კიდევ ერთი ბოდიში, რომლის მოხდაც მომავალი თაობისთვის მოგვიწევს, პუშკინის სკვერთან დაგეგმილი ესტაკადაა, რომელიც საფეხმავლო ბილიკისა და მწვანე საფარის ნაცვლად შენდება და რომლითაც თავისუფლების მოედნიდან კოლმეურნეობამდე, ორმხრივი სამანქანო მოძრაობა აღსდგება.

 

რა სარგებლობა მოაქვს ესტაკადებს?

ესტაკადის სარგებელი ისეთი ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის, როგორიც თბილისია – ნულია. ისინი უფრო მეტ ავტომანქანებს იზიდავს, რომლებიც, თავის მხრივ, მოძრაობას უფრო ტვირთავენ და მავნე აირებს აფრქვევენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობის მოშლისა და გარემოს სიბინძურის გარანტია.

ამ კონკრეტული ესტაკადის პროექტის ინიციატორი თბილისის მერიაა, რომლის იდეაფიქსიც ქალაქში გადატვირთული სამანქანო მოძრაობის განტვირთვაა და ამას არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებით, არამედ მეტი გზების მშენებლობით ხედავს. ურბანული დაგეგმარების სამსახური (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) ამ პრობლემის გადაჭრას, ქალაქის ისტორიულ ნაწილზე, ახალი ესტაკადის მშენებლობის იდეით პასუხობს, მეტი გზა უფრო მეტ ავტომობილს #morecarsfortbilisi

ესტაკადის მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით, ქალაქ თბილისის თვითმართველი ერთეულის მიერ, 2015 წლის 4 დეკემბერს გაიცა. დამტკიცებულ პროექტს მხოლოდ საინჟინრო ნახაზები წარმოადგენს. გავრცელებულ ფოტო მასალაში კი ბუნდოვნად ჩანს პროექტის მთლიანი სახე, მონტაჟები მხოლოდ ნაწილ-ნაწილაა წარმოდგენილი, საიდანაც იკითხება, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია საფეხმავლო ზოლი და გაუქმებულია მწვანე საფარი.

 

რამდენი ავტომანქანაა თბილისში?

თბილისში იმდენი ავტომანქანაა, რამდენჯერაც დღის განმავლობაში თვალს ახამხამებთ, ქალაქის თავზე კი იმდენი მავნე აირი გროვდება, რამდენჯერაც ღრმად ისუნთქავთ. შეამჩნევდით, რომ თბილისის ყველა ტროტუარი და ცარიელი ადგილი, მანქანების „მოსასვენებელ კუთხედ“ იქცა.

რა ხდება?

უკვე მოხდა. თბილისის ერთ-ერთი კომფორტული საჯარო სივრცე გაუქმდა და ის ესტაკადამ ჩაანაცვლა. არსებულ მწვანე საფარსა და მოსასვენელი სკამებზე, საფეხმავლო ბილიკებსა და დაბალ ბუჩქებზე, ასფალტი დაისხა. #მეტიბეტონითბილისს. რომ დავუფირდეთ, მსგავსი პროექტის განხორციელება თითქოს აბსურდია და წარმოუდგენელიცაა, მაგრამ…

 

რა მოხდება?

უფრო მეტი გზა აშენდება, არა იმიტომ, რომ საჭიროა, არამედ იმიტომ, რომ მანქანების რაოდენობა იზრდება და მათთვის საკმარისი ადგილი აღარაა.

 

რა ქმნის ქალაქებს ღირებულს?

საჯარო სივრცეების კომფორტულობა, არქიტექტურული იერსახე და ქალაქის აღსაქმელად შექმნილი გარემო.

 

არის თუ არა თბილისი ღირებული ქალაქი?

თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია თავისი ისტორიით, აქ განვითარებული მოვლენებითა და რაც მთავარია, უნიკალური არქიტექტურით. ქალაქის ისტორიულ ცენტრში წარმოქმნილი ურბანული ქსოვილი, თავისი ღირებულებით, არც ერთ მსოფლიოს ქალაქს არ ჩამოუვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიული უბნების უმეტესი ნაწილი სარემონტოა და შენობების უმრავლესობა დანგრევის რისკის ქვეშაა, ძველ თბილისში მოძრაობა, მაინც ერთი დიდი დღესასწაულია თავისი ურიცხვი და მრავალფეროვანი დეტალების გამო.

 

არის თუ არა თბილისი კომფორტული ქალაქი ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის?

თბილისი, ბოლო 25 წელში განვითარებული მოვლენების გამო, ერთ-ერთი ყველაზე არა კომფორტული ქალაქია.

ამის მიზეზი, 90-იანებში წარმოქმნილი სრული ქაოსი და მოქალაქეების მიერ დამოუკიდებლად ნაწარმოები, უკანონო სამშენებლო სამუშაოები იყო, რის შედეგადაც თბილისის უნიკალურმა არქიტექტურამ უამრავი მიშენება- დაშენება „მიიღო საჩუქრად“, განადგურდა საჯარო სივრცეები და მათი ადგილი „სუპერ მარკეტებმა“ ან კორპუსებმა დაიკავა.

ახლა, ამის მიზეზი, არქიტექტურული კანონის გაუმართაობაა, რაც არქიტექტორს მოღვაწეობისთვის პროფესიულ განათლებას არ ავალდებულებს და თბილისი უშნო შენობებით ივსება. ქალაქის მთავარი არქიტექტურული გეგმისა და საერთო იერსახის არ არსებობაა, რამაც, მაგალითად, თბილისში წითელი თუნუქის სახურავების გაქრობა გამოიწვია და ახლა, მთაწმინდიდან თუ გამოხედავთ, ქალაქი ნაცრისფერ მინდორს ჰგავს.

კომფორტს ქალაქში, პირველ რიგში, საფეხმავლო გზები და საჯარო სივრცეები უნდა ქმნიდეს, სადაც სამოქალაქო აქტივობებისთვის მეტი საშუალება იქნება და რისი ანალოგიც თბილისში, ფაქტობრივად, არ გვაქვს. ტროტუარები მთლიანად მანქანებს უკავიათ და გინახავთ სადმე თბილისის პარკებში პიკნიკზე გამოსული და პლედზე წამოკოტრიალებული ადამიანები? -არც მე.

 

 

რა შედეგები მოჰყვება პუშნიკის ეტაკადას?

რამდენიმე მნიშვნელოვანი:

 

ა. თბილისს კიდევ ერთი საჯარო სივრცე მოაკლდა.

ბ. თუმცა ამ ადგილს დაემატა უფრო მეტი მანქანა და განსაკუთრებით პიკის საათებში გადატვირთული მოძრაობა.

გ. გარშემო არსებული მცირე ბიზნესი საფრთხის წინაშე დადგა, საფეხმავლო გზისა და შესაბამისად, იქ მოსიარულე ადამიანების მკვეთრად შემცირების გამო.

დ. ქალაქის ისტორიულ, არქეოლოგიურ ზონას გზა გადაეფარა.

ე. მწვანე საფარი ასფალტმა ჩაანაცვლა.

ვ. ქალაქის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ თბილისში პრიორიტეტი ავტომანქანებია და არა ადამიანი, რაც თავისთავად, ძალიან საწყენი ჟესტია.

როგორი იყო:

როგორია:

როგორი იქნება:

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest