სტატია ეძღვნება მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე, შეუმჩნეველ და ცოტათი ჯადოსნურ არქიტექტურულ ელემენტს – თაღს.

ერთ-ერთი უძველესი არქიტექტურული ელემენტი – თაღი დღესაც პროექტირების, ექსტერიერისა და ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. მრავალი წლის მანძილზე ის უამრავი სხვა და სხვა ფორმით იქნა ინტერპრეტირებული. ეზოს შიდა და ქუჩის გარე სივრცეებს შორის, ხშირად შეუმჩნეველი და უბრალოდ კავშირის ფუნქციის მატარებელი „არკები“, დღეს ჩვენს სტატიაში მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და უცნაურობით წარმოგიდგებიან.

თაღი – არქიტექტურული დეტალი, ორ საყრდენს შორის მრუდწირული გადახურვა ან კედლის ღიობი.

თბილისის ძველ და ახალ უბნებში თაღების სტილისტური იერი საკმაოდ განსხვავებულია. მიუხედავად მათი ისტორიულ-კულტურული ფასეულობისა, დღეს მათი მდგომარეობა ერთნაირად არასახარბიელოა, რადგან გასასვლელების უმრავლესობა სარესტავრაციო, დაბინძურებული ან საჯარო ტუალეტად ქცეულია.

სარესტავრაციო თაღების რიცხვშია ჭონქაძის 13 ნომერში სპარსეთის ელჩის ყოფილი საცხოვრებლის შესასვლელები. პირველ მსოფლიო ომამდე, ვიდრე საბჭოთა ძალა მოვიდოდა ხელისუფლებაში, შენობა თავისი თაღების საუცხოო სიმდიდრით გამოირჩეოდა. დღეს აზიური კულტურისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით მორთული თაღები დაბზარული და ბათქაშ ჩამოცვენილია, ხოლო ჭიშკრების ნაწილები თაღის შიგნით არის მიყუდებული. ოდესღაც დახვეწილ ორნამენტებს რამოდენიმე არაპროფესიონალური განახლების გამო, მათზე დადებული საღებავის ფენებისგან მკაფიო კონტური დაკარგული აქვს. მიუხედავად ამისა, დღეს ყვითლის და ცისფრის რამოდენომე ტონალობაში წარმოდგენილი დაბზარული თაღი საკუთარ მომხიბვლელობას ინარჩუნებს.

 

 

 

საინტერესოა ტაბიძის ქ. 3/5 -ს თაღი. მისი არქიტექტურის წარმომავლობა ევროპულია. ქუჩისა და ეზოს ფასადი რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან, როგორც სტილისტური, ისე ფიზიკური მდგომარეობითაც. ქუჩის მხარეს ფასადი ქვით არის მოპირკეთებული და შესასვლელის თავზე ფრონტონით მორთული. ეზოს მხრიდან კი ხის შუშაბანდია, რომელიც ჰაერის კონდიცირების დანადგარებით უმოწყალოდ არის დახუნძლული. მათ შორის გასასვლელი გვირაბის კედლები დეკორირებულია და ჭერი კესონური. თეთრი ფერის ზედაპირები ობით და აბლაბდებით არის დაფარული, ნაგავიც უხვად ყრია და მიუხედავად იმისა, რომ მის მეზობლად კვების ობიექტებია, ტალახის გუბეები და მათი სურნელი საკმაოდ უსიამოვნოა.

 

 

აღსანიშნავია, მელიქიშვილის 18-ის შემთხვევა. აქ თაღი ორ ქუჩას შორის კავშირისთვის არის დასმული, უფრო სწორად კი გამზირსა და მის მართობულ ქუჩას აერთიანებს. ის შენობის ფასადზე ერთმნიშვნელოვანი დომინანტია და მასშრაბში ჩასმული რითმულად განმეორებადი ღიობების რითმს საინტერესოდ არღვევს. გამზირზე გამომავალი მისი იერსახე, მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. გარდამავალ ნაწილში თეატრის უამრავ აფიშასა და ჭერზე გაკრულ საინტერესო ფოტოპორტრეტებს იპოვნით. უკანა მხარეს ტრადიციული განუკითხაობა იწყება. საბედნიეროდ, გათბობა-გაგრილების გარე ბლოკებით და სავენტილაციო ჰაერსატარებით დახუნძლული კედლები, გარკვეული დისტანციიდან შეხედვისას ქუჩაზე არსებული ფოთლოვანი ხეების სიმწვანით იფარება.

 

თბილისის „არკები“ თავისი შიდა მიკროსამყაროს მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. რას არ იპოვნით შენობის ამ გარდამავალ მონაკვეთში – რესტორანი, ადვოკატი, საკუჭნაოს კარი საშინელებათა ფილმის გადასაღებად რომ გამოდგება, აივანი, თეატრის აფიშები, ფეხსაცმლის სახელოსნო და იქვე მეწაღე, ელქტრო გამანაწილებელი კარადა და ა.შ.

 

 

თბილისი უახლოეს წარსულში, საბჭოთა წლებში და ასევე დღევანდელ დღეს აშენებული საცხოვრებელი სახლების ეზოებში შესასვლელი თაღები არანაირ ესთეტიურ დატვირთვას არ იღებდნენ საკუთარ თავზე და მხოლოდ ფუნქციურით შემოიფარგლებიან. თბილისის თაღების უმეტესობა დღევანდელ დღეს ერთმანეთს ჰგავს: შლაგბაუმის შიგნით ბევრი წარწერები, რომელთა შორის შესაძლოა მცირე ზომის გრაფიტიც აღმოაჩინოთ, გაუგებრად ახლართული კაბელები, აუცილებლად ჩამოცვენილი ბათქაში და ქაოტურად გაკრული განცხადებები.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest