გალერეა არტბითი მაია ნავერიანის სოლო გამოფენას: “ახალი ტალღის ტურისტი” მასპინძლობს.

ტურისტი – ცნობისმოყვარე მოგზაური, თავგადასავლების მაძიებელი, დროებითი, შემთხვევითი სტუმარი – ეს ის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის მომწონდა და ბევრ ჩემს ნამუშევარში გამომიყენებია. და აი, ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში გამოვიკეტეთ და ყველანაირი მოგზაურობა გაყინულია, ცნება ტურიზმი, ტურისტი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახდა ჩემთვის და ამ თემაზე ახალი ტექსტის შექმნაზე დავიწყე მუშაობა.
პანდემიის შედეგად ჩვენთვის ნაცნობი რეალობის ასეთმა უეცარმა და დრამატულმა შეცვლამ და შოკმა აბსოლუტურად შეარყია ყველა სისტემა – ფსიქოლოგიური, კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური. მაგრამ, ამ დესტაბილიზაციამ, უცნობი მომავლის შიშმა და ქაოსმა თან ახალი მოგზაურობის, ახალი ტალღის ტურიზმის შესაძლებლობა და სურვილი გამოაჩინა.
თითქოს ძველი სენტიმენტებისა და ისტორიის ტვირთისგან გათავისუფლებულებს კარგად ნაცნობი ადგილების ხელახლა მონახულების, ახლებური წაკითხვის და ამ პროცესში ახალი რეალობის თვალის მოკვრის შანსიც მოგვეცა – ბუნდოვანი მომავლის, რომლის კონტურები თითქოს უფრო გამჭვირვალე და მსუბუქია.” – მაია ნავერიანი.


– მაია, იქონია თუ არა ამ მსოფლიო მასშტაბის პანდემიამ გავლენა თქვენს შემოქმედებაზე და როგორ აისახა ის გამოფენილ ნამუშევრებში?

– პანდემია, რასაკვირველია, ყველას შეგვეხო და ყველაზე სხვადასხვანაირად იმოქმედა. ასე მგონია, რომ ამ პერიოდის ნამუშევრები უფრო მსუბუქი და გამჭვირვალე გახდა. ეს, ალბათ, ქვეცნობიერად მოხდა, რადგან ყოველთვის, როცა რამე დიდი მასშტაბის და სიმძაფრის კატასტროფა ხდება, შიშსა და შეძრწუნებასთან ერთად, რაღაც ირაციონალური ოპტიმიზმის გრძნობაც მიჩნდება. თითქოს ამ ქაოსში ახალი და უფრო სუფთა, ისტორიისგან დაუმძიმებელი მომავლის ცნობიერების გაჩენის შანსს ვხედავ.
– რა არის ბოლო დროინდელი ინსპირაციები ან თემები, რომლებსაც გსურთ ჩაუღრმავდეთ და თქვენს ნამუშევრებში გადმოსცეთ?

– ყოველდღიური თემები, თუნდაც ყველაზე ბანალური, მრავალნაირი ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა და შეიძლება იყოს ინსპირაციის წყარო. მაგალითად, ჩემი გამოფენის სათაური, რომელიც ავიღე ნახატების ერთ-ერთი სერიიდან New Wave Tourist, ტურისტის იმიჯის დეკონსტრუქციის გარშემო ტრიალებს. ტურისტი – ტიპი, რომელიც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით ან სულაც უმიზნოდ მოგზაურობს, ეცნობა მისთვის უცნობ სივრცეებს და არ მიეკუთვნება არც ერთ ტერიტორიას.

 

 
გამოფენა 12 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: გალერეა არტბითი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest