რა შეუძლია ხელოვნებას აქ?ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული კონკურსი ამ საფიქრალში იხმობს არქიტექტორებს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით ღია კონკურსი ნიქოზის ხელოვნების სასახლის არქიტექტურული პროექტისთვის 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მონაწილეებს 3 თვე განესაზღვრათ პროექტების წარსადგენად და გამარჯვებულები 2021-ის 7 მარტს გამოვლინდა.

 

ორგანიზატორებისგან:

ნიქოზი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ნიქოზისა და ქვემო ნიქოზის ძველი სახელწოდებაა. მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, ზემო ნიქოზის ცენტრში მდებარეობს ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესიის კომპლექსი, რომელიც მოიცავს ოთხი სხვადასხვა დროის ნაგებობას: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო, ეპისკოპოსის სასახლე და გალავანი.
კომპლექსის მიმდებარედ განლაგებულია მთავარანგელოზის ეკლესია.
2006 წლიდან კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესიის კომპლექსის მიმდებარედ იგეგმება ნიქოზის ხელოვნების სასახლის მშენებლობა. კონკურსის მიზანია ნიქოზის ხელოვნების სასახლისათვის საუკეთესო არქიტექტურული ესკიზის შერჩევა, შემდგომში, მისი რეალიზების მოტივით.

2008 წლის ომის შემდეგ ნიქოზის მოსაზღვრე ტერიტორია, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ. მოსახლეობას უწევს დროებით საზღვართან თანაარსებობა. სწორედ ამ მოცემულობაში იბადება ნიქოზის ხელოვნების სასახლის აშენების იდეა. საგულისხმოა, თუ როგორ შეერწყმება ახალი მოცულობა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობებს და რა დიალოგი შედგება მათ შორის.

– ქართულ პრაქტიკაში ამგვარი კონკურსები თითქმის არ არსებობს, რა მოლოდინი გქონდათ?

– ღია არქიტეტურული კონკურსი, შეიძლება ითქვას, თვისობრივად საუკეთესო ინსტრუმენტია, რომ განსხვავებული ცნობიერების მქონე ავტორთა ნაფიქრალი ერთი თემის გარშემო მოიკრიბო და მათი განხილვა შეძლო. ნიქოზის ხელოვნების სასახლისათვის კონკურსის ჩატარების მოტივიც სწორეს ეს იყო, რომ მხოლოდ ერთ საპროექტოს არ ემუშავა მსგავსი მნიშვნელობის ობიექტის სივრცით-მოცულობით გადაწყვეტაზე.

საკონკურსო დავალების თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვვარაუდობდით, რომ ინიცირებულ პროცესში არქიტექტორები ჩაერთვებოდნენ, თუმცა რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ ჩვენი და ალბათ თვითონ მონაწილეთა აღფრთოვანებაც გამოიწვია. დარეგისტრირდა 84 გუნდი, 200-ზე მეტი არქიტექტორი. ტექნიკური პროცესის შესახებ მოლოდინები წინასწარ ვერ განისაზღვრებოდა, რადგან საქართველოში ხშირი არ არის მსგავსი ტიპის კონკურსი. აქ, მეტწილად, ჭარბობს ტენდერის პრაქტიკა, რომელიც მოგეხსენებათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ პრინციპზეა აგებული და ფაქტობრივად არ ტოვებს სივრცეს ჯანსაღი კონკურენციისათვის.

– მიღებული საკონკურსო პროექტების ხარისხი მოლოდინს შეესაბამება?

– კონკურსი შედგად, მივიღეთ 36 საკონკურსო წინადადება. პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ ჟიურის მიეცა შესაძლებლობა განეხილა არაერთი მაღალი დონის ნამუშევარი და დისკუსიის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტების ავტორთა ვინაობა შედეგის გამოცხადებამდე, ჟიურის წევრებისთვისაც კი, ანონიმური დარჩა.
არქიტექტორთა სოციუმიდან მიღებული დადებითი უკუკავშირის საფუძველზე შეგვიძლია გითხრათ, რომ ქართულ რეალობაში ღია არქიტექტურული კონკურსები მოთხოვნადია და არსებობის შემთხვევაში საკმაოდ დიდ ჩართულობას გამოიწვევს.

– რა არის შედეგი?

– შეირჩა ესკიზური პროექტი, გამოვლინდა გამარჯვებული და ახლა მიმდინარეობს მისი მუშა პროექტის დასრულება და სამშენებლოდ მომზადდება.

 

გამარჯვებული პროექტები:

პირველი ადგილი

გუნდი: IAMAC
ალექსანდრე ზვიადაური, სუხა ზვიადაური, გიორგი ჩიქოვანი, ლადო აფანასიევი

 

მეორე ადგილი

გუნდი: About Architecture
ვანო ქსნელაშვილი, ნიკა მაისურაძე, ანასტასია ნიკიტინა

 

მესამე/მეოთხე ადგილი

დავით ავალიშვილი

 

მესამე/მეოთხე ადგილი

გუნდი: DMARK
ალექსანდრე კაციტაძე, რევაზ ქეშელაშვილი, დიმიტრი მოძმანიშვილი

 

მეხუთე ადგილი

გუნდი: თბილისის არქიტექტურული ბიურო
ბექა ნიკიფი, თორნიკე კუბლაშვილი, გიორგი ჯვარშეიშვილი

 

 

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია: Nikozi Art Palace

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest