდა ჰერცოგ დე მეირონის 180 მეტრის სიმაღლის, 42 სართულიანი ცათამბჯენის აშენებას.

2010 წელს პარიზში შენობებზე დაწესებული სიმაღლის შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, რომელიც 36 მეტრზე მაღალი შენობის აშენებას კრძალავდა, ჰერცოგ დე მეირონის პროექტით ქალაქში პირველი კოშკი აშენდება.კანონში შეტანილი ცვლილება ისტორიულ მოვლენადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან მაღალი შენობები დელიკატურად ადაპტირდება პარიზის ურბანულ ქსოვილში.

შენობა პარიზის კონტურში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობად ჩაეწერება, ეიფელის კოშკის(324მ) და მონტპარნასის კოშკის(209მ) შემდეგ.როგორც ცნობილი გახდა, სამკუთხედი კოშკი საფრანგეთის დედაქალაქში ბოლო 100 მეტრზე მაღალი შენობა იქნება.

ჰერცოგ დე მეირონი – შვეიცარიული ფირმა, რომელიც ცნობილია პეკინის ოლიმპიადის სტადიონის (ე.წ. ,,ჩიტის ბუდე“) და ნიუ-იორკის პარიშის ხელოვნების მუზეუმის პროექტებით – ამბობს, რომ შენობა აღადგენს იმ ისტორიულ ღერძს, რომელსაც ვოჟირარის ქუჩა ( Rue de Vaugirard) და ერნესტ რენანისგამზირი ( Avenue Ernest Renan) ქმნიდა. ცათამბჯენში 120 სასტუმროს ნომერი განთავსდება, ასევე იქნება საოფისე და კულტურული სივრცეები.

ადგილობრივი მოსახლეობა პროექტის დამტკიცების ფაქტს უარყოფითად აღიქვამს და ფიქრობს, რომ ცათამბჯენი მათ საცხოვრებელ გარემოს დაჩრდილავს, ამავდროულად, პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ შენობის დიზაინი არამდგრადია. მიუხედავად ამისა, შვეიცარიელი არქიტექტორების თქმით, შენობის შუშის ფასადები ქალაქის კონტურში ფაქტობრივად შეუმჩნეველი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის ნოემბერში სამკუთხედის კოშკმა ინტენსიური დებატები გამოიწვია და საბოლოოდ ცათამბჯენის პროექტი არ დამტკიცდა.პროექტი 2015 წლის ზაფხულში იმავე კომიტეტმა განიხილა და საბოლოოდ ხმების მცირე უმრავლესობით დამტკიცდა, 87 ხმა 74-ის წინააღმდეგ. მეორე ხმის მიცემა მას შემდეგ ჩატარდა, რაც პარიზის მერმა ანა იდალგომ წინა ხმის მიცემა გაუქმებულად ცნო. ქალაქის მერი პროექტის ერთ-ერთ უდიდეს მხარდამჭერად მოიაზრება.მისი თქმით, ცათამბჯენის აშენება 5000-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.

ცათამბჯენის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. პროექტს უკვე თავისი ოფიციალური საიტი აქვს, სადაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მომავალი მშენებლობის პროცესს. პროექტის ოფიციალური ვიდეო კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

 

ავტორი: თამთა ჯუგაშვილი

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest