ავტორები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე

ფოტო: გიორგი დავითაია, მარიამ ნატროშვილი, ნინუცა კაკაბაძე

 

ახალ ამბებს უკვე დიდი ხანია აღარ ვუყურებ, ალბათ იმიტომ, რომ ისინი ისეთია, როგორიც მე არ მინდა რომ იყოს და უსიამოვნო შეგრძნებების გარდა, არაფერს იწვევს. ხელოვანებმა მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ არტისტერიუმზე წარმოდგენილი თავისი ნამუშევრით „ახალი ამბების მუზეუმი“ ყველა ამ ამბის ერთობლიობა შემოგვთავაზეს. ჩემთვის, ეს ინსტალაცია, არც მეტი არც ნაკლები, შემზარავი აღმოჩნდა. ის ისეთივე უსიამოვნოა, როგორც ყოველდღიური ახალი ამბების ქრონიკა, რომლებიც ნეგატიური ამბებითაა გატენილი. ინსტალაციის სივრცეში გაჩერება გამიჭირდა, ვიზუალიზაციამ, რომლებიც მონიტორებსა და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს წარმოადგენდა, ჩემს ემოციურ მხარეზე იმოქმედა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნამუშევარმა აბსოლუტურად გადმოსცა თავისი სათქმელი. ეს სწორედ ის შედეგია, რომლის მიღწევაც ავტორებს უნდოდათ.

„ახალი ამბების მუზეუმი“ ჩვენი წარსულისა და აწმყოს ზღვარზე მყოფი ამბების არქივია. ეს ამბები უკვე მოხდა, მაგრამ მათ მიერ გამოწვეული ჯაჭვური რეაქცია მყარია. ამიტომ, ძნელია მათ წარსული დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი უკვე აღარავის ახსოვს მუდმივად განახლებადი იმავე კონტექსტის ამბების გამო. ჩემს ყველა შეკითხვას მარიამმა ერთი და ყოვლიმომცველი პასუხი გასცა.

 

-ამ თემაზე მუშაობის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

„ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ინსპირაცია იყო ის ძალადობა, აგრესია და აბსურდული რეალობა, რაც ჩვენს გარემოში ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნამუშევარში ჩემთვის საუნდი იყო – ამსახველი იმ გაუსაძლისი რეალობისა, რაშიც გვიწევს არსებობა.“

-რა იყო „მუზეუმი“-ს მიზანი? ადამიანებისთვის ამ მდგომარეობის ჩვენება თუ სხვა რამ? …

„ეცადე დაინახო მეტი“

ეცადეთ დაინახოთ იმაზე მეტი რასაც გაჩვენებენ, ეცადეთ გაიგოთ იმაზე მეტი რასაც გასმენინებენ, ეცადეთ შეიგრძნოთ მეტი…

რეალობა აბსტრაქტულია. ისეთი როგორსაც მედია გვაწვდის, ადამიანები არარსებულ თუ მის მიერ ინტერპრეტირებულ ფაქტებს ვიჯერებთ და ის რაც მოგონილია ამით ნამდვილი ხდება. ერთი მეორეს ებმევა და თითოეული ადამიანის მიერ დაჯერებული ფაქტები აბსოლუტურად ნამდვილი ხდება. ყველას ავიწყდება, რომ სამყარო ისეთია როგორიც შენ გინდა და გწამს. მოგონილი რეალობა ძალას იკრებს და ნამდვილს ერევა. ინსტალაცია ამის ნათელი ილუსტრირებაა: განათება – რომელსაც ეკრანების ქაოტური ციმციმი ქმნის, ხმა – რომელიც არეული ბგერების შეერთებით ფორმირდება.

სივრციდან გამოსვლისას, ცოტა ეჭვი შემეპარა ჩემს მიდგომაში „არ ვუყურო ახალ ამბებს“, რადგან ამ საშინელების იგნორირება ალბათ არ შეიძლება.ვეცდები დავინახო მეტი.

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest