ნიუ-იორკის ცათამბჯენებს ახალი წევრი, 432 პარკ ავენიუ შეემატა. ქალაქის ყველაზე მაღალ შენობაში წლის ბოლომდე დაიწყება შესახლება. მსოფლიოს მასშტაბით იგი მეასე ცათამბჯენია.

შენობის დიზაინი ნიუ-იორკში მომუშავე, ცნობილ ურუგვაელ არქიტექტორ რაფაელ ვინოლის ეკუთვნის, დეველოპერები “CIM Group” და “Macklowe Properties” არიან, ხოლო სტრუქტურული ინჟინერი WSP Cantor Seinuk-ია. პროცესები 2011 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც ადგილის გასათავისუფლებლად 1926 წელს აშენებული 21 სართულიანი “The Drake Hotel” დაანგრიეს, რომელიც 2006 წლიდან დეველოპერ ჰარი მაკლოუს მფლობელობაში იყო. 2015 წლის იანვარში მშენებლობა დროებით შეაჩერეს, რადგან 81-ე სართულიდან სამშენებლო მასალა, 2,5 მეტრიანი მილი ჩამოვარდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა და მშენებლობაც მალევე განახლდა. პირველი ბინა 2015 წლის 23 დეკემბერს 18 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სახურავის ჩათვლით შენობა სიმაღლეში 426 მეტრია და დასავლეთ ჰემისფეროში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ შენობად ითვლება, იგი ასევე ყველაზე მაღალი შენობაა ნიუ-იორკში. ცათამბჯენში 88 სართულია + 3 მიწის ქვეშ, თითოეული მათგანის ფართი 803 კვ.მ-ია, ხოლო მთლიანად შენობის ფართობი – 38335 კვ.მ. შენობას 6 ლიფტი მოემსახურება. მთლიანად შენობაში კი 104 ბინაა; შევხვდებით როგორც სტუდიოს სტილის 32,6 კმ.მ. სიდიდის ბინებს, ასევე ექვს საძინებლიან, შვიდ აბაზანიან პენთჰაუსებს ბიბლიოთეკით, რომელთა საწყისი ფასი 95 მილიონი დოლარია. მაცხოვრებლების განკარგულებაშია ასევე კინოდარბაზი, საბილიარდო, აუზი, სპა და რესტორანი. აღსანიშნავია, რომ ინტერიერის დიზაინზე რამდენიმე სტუდია მუშაობს.

ცათამბჯენი ცენტრალ პარკის მახლობლად, მანჰეტენზე, 56-ე და 57-ე ქუჩებს შორის აშენდა. შენობის მთავარი ღირსება შთამბეჭდავი ხედებია, რომლებიც მაღალი სართულების ფანჯრებიდან იშლება. ნაგებობის დიზაინი სიმარტივითა და მინიმალისტური ფორმებით გამოირჩევა, ფასადს მთელ სიმაღლეზე კვადრატული ფორმების ჭრები მიუყვება. არქიტექტორ ვინოლის თქმით, მისი შთაგონების წყარო ავსტრიელი არქიტექტორის ჯოზეფ ჰოფმანის დიზაინით შექმნილი მეტალის ნაგვის ურნა გახდა.

შენობის სტრუქტურა ძირითადი, გამაგრებული ბირთვისა და სქელი კედლებისგან შედგება, რაც ძალიან ჰგავს ხერხემალს. ბირთვშია განთავსებული ლიფტები და შენობის ტექნიკური მომსახურების სათავსები. ბირთვს გარშემო სვეტებია ჩამწკრივებული, რაც ერთგვარ ნაჭუჭს ქმნის. ფასადი თეთრი ცემენტისგანაა ჩამოსხმული. რაც უფრო მაღლა მივიწევთ სართულის ფილა მით უფრო დიდია სისქეში, ამით მასა იზრდება, რაც ამცირებს ქარისგან გამოწვეულ რხევებს. ამ არაკომფორტული ეფექტის შესამცირებლად 2 სართული ყოველი 12 საცხოვრებელი სართულის შემდეგ ღიაა დატოვებული, რათა ქარმა თავისუფლად იმოძრაოს, ასეთ სართულებზე ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებია განთავსებული 6 სართულისთვის ზევით და ქვევით.

432 Park Avenue პირველი ცათამბჯენი არაა, რომელიც ნიუ-იორკში აშენდა და აღსანიშნავია, რომ მათი მომრავლება უკვე ბევრის პროტესტს იწვევს, თუნდაც იმიტომ, რომ ცენტრალ პარკს ჩრდილავს და თითქოს ამდენი მაღალი შენობით „ქალაქში მზე აღარ ჩადის“, მაგრამ სამშენებლო ბუმი არ წყდება. ნიუ-იორკი თავისი საინჟინრო და არქიტექტურული მიღწევების დემონსტირებას უფრო და უფრო აქტიურად ახდენს და მიღწეულით არასდროს კმაფოფილდება. მსოფლიოს ცნობილი არქიტექტორები ერთმანეთს ეჯიბრებიან ნიუ-იორკში განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულებების მქონე შენობების ასაშენებლად და ეს ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო ხდება, რაც ქალაქისკენ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. ნიუ-იორკი და უფრო კონკრეტულად მანჰეტენი, კაპიტალიზმის წმინდა მიწად გარდაიქმნება, სადაც ღარიბთა ადგილი არაა.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest