თბილისში პირველი სკანდინავიური რესტორანი სოლოლაკში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გაიხსნა. საკვების მაღალი ხარისხისა და დახვეწილი გემოს გარდა, ამ ადგილს სხვებისგან ინტერიერიც გამოარჩევს, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი მასალებით, ახალგაზრდა არქიტექტორმა და იდააფის დამფუძნებელმა ნანუკა ზაალიშვილმა შექმნა.

„თავიდან მეც და დამკვეთებიც ტრადიციულ ნორდიკულ დიზაინზე ვფიქრობდით, თუმცა ადგილმა სხვა კონკრეტული იდეები გვიკარნახა. როდესაც კედლები გალესილი ფენისგან გავათავისუფლეთ, ამ ისტორიული შენობის ავთენტური აგური შეგვრჩა ხელთ, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა და ასევე დარჩა. იმდენად თბილი და მყუდრო გარემო შეიქმნა, ყველანაირი დეკორი და თეთრი ფერი გადავიფიქრეთ კედლებზე“.- აღნიშნავს ავტორი პროექტზე საუბრისას.

რესტორანი სტამპესო (Stampesoe) სამ სხვადასხვა დონეზეა განთავსებული. -1 მთლიანად სამზარეულოს უკავია, მიწის სართულზე კი ის სასმელი და პროდუქტებია გამოფენილი, რომელიც მესამე, ანტრესოლის დონეზე განთავსებულ რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ეს იდეა სტამპესოს დამფუძნებელსა და მზარეულებს ეკუთვნით. მათ არ სურდათ ეს მხოლოდ საკვები დანიშნულების ობიექტი ყოფილიყო, არამედ მომხმარებლისთვის საკუთარი ხელით შექმნილი, ნატურალური პროდუქტების დახლიდან შეთავაზების იდეა გაუჩნდათ. ამის გამო მიწის დონე, 45 კვ.მ, მთლიანად დახლსა და ხის თაროებზე გამოფენილ სასმელსა და პროდუქციას წარმოადგენს. ამან ადგილს უფრო მეტი მრავალფეროვნება შესძინა და ამ ყველაფრის თვალიერება ერთგვარი გასართობიცაა აქ მოსული სტუმრებისთვის.

რესტორნის ინტერიერი ხის, აგურისა და მეტალის კომბინაციას წარმოადგენს, რაც ბევრჯერ ნაცადი და აქტუალური გადაწყვეტაა ხოლმე ინტერიერებისთვის. დეკორი ფაქტობრივად არ გვხვდება, თუ ფანჯრის რაფებზე განთავსებულ მცენარეებსა და აკვარლში შესრულებულ სამ ნამუშევარს არ ჩავთვლით, რომლებზეც ფოთლებია გამოსახული. ფოთლები სტამპესოს ლოგოს მთავარი დეტალიცაა. განსაკუთრებულად აღსანიშნავია იატაკი მიწისა და ანტრესოლის დონეზე, რომელიც ასი წლის წიწვოვანი მასალისაა.

„ეს უნიკალური ხის მორები ერთ-ერთი ძველი ქარხნის შენობის დაშლის დროს მოვიპოვეთ, რომლებიც მის კონსტრუქციას წარმოადგენდა. იქიდან წამოვიღეთ და იატაკის მასალად დავამუშავეთ“.

ყველაფერს სისადავე ეტყობა, არც ერთი დეტალი არაა დატვირთული დეკორით, მხოლოდ დახლია გამორჩეული, რომელიც ხის მართკუთხა ფორმების ერთობლიობას წარმოადგენს და საინტერესო კომპოზოციას ქმნის. როგორც არქიტექტორმა აღნიშნა, მთავარი აქცენტი საჭმელზე უნდა იყოს და არა ინტერიერზე, ამიტომაა ყველაფერი სადა და მაქსიმალურად მინიმალისტური, რისი საშუალებაც ადგილმა შექმნა. აღსანიშნავია, საპირფარეშოს ნიჟარა, რომელიც „White Studio”-მ დაამზადა, ხოლო სკამები და განათების ხის ბუდეები სტუდია „In House”-ს გოგოებს ეკუთვნით.

ელექტრო გაყვანილობა ძველ სტილშია გადაწყვეტილი. შავი დეკორატიული სადენები და ფაიფურის გამყოფები კედელზე ზემოდანაა განთავსებული, ასე რომ მთელი ეს „რუკა“ მნახველისთვის ხილული და აღქმადია. შავი ფერისვეა მოაჯირიც, რომელიც ანტრესოლის იატაკის ფილას გარედან აქვს დამაგრებული, რითაც ამ სივრცის ცოტათი გადიდება მოხდა. აღსანიშნავია, რომ ანტრესოლზე დეკორი საერთოდ არაა და ინტერიერს მხოლოდ ავეჯი წარმოადგენს.

 

ნანუკას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

  1. რამდენი ხანია რაც ამ სფეროში მოღვაწეობ?

რამდენიმე წელია რაც არქიტექტურაში ვმუშაობ, ბაკალავრის სტუდენტი რომ ვიყავი მაშინ დავიწყე. თუმცა ჯერ მოთელვის პროცესში ვარ, სერიოზულად ჩემს არც ერთ ნამუშვარს არ აღვიქვამ. რაც შეეხება ინტერიერს, “სტამპესო” ჩემი პირველი სერიოზული გამოცდილებაა, სადაც პროექტის მენეჯერიც მე ვიყავი და ზედამხედველიც და წარმოუდგენლად ბევრ დეტალზე მომიწია ფიქრი.

  1. რაზე მუშაობ ახლა?

იდააფის პროექტებზე გადავერთვე მთლიანად, ამ ბოლო დროს სოციალური თემები მაინტერესებს, რომლებიც ქალაქის იერსახეს ცოტათი მაინც შეცვლიან უკეთესობისაკენ, განსაკუთრებით გარეუბნებში. რამდენიმე კერძო დაკვეთაც მაქვს, როგორც ინტერიერში, ისე არქიტექტურაში და ვნახოთ რა გამოვა.

  1. იდააფის რა პროექტებზეა საუბარი?

იდააფის გუნდს, როგორც არასამთავრებო ორგანიზაციას, გარეუბნებში სკვერების რეაბილიტაცია და კიდევ რამდენიმე ურბანულ- ლანდშაფტური კვანძის გადაწყვეტა და მოწესრიგება გვსურს. პროექტები მზადების პროცესშია და როცა დაიწყება, აუცილებლად დავწერთ და განვიხილავთ.

  1. რა არის არქიტექტორის მთავარი მისია და როგორ უნდა იყოს კარგი არქიტექტურა?

ძალიან კომპლექსური საკითხია და რთულად საპასუხო. არქიტექტორს, მგონია, კომფორტი და ესთეტიური სილამაზე უნდა მოჰქონდეს. მე რომ მეკითხებიან პროფესიას, ვერ ვპასუხობ რომ არქიტექტორი ვარ, ამხელა პასუხისმგებლობას ჯერ ვერ ავიღებ თავზე. ხშირად ვერ აცნობიერებენ, მაგრამ არქიტექტორებზე უამრავი მნიშვნელოვანი დეტალია დამოკიდებული და ამ საქმიანობას უდიდესი სერიოზულობითა და სიღრმისეული ცოდნით უნდა მიდგომა. არქიტექტურა ძალაა, მასზეა დამოკიდებული ცხოვრების სტილი, მიმართულება და კონკრეტულ გარემოში არსებობის შესაძლებლობა.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest