დიდხნიანი ლოდინის შემდეგ OMA-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასასრულს მიუახლოვდა – მეთექვსმეტე საუკუნის Fondaco dei Tedeschi თანამედროვე სავაჭრო ცენტრად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად გარდაიქმნა.
OMA (The Office for Metropolitan Architecture) 1975 წელს დაარსეს ჰოლანდიელმა და ბერძენმა არქიტექტორებმა, Rem Koolhaas და Elia Zenghelis-მა. კომპანიას საერთაშორისო ასპარეზზე წამყვანი პოზიცია უკავია და მისი პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშია განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ისტორიული მნიშვნელობის შენობებზე OMA-ს წარსულშიც უმუშავია (Fondazione Prada მილანში, საბჭოთა ავტოსადგომის თანამედროვე ხელოვნების ცენტრად „გარაჟი“ გარდაქმნა მოსკოვში და ა.შ.), შესაბამისად კომპანია მზად იყო იმ წინააღმდეგობებისთვის, რომლებსაც Fondaco dei Tedeschi-ზე, როგორც ისტორიულ მონუმენტზე მუშაობისას წააწყდა.
- Photo courtesy of oma.eu
- Photo courtesy of metalocus.es
- © Delfino Sisto Legnani
- © OMA
1228 წელს აშენებული Fondaco dei Tedeschi ვენეციაში, Grand Canal-ზე რიალტოს ხიდის მახლობლად მდებარეობს. შენობამ წლების განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა ფუნქცია; თავიდან იგი გერმანელი ვაჭრების ბაზარს წარმოადგენდა, ნაპოლეონის პერიოდში საბაჟოს ფუნქცია შეიძინა, ხოლო მეოცე საუკუნეში, მუსოლონის მმართველობის დროს ფოსტა გახდა. დროთა განმავლობაში Fondaco dei Tedeschi-მ სტრუქტურულად მრავალი რადიკალური ცვლილება განიცადა; 1505-1508 წლებში ხანძრის გამო შენობას რეკონსტრუქციაც კი ჩაუტარდა.
შენობას კვადრატული ფორმა აქვს და სიდიდით 9000 კვადრატული მეტრია. არქიტექტურა იტალიური რენესანსის სტილშია გადაწყვეტილი, 3 სართულიანია და მოზრდილი ზომის შიდა ეზოს ერტყმის გარს, სადაც შუა საუკუნეების ჭაა განთავსებული. შენობის ქვედა სართულზე ხუთი მრგვალი ფორმის თაღია, რომელიც პორტიკს (portico) შემოსაზღვრავს (ამ ადგილს ვაჭრები გრანდ კანალიდან შემოსული საქონლის შესანახად იყენებდნენ). მეორე სართულზე მულიონის ტიპის ორმაგი და ერთმაგი ფანჯრების გრძელი რიგია განთავსებული, რომლებსაც პატარა ზომის ოთხკუთხა ფანჯრები ემატება ზედა სართულზე. ფასადი მერლონებით ბოლოვდება.
- © OMA
- Photo courtesy of frameweb.com
- Photo courtesy of wallpaper.com
- Photo courtesy of afasiaarchzine.com
- Photo courtesy of afasiaarchzine.com
- © OMA
- Photo Courtesy of OMA
- © OMA
კულტურული ძეგლის სტატუსი Fondaco dei Tedeschi-მ 1987 წელს მიიღო, რამაც ავტომატურად აკრძალა შენობის სტრუქტურაში ცვილებები შეტანა. ასეთი შეზღუდვის მიუხედავად OMA-მ ადგილობრივ მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ, მოახერხა და ყველასთვის მისაღები სამუშაო გეგმა შეიმუშავა.
პროექტი განსაზღვრული რაოდენობის ცვლილებებსა და სართულებს შორის გადასაადგილებელ მოწყობილობებს მოიცავს, სხვა პატარა დეტალებთან ერთად, შიდა ეზოს თავზე მდებარე ცენტრალური პავილიონი რკინისა და მინის იატაკით განახლდა და შეიქმნა სივრცე ღონისძიებების გასამართად. გვერდებზე ასევე მოეწყო ხის პანელით გაწყობილი ესკალატორები კაშკაშა წითელი საფეხურებით, ახალი შესასვლელები Campo San Bartolomeo-დან და Rialto-დან და ხის ტერასა სახურავზე, რომელიც მნახველებს შესანიშნავ ხედებს სთავაზობს ქალაქზე. არქიტექტორები ოთახების განლაგებას არ ეხებიან და ცდილობენ, ნაგებობას ისტორიული სახე შეუნარჩუნონ. შიდა კოლონადას უკან ტერაკოტის ფერადი, გეომეტრიული ჭრილების მქონე ტიხრების შემჩნევაა შესაძლებელი; ინტერიერის სხვა დეტალები ოქროსფერი მეტალითა და სარკეებითაა გაფორმებული. მოხდა ზოგიერთი კედლის რესტავრაციაც და მათზე არსებული ფრესკები ახლა თანამედროვე სახით გვევლინება.
ბენეტონის ოჯახმა Fondaco dei Tedeschi-ის სავაჭრო და გართობის ცენტრად გარდასაქმნელად OMA 2009 წელს დაიქირავა. კომპანიამ საზოგადოებას შენობის დიზაინი 2010 წელს წარუდგინა და მოლაპარაკებები დაიწყო ქვეყნის ოფიციალურ პირებთან რეკონსტრუქციის დასაწყებად, რომლის ნებართვაც 2013 წელს მიიღეს. როგორც უკვე აღინიშნა, 2016 წლისთვის ეს სამუშაოები დასრულებულია და ახლა შენობაზე ჰონგ-კონგური ფირმა DFS მუშაობს, რათა მისი ინტერიერი გასაქირავებლად გაამზადოს.
OMA-ს მიზანია, რომ განახლებულმა შენობამ მნახველში ნოსტალგია არ გამოიწვიოს, და მოაშოროს ის იდუმალების იმიჯი, რომელიც მას აქვს. შეიძლება ითქვას ეს რეკონსტრუქცია თანამედროვეობის ისტორიაში შენობის პირველი გადადგმული ნაბიჯია.
- © OMA
ავტორი: მერი ხამხაძე


