არქიტექტორი: გიორგი მოსულიშვილი

საერთო ფართი: 153.32

მდებარეობა: თბილისი, ჭონქაძის ქუჩა

წელი: 2015

მშენებლობა: Mosulishvili & Partners

ძალიან ბევრს საუბრობენ ქალიქის ძველ ნაწილზე და ისეთ არქიტექტურაზე, რომელიც ამ ნაწლში უნდა კეთდებოდეს ან პირიქით. ჩემი სტატია ჩვენს რეალობაში „ქმედებების“ პოზიტიურ ნაწილზეა. ძველი თბილისის პატარა მონაკვეთი – დაახლოებით 55 კვ.მ ფართობის სამკუთხა ნაკვეთი ჭონქაძისა და გერგეთის ქუჩების კვეთაზე, „კარგ ხელში მოხვდა“. მიუხედავად იმისა, რომ შენობა თანამედროვე არქიტექტურის წარმომადგენელია, ის მაინც კარგად ერგება იმ გარემოს, რომელშიც არქიტექტურა ძირითადად XIX საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა. ამ შენობის რამოდენიმე მნიშვნელოვანი ღირსებაა – ზომიერი სიმაღლე, (მაქსიმალური ნიშნული 9.70) და მოცულობის სტრუქტურა, რომელიც ვიზუალურად შენობას ნაკლებად მასიურს ხდის. როდესაც ნაგებობის მთავარ ფასადს მისკენ მიმავალი ქუჩის მხრიდან ვუყურებთ, მისი ყველაზე მაღალი წერტილი უკიდურეს უკანა ნაწილს უერთდება და პერსპექტივის საინტერესო თამაში იწყება.

გამოყენებული მასალებია სუფთა ბეტონი, ხე (ლარიქსი) და მინა.

პროექტის ავტორმა, არქოტექტორმა გიორგი მოსულიშვილმა idaaf-თან საუბარში მათი გამოყენების ლოგიკა აღწერა: „პირველი სართული – ყველასთვის გახსნილი, მეორე სართული ნახევრად დახურული სამუშაო სივრცე და ზედა სართული პრივატული შემოფარგლული ფართი წინ პანორამული ტერასით.“

ფასადზე ვერტიკალური ხის ჟალუზები, ინტერიერში შუქისა და ჩრდილის დაბალანსების საშუალებას იძლევა. სივრცე საკმარის მზის სინათლეს იღებს და ამავე დროს კომფორტულია შიგნით მომუშავე ადამიანებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ შენობა მაღალი არა არის, ის ვერტიკალურად კარგად განვითარებული და ორგანიზებულია. ჯამში 4 სართულია: სარდაფი, მიწის დონე და ორი ზედა ნიშნული, რომლებიც ერთმანეთს ბეტონის კიბით უკავშირდება.

ოფისის ერთ-ერთი საინტერესო დეტალია სარდაფის სართულის ბუნებრივი განათება- ჰორიზონტალური ფანჯარა ქუჩის დონეზე შენობის მთავარი შესასვლელის წინ გამოდის. მისი საშუალებით მიწისქვეშა სათავსოში დღის სინათლე შედის. სწორედ ამის ხარჯზე ის სამუშაოდ მოსახერხებელი ხდება.

„ერთი შეხედვით, მეგონა სამშენებლო ნაკვეთის სამკუთხა მოყვანილობა მზღუდავდა და ჩარჩოში მსვავდა, სამაგიეროდ ამ გარემოებამ მიბიძგა მეტი მემუშავა დეტალებზე იმისათვის, რომ ჩვეულებრივი კონტურისგან მიმზიდველი მოცულობა გამოსულიყო.“ – ამბობს გიორგი მოსულიშვილი ჩვენთან საუბარში.

შენობის გარშემო არსებული ხეები სრულად შენარჩუნებულია და მას გარს ეხვევიან, ორივე ქუჩის გაყოლებაზე ახალი გამწვანება დაირგა. ამ შენობის არქიტექტურა ზომიერების შეგრძნებისა და დეტალების მიმართ სიყვარულის ერთობლიობის დადებითი და ნათელი მაგალითია.

 

გიორგი მოსულიშვილის სხვა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ:

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

ფოტო: სალომე ბარბაქაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest