დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიდევ ერთ ახალ პროდუქტს გვთავაზობს. ამჯერად, მის კომოდს გაგაცნობთ. მრგვალ ფორმებში გამოხატული თეთრი ფერის მოცულობა ხის ფეხებზე დგას, ხოლო კომფორტული შიგთავსი ჟოლოსფერშია გადაწყვეტილი. აღსანიშნავი ამბავია კარების ჩამკეტი შავი ფერის საკეტები, რომლებიც წესით ტანსაცმლისთვის გამოიყენება, თუმცა ამ შემთხვევაში, დიზაინერმა ის ავეჯს მოარგო, რითაც უფრო მეტად დახვეწილი და საინტერესო გახადა.

ანუკა ის ერთ-ერთი ქართველი დიზაინერია, ვინც ცდილობს კონკურენცია გაუწიოს უცხოურ ავეჯის პროდუქტებს და ადგილობრივი ბაზარი ქართულივე ნაწარმით გაამდიდროს. შეკვეთები ყოველთვის აქვს ახალი პროდუქტის შესაქმნელად, თუმცა ქართული ბაზრის მონოპოლიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის; დიზაინერი ფიქრობს, რომ თვითონ მყიდველი უნდა მიხვდეს, რომ ქართულიც ნაწარმი შეიძლება იყოს ხარისხიანი, ორიგინალური და არაა აუცილებელი საზღვარგარეთიდან შემოტანილი შეიძინო.

გამოფენებში მონაწილეობასთან ერთად, დიზაინერი საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. იგი პროექტის „აკადემიის განჯინა – გაიღე და მიიღე“-ს ერთ-ერთი ავტორია, დიზაინი სწორედ მას ეკუთვნის. სხვებთან ერთად ისიც ტოვებს ნივთებს განჯინაში და ძალიან უხარია, როდესაც ისინი წაღებული ხვდება.

ანუკა ცდილობს თავისი ნამუშევრები შეუცვლელი საგანი გახდეს ყოველდღიური ცხოვრებისთვის, მათი მეშვეობით სამყაროს აღქმა გაადვილდეს და ამას მშვენივრად ახერხებს კიდეც.

IDAAF-მა ანუკას ახალ ნამუშევართან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა:

 

რა არის ნამუშევრის ძირითადი იდეა ?

ჩემი ყველა ნამუშევარი ერთგვარი კომბინაციაა ისეთი საგნებისა და ფორმების, რომლებიც ერთმანეთს აუცილებლობით არ უკავშირდება. თავად ნივთები ხშირად მიმანიშნებენ მათი განსხვავებულად გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაშიც მსგავს რამესთან გვაქვს საქმე.

საკეტი, რომელიც მე გამოვიყენე, როგორც წესი ტანსაცმლისთვის, ჩანთებისთვის თუ სხვა ტიპის აქსესუარებისათვის გამოიყენება. მიუხედავად ამისა, არ არსებობს კანონი, რომელიც მის გამოყენებას მხოლოდ საგანთა გარკვეულ ტიპე შეზღუდავდა. ვფიქრობ, ჩემს მიერ გაკეთებული კომოდი ამის კარგი მაგალითია. ზონარ-საკეტი არა მხოლოდ ვიზუალურად უხდება ხის მასალას, არამედ ერთგვარი უცნაურობის განცდასაც უჩენს მნახველს, რაც ვფიქრობ, რომ მას ასე განსაკუთრებულსა და მიმზიდველს ხდის.

ამის გარდა, ისე მოხდა, რომ დამკვეთს, რომლისთვისაც განკუთვნილი იყო აღნიშნული ნივთი, სურდა, რომ მისი გაღება ადვილი არ ყოფილიო მცირეწლოვანი ბავშვისთვის. ვფიქრობ, ეს მიზანიც წარმატებულად იქნა მიღწეული.

როგორ ფიქრობ, რა განსაზღვრავს პროდუქტის წარმატებას?

პროდუქტი ფუნქციურად ძალზედ მოსახერხებელია და დიდი ტევადობისაა. ეს არ არის განსხვავებული დანიშნულების მქონე პროდუქტი, არამედ იმის მოდიფიკაცია, რაც უკვე არსებობს ბაზარზე და რაც საკმაოდ მოთხოვნადია. განსხვავება სწორედ მისი დიზაინია და ვფიქრობ მისი წარმატების განმსაზღვრელი სწორედ ეს იქნება.

 

რამდენი ხანი მუშაობდი მასზე?

იდეის გაჩენიდან მის განხორციელებამდე დაახლოებით 3 თვე გავიდა.

აპირებ თუ არა მასიურ წარმოებას?

როგორც წესი, კერძო შეკვეთებზე ვმუშაობ და მასიური წარმოებისათვის შესაბამისი რესურსი არც გამაჩნია. თუკი რომელიმე მსხვილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია დაინტერესდება აღნიშნული საგნით, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest