ნიუ–იორკის მოდის კვირეული დამთავრდა. როგორც ყოვრლთვის, მასში წელსაც გაერთიანდა ბევრი საინტერესო მოდის სახლის 2015 წლის გაზაფხულის Ready-to-Wear–ის კოლექციები. წარმოდგენილი ჩვენებებიდან მხოლოდ რამოდენიმე აღმოჩნდა ჩემთვის სილამაზესთან და ესთეტიკასთან ახლოს. იმედია მათი თვალიერებისას, თქვენც ისეთივე სიამოვნებას მიიღებთ, როგორიც მე განვიცადე.

 

“როუ”

დავიწყებ დები, მერი–ქეით და ეშლი ოლსენების მიერ შექმნილი კოლექციით. უკვე რამოდენიმე სეზონია, რაც მათი ბრენდი The Row გვათამამებს დახვეწილი და განსხვავებული სილუეტის ტანისამოსით. ამ სეზონზეც ასეთივე თვალწარმტაცი იყო მათი კოლექცია. სათანადოდ შერჩეული ჩვენების ადგილი, მზის სხივებზე წარმოჩენილი ნაჭრები, კიდევ უფრო მიმზიდველი ჩანდა წინ მოკალათებული მოდის კრიტიკოსებისათვის თუ ბლოგერებისათვის.

ნაზად გამოყვანილი კონტურები და ტორსოს გარშემო ელეგანტურად შემოხვეული ქსოვილები, სხვა რა უნდა გინდოდეს ქალს ამის მეტი. როგორც ყოველთვის, მათ ამ მოდის კვირეულზეც შეძლეს სილამაზის ახლებურად წარმოჩენა, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ.

 

 

“დაქი ბრაუნი”

დაქი ბრაუნი შედარებით ნაკლებად ცნობილი დიზაინის სახლია, რომელიც აქამდე მამაკაცის ტანისამოსის შექმნაზე მუშაობდა. მათ ქალის ტანსაცმლის პირველი ხაზი ამ წლის თებერვალში წარმოადგინეს, დანიელ სილვერის და სტივენ კოქსის მეთაურობით. კმაყოფილების შეგრძნება წინა მორბედთან მიმართებაში არ ჰქონიათ, რადგან მათი თქმით, ზედმეტად ეცადნენ შეეცვალათ მისი იერსახე და სწორედ ამიტომ ის ძალიან ქალური გამოვიდა.

რაც შეეხება გაზაფხულის 2015 წლის Ready-to-Wear-ს, ის გაჯერებულია უნისექსის ელემენტებით, მაგრამ მაინც გამორჩეულად მიმაჩნია. ქსოვილები ჰაეროვანი, ორგანზისა და აბრეშუმის მაგვარია. სწორხაზოვანი სილუეტებით, თავისუფალი და შვეული მოყვანილობებით, რომლებიც უფრო მეტად მამაკაცის ტანსაცმელს მოგვაგონებს. ამჯერად მათი ნამუშევარი მხოლოდ და მხოლოდ 15 კოსტუმისგან შედგება. მიუხედავად ამისა, ეს კოლექცია იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ, მეტსაც გეტყვით, შეიძლება ერთი ნახვითაც კი შეგიყვარდეთ და შემდეგ სეზონზე მათ ქმნილებებს მოუთმენლად დაელოდოთ.

 

 

მეისონ მარტინ მარჯიელა

მარჯიელა ყველასათვის ცნობილი ბრენდია, რომელიც მუდმივად გვთავაზობს ინოვაციურ და ტრენდულ ნამუშევრებს. ამჯერადაც მათი კოლექცია ყველასაგან გამორჩეულად მიმაჩნია.

გამოყენებული იქნა, ტყავის, აბრეშუმისა და ჯინსის ქსოვილები, რომელთა მეშვეობითაც ის კიდევ უფრო თვალწარმტაცი გახდა. იაპონურ სტილში შემოხვეული თხელი ტრენჩები შეხამებული მაღალ ქუსლიან პლატფორმა სანდლებთან, ეგრედწოდებული ქავბოური დეტალები და ფერთა გამა, მაგრამ მაინც მარჯიელაა, სახლი რომელიც მოდის სამყაროში ყველაფერზე მეტყველებს.

ძნელია არ გიყვარდეს ეს ბრენდი, ამჯერადაც სრულყოფილების გრძნობა დამიტოვა ამ 31 ლუქისგან შემდგარმა ჩვენებამ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბენდენის ფორმულირება, რომლებიც გადასარევად გამოიყურებოდა ფართო ჯინსებზე. რაღაც მომენტში 90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის შემსრულებელ გოგონებს მოგაგონებდათ ეს კომბინაცია, ალბათ, სწორედ ამიტომ არის ის ასეთი განსაკუთრებული. თითოეულ კოსტუმის კომბინაციას ან უბრალოდ კიმონოს მაგვარ ტანისამოს, აქვს რაღაც ისტორიასავით, თითქოს დიზაინერის გონებაში მოგზაურობ და ცდილობ ამოიცნო რომელი ფაქტურა რასთან მოდის შესაბამისობაში.

 

 

 

ვიქტორია ბექჰემი

ეს ის ქალია, რომლის სტილს თინეიჯერობის ასაკში ვაღმერთებდით და ვცდილობდით ჩვენც მისნაირი პოშ–სპაის გოგოები ვყოფილიყავით. ახლა კი ჩემი ერთ–ერთი საყვარელი დიზაინერია, რომელიც ნაკლებად ექსპერიმენტულ მაგრამ მაინც განსხვავებულ ტანისამოსს გვთავაზობს.

წლევანდელი კოლექცია მშვიდ და ნაკლებად პრეტენზიულ ფერთა გამაში იყო გადაწყვეტილი. მიუხედავად ამისა, ის მაინც კარგად დასამახსოვრებელი და რაც მთავარია, მომხიბლავი იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ როგორი სილამაზით გამოირჩეოდა ვიქტორიას მიერ წარმოდგენილი მოგრძო ფორმის ფეხსაცმელი. ოდნავ მკაცრი და მამაკაცური, მაგრამ ამავდროულად მაინც ფაქიზი და ქალური.

 

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest