პროექტი: მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფცია

მდებარეობა: გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდ. მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალი

არქიტექტორები: ნუცა ნადარეიშვილი, ოთო ნემსაძე, ლუკა კიკიანი

წელი: 2015

 

გუშინ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდ. მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია, არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ნემსაძესთან ერთად წარადგინა. პროექტის მიხედვით, 500 000 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი პარკი მოეწყობა და თბილისისთვის უპრეცენდენტო სარეკრეაციო ზონა შეიქმნება. თბილისის მერის თქმით, პროექტი გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ასევე ფუნქციას შეიძენს თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი კუნძული, რომელიც დღემდე სრულიად უფუნქციოა, მაშინ, როდესაც ის დედაქალაქის ერთ-ერთ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ფუნქციას შეიძენს, ასევე, მდინარე მტკვარიც, რომლის სანაპიროზეც დაგეგმილია სასეირნო ბილიკების მოწყობა.

 

 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, მოხდება ამ ადგილის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროს სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება და თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი ბუნებრივი კუნძულის ათვისება. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი პარკი. მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდება სასეირნო ბილიკები; მოეწყობა, აგრეთვე, ველობილიკები და საფეხმავლო ხიდები, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს როგორც ერთმანეთთან, ისე მდინარეში არსებულ კუნძულთან დააკავშირებს; აშენდება, ასევე, გამწვანებული სივრცეებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ვიზიტორებს კომფორტულად დასვენების შესაძლებლობას მისცემს – კაფეები, საგამოფენო პავილიონები, სპორტული მოედნები, მცირე ზომის სასტუმროები და სხვა. აღსანიშნავია, რომ პარკის ანალოგები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. მაგალითად: მადრიდში – Madrid RIO-ს პარკი, ნიუ-იორკში – Hunters Point–ის პარკი და ჩინეთში – Zhongshan-ის ნავსაყუდელი და სხვა.

პროექტი ძალზედ ზედაპირულია და მის არქიტეტურულ სახეზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ზედმეტია, პრეზენტაციაზე წარმოდგენილ მასალას შეადგენდა გენერალური გეგმის ესკიზური პროექტი, სადაც გამოკვეთილია პოტენციური ინვესტორისთვის შესათავაზებელი ნაკვეთების მდებარეობა, საფეხმავლო და სამანქანო ზონა და სხვა დეტალები. არქიტექტორებმა სავარაუდო ვიზუალის ამსახველ მასალად, უცხოური ანალოგების ფოტო და 3D რენდერები წარმოადგინეს.

 

 

IDAAF ამ პროექტის ერთ- ერთ ავტორ, ნუცა ნადარეიშვილს ესაუბრა:

„ იდეა იყო ის, რომ შექმნილიყო მოცემული ტერიტორიის გენგეგმა, რომელიც დაიყოფოდა დიდ ნაკვეთებად და შეთავაზებულ იქნებოდა ინვესტორისთვის, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს მის შესრულებაზე, ანუ ტერიტორიის განვითარება მოხდება სხვადასხვა ინვესტორის მიერ, მაგრამ საერთო გენგეგმის მიხედვით.

პროექტზე მუშაობის დროს ჩვენი მიმართულება იყო მთლიანად შეგვენარჩუნებინა კუნძულის პირველყოფილი, სარეკრეაციო სახე და მხოლოდ მისი გასუფთავება მომხდარიყო, რათა ფეხით მოსიარულეთათვის ათვისებადი გახდეს. თუმცა სანამ ეს მოხდება, საჭიროა ჩატარდეს უამრავი კვლევა, მაგალითად, წყლის მატებაზე დაკვირვება, რა ნაწილები იტბორება და როდის, დანარჩენ ქალაქს როგორ დაუკავშირდება ეს სივრცე და ა.შ ყველა წინასაპროექტო საფუძლიანი კვლევა.

ჩვენი, მომუშავე ჯგუფის, კონცეფცია იყო გენგეგმაზე „ცენტრები“ განგველაგებინა, სადაც გამოიყოფოდა კულტურულ – საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი დამაკავშირებელი საფეხმავლო თუ საველოსიპედო გზები. ამ ძირითად პრინციპს მივყვებოდით და წარმოდგენილ გენგეგმამდე მივედით.“

 

 

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი მასალა, მხოლოდ კონცეფციის დონეზე მოწოდებული იდეაა, რომელიც, ალბათ, საბოლოო სახეს მაშინ მიიღებს, როდესაც პროექტის ფორმები, ვიზუალი და სხვა დეტალები გახდება ცნობილი. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა,თბილისის არქიტექტურის სამსახური მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, მოამზადებს ტექნიკურ დავალებას, რის შემდეგაც დედაქალაქის მერია დეტალური პროექტის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.

 

მე კი მხოლოდ გისურვებთ, ეს დიდი ხნის ნანატრი, პოზიტიური ამბავი, მალე ვიხილოთ რეალობაში.

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest