ამ სტატიაში თეზი გაბუნიას ახალ სერიას: „New galleries“ წარმოგიდგენთ. ქართველი ხელოვნების მოყვარულთათვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტი, ამჯერად ნამუშევრებს ისეთ სივრცეებში გამოფენილს გვთავაზობს, სადაც მათი არსებობა, ერთი შეხედვით, აბსურდს წარმოადგენს, მაგრამ სწორედ ესაა თეზის ჩანაფიქრიც, წაიშალოს ზღვარი ნამუშევარსა და გალერეას შორის და დამთვალიერებელმა მათი ნახვა ყოველდღიურობაში, გალერეაში მიუსვლელად შეძლოს. ფაქტობრივად, თეზიმ ამ სერიაში განთავსებული ნამუშევრების განსათავსებლად ახალი ადგილები იპოვა.

New galleries, ანუ ახალი გალერეები, არის ჩემი მორიგი სერია, რომელიც საუბრობს გალერეებისა და ნამუშევრების საერთოდ სხვა მნიშვნელობებზე და ღირებულებებზე, ამ შემთხვევაში ნახატი(ნამუშევარი) გამოიფინება იქ, სადაც არასდროს მოხვდებოდა ესეთი პრეზენტირებით. მაგალითად, გალერეა ის სივრცეა, რომელიც ნამუშევარს ხელოვნების კონტექსში არსებობის ლეგიტიმაციას აძლევს, თავად არის კონტექსტი, ხოლო „New Galleries”(ახალი გალერეები) შლიან დისტანციას დამთვალიერებელსა და ხელოვნებას შორის. ნამუშევრის ყოველდღიურ სივრცეში მოთავსება მას წინანდელ მნიშვნელობას უკარგავს, თუმცა აქვე იკარგება არა მხოლოდ ნახატის, არამედ გალერეების მნიშვნელობაც. ნამუშევარი, როგორც თვითმყოფადი, აკონტექსტუალური მოცემულობა, თავად ქმნის საგამოფენო სივრცეებს, ანუ ის თავად ხდება კონტექსტი.“ – თეზი გაბუნია

newgalleries_gif

 

რა როლი აქვს ხელოვანს საზოგადოებაში/საზოგადოებისთვის?

ყოველთვის ჰქონდა, ალბათ ყოველთვის ექნება, რადგან ის მუდმივად რეფლექსირებს არამარტო ლოკალურ, არამედ გლობალურ კულტურულ ფენომენებზე. სწორედ ამიტომ, ის ხელს უწყობს კონკრეტული საზოგადოების ინტეგრაციას უფრო ფართო ასპარეზზე. ამასთან, დღესდღეობით, დამოკიდებულება ხელოვნებისადმი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა საუკუნეებისგან. ადრე თუ ხელოვანის ნამუშევრებისთვის კულტურული თუ მატერიალური ღირებულებების მინიჭება ხანიერების საკითხი იყო, დღეს გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ეს პროცესი გაცილებით აჩქარებულია და უფრო სწრაფად ხდება ნამუშევრების გავრცელება, აღქმა, აღიარება, გარკვეულ კულტურულ ნიშაში მოთავსება, შესაბამისად ხელოვანი პირდაპირ დიალოგში იმყოფება საზოგადოებასთან.

გარემო, სადაც არსებობ, როგორ აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს, გთავაზობს თუ არა საინტერესო დეტალებს ( მაგ: ყოველდღიური ყოფა, ეკლექტიკური არქიტექტურა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?)

გააჩნია რა კუთხით ვიმსჯელებთ გარემოზე. ერთს მხრივ, კულტურული სივრცე საკმაოდ საინტერესოა დასაკვირვებლად, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ხელოვანი მხოლოდ ლოკალურ არეალზე არ რეფლექსირებს, შესაბამისად ვერ ვიტყვი, რომ ეს სივრცე ნამუშევრების წარმოებისთვის დიდად საინტერესო დეტალებს მთავაზობს. მეორეს მხრივ, ჩემი აზრით, ქართული ბაზარი არ არის იმდენად განვითარებული, რომ მოხდეს ჯანსაღი ხელოვნების ინდუსტრიის ამუშავება, მიუხედავად ამისა, პირველ რიგში, ჩემი ფოკუსი ქართული ბაზარია, რადგან ვთვლი, რომ ნებისმიერი ხელოვანისთვის გლობალურ ბაზარზე გასვლა სწორედ ადგილობრივი სივრციდან იწყება.

newgalleries_gif2

 

როგორ შეიცვალა შენი,როგორც ხელოვანის მიმართულება წლების განმავლობაში?

პროდუქციის წარმოება 2011 წელს დავიწყე. მუდვივად იცვლებოდა ჩემი დამოკიდებულებები. შემდგომ თეზი გაბუნია გაფართოვდა და დღესდღეობით, უკვე ცხრა წევრისგან შედგება.შეიძლება ითქვას, რომ თეზი გაბუნია კომპანიაა და არა არტისტი. ამგვარი ფენომენის არსებობა სრულიად ცვლის ნამუშევრის შემქნისადმი დამოკიდებულებას, მექანიზმს, რაც შესაბამისად პროდუქციაზე აისახება. გუნდში მუდმივად ტარდება ექსპერიმენტები, იტესტება კონცეპტები. არსებობს , როგორც მექანიკური, ისე კონცეპტუალური საწარმოო ინსტუმენტები, რომელთა მიერაც იქმნება პროდუქცია. ეს, ფაქტობრივად, არა შემოქმედებითი, არამედ წარმოებითი პროცესია.

როგორი უნდა იყოს კარგი არტისტი?

ესე ვერ იტყვი, დეფინიცია თუ როგორი უნდა იყოს არტისტი, ალბათ, არ არსებობს. თუმცა ჩემი აზრით, ეს პროფესია ისეთი მახასიათებლებით შეიძლება აღიწეროს, რომელსაც სხვა ნებისმიერ საქმიანოაბსაც მიუყენებ. არტი მედიუმია, გარკვეული პრიზმაა არტისტისთვის, რომლის საშუალებითაც ხდება აღქმა, მიდგომების და დამოკიდებულებების შემუშავება, ცვლილება. ძიება, კულტურული ნიშების შესწავლა, მათი თარგმნა კონკრეტული მედიუმების მეშვეობით საგნობრივ სივრცეში, არტისტისთვის მუდმივი პროცესია. ქმნადობის პროცესში მნიშვნელოვანია არა არტისტი, არამედ თვითონ მედიუმი. არტისტი, როგორც ცალკეული პიროვნება, შემოქმედების ცენტრში მდგარი ეგო, სრულიად იგნორირებული უნდა იყოს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, „კარგი“ არტისტის ერთ-ერთი ვერსიაა.

თეზი გაბუნია უკვე გავლენიანი არტისტი ქართულ სახელოვნებო სივრცეში. რას აპირებ მომავალში, გაქვს თუ არა გეგმები მსოფლიოსთისაც?

გავლენიანობაზე რა გითხრათ, მაგრამ სამომავლო გეგმები ნამდვილად მაქვს თან არა ერთი, რაც შეეხება მსოფლიოს ბაზარს, რა თქმა უნდა, ვაპირებ, მუდმივად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში, ასევე თიმის, CopyPaste-ის ერთ-ერთი წევრი ვარ, რომელიც ახალგაზრდა არტისტების საერთაშორისო პლათფორმაა. იგი იკვლევეს ხელოვნებას, არქიტექტურასა და სხვა კულტურულ მოვლენებს. პრაქტიკული საქმიანობის პროცესი მოიცავს მხატვრობას, მედიას, მუსიკას, დიზაინს, ტექნოლოგიას, მოდასა და სხვა ინტერდისციპლინარულ გავლენებს. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე პრიორიტეტი მაინც საქართველოა. ვფიქრობ არტისტი უნდა იყენებდეს ადგილობრვი სივრცეს სამუშაო ადგილად, ქმნიდეს, აფიქსირებდეს და გაქონდეს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება. ადრე, როდესაც ინფორმაცია მიუწდომელი იყო და კულტურის გაცვლა ჭირდა, ყველაფერი სხვაგვარად იყო, დღეს ყველა გუგლის თაროზე ვართ, ნებისმიერი გალერეაში შეგვიძლია ვიმოგზაუროთ, ინფორმაცია დიდია, ყველაფერი მოძიებადია, რაც ავტომატურად ცვლის ვითარებას და შესაბამისად ინტეგრაციაც მარტივდება.

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest