„ბიკინის კუნძულებზე, 1946 წლის ისტორიული ბირთვული გამოცდის აღნიშვნით, პროექტი მიზნად ისახავს, გაითამაშოს ზღვარი კატასტროფასა და თამაშს, ბიკინსა და ბომბებს, ნამცხვარსა და სიკვდილს შორის.

1940-ანი წლების თემების გამოყენებით მხატვრები წვეულებას მითიური ბირთვული ნამცხვრით ასლით უმასპინძლებენ. ნამცხვის ფოტო 7 ნოემბერს 1946 წელს ვაშინგტონ პოსტის საზოგადოების სვეტის ძირითად ნაწილში დაიბეჭდა, სათაურით “მივესალმებით ბიკინის.” კოქტეილებით, ვინტაჟური მუსიკითა და ხელნაკეთი ნაყინის ბომბებით ცხოვრების პარადოქსულობის დღესასწაული აღინიშნება.

არსებობს რაღაც ღვთიურად უკუღმართი წვეულებებში, ნამცხვარსა და მოდაში, განსხვავებით ომის თეატრისაგან, რომელიც ჩვენს გარშემო მუდმივად თამაშდება, წვეულება ცდილობს გახსნას თემა, ჩვენი როლის შესახებ ამ ტრაგედიაში. აქტიურები ვართ თუ პასიურები, პრობლემების ნორმალიზაციის, ასიმილაციისა და უხილავობის სახელით, ჩვენ ყოველდღიურად “ვჭამთ” სიცრუესა და ძალადობას. ესაა სიტუაცია, სადაც რეალური მოვლენები უბრალო სტატისტიკურ შენიშვნებად იქცევიან და კულტურული „თეთრი ხმაურით“ და წვეულების თემით გადაიფარებიან.“ – ქეთა ღვინეპაძე / გაბრიელ ადამსი

 

მეტი ომი, მეტი ტორტი ქართველი და ამერიკელი არტისტების, ქეთა ღვინეპაძისა და გაბრიელ ადამსის ერთობლივი ნამუშევარია. ინსტალაცია „არტისტერიუმის“ ფარგლებში „ქარვასლაში“ გამოიფინა. ნამუშევარი წარმოადგენს ერთგვარ ალეგორიას იმისა, რომ ომისა და ნებისმიერი ძალადობის/აგრესიის შემდეგაც რჩება ძალიან დიდი კვალი და ეს არ შემოიფარგლება უშუალოდ პროცესის პერიოდით. პროექტის იდეა გაბრიელს ეკუთვნის, რომელიც დიდი ხანია მსგავსი სახის ინსტალაციებზე მუშაობს. 1 წლის წინ ის შემთხვევით წააწყდა ინტერნეტში “ატომური ტორტის” ფოტოს და გადაწყვიტა მსგავსი ინსტალაცია შეექმნა. ნამუშევარი შედგება მაგიდაზე არსებული ტორტისაგან, რომელსაც ატომური ბომბის ფორმა აქვს, მის დასაგემოვნებლად საჭირო თეფშების, ჩანგლებისა და შავი ჰელიუმის ბურთებისგან, რომლებიც აფეთქების შედეგად გამოწვეულ შავ ღრუბლებს ასახავს, მაგიდაზე გაბნეული ნამსხვრევები კი ნგრევის გამოხატულებაა. ეს არის ერთგვარი სარკაზმი, რადგან ომი “უბრალო ხალხისთვის” უდიდესი ტრაგედიაა, “მათთვის” კი, როგორც 1946 წლის ფოტზე ვხედავთ – ტორტის დაჭრის მიზეზი. ისინი აკეთებენ ტორტს და შემდეგ ადამიანები მიირთმევენ ამ ყველაფერს, ეგუებიან, არ გამოხატავენ პროტესტს და ეს იგივეა, იყო მონაწილე ამ ყველაფრისა.

 

 

ნამუშევარი კონკრეტული აუდიტორიისაკენ არ არის მიმართული, რადგან ომი არის თემა, რომელიც თითოეულ ადამიანს ერთნაირად ეხება. ეს ხელოვანების პირველი კოლაბორაცია იყო, რომელმაც მათი აზრით, წარმატებით ჩაიარა. სამუშაო პროცესი არტისტერიუმის ორგანიზატორების მხარდაჭერით თბილისში მიმდინარეობდა და განხორციელდა მარტა ბოშენ პორტერის ფონდისა და ბერქშირის ტაქონიკური თემის ფონდის მხარდაჭერით.

 

პროექტის ერთ-ერთ ავტორ ქეთას ღვინეპაძეს თავისივე კაფე „Linville“ -ში გავესაუბრე:

 

1. როდის და საიდან გაჩნდა იდეა?

პროექტის იდეა წამოვიდა პირველ რიგში თვითონ არტისტერიუმის წლევანდელი თემიდან, “ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს”. გაბრიელი მანამდეც იყენებდა დესერტს თავის პროექტებში (მაგალითად, “ice cream” პროექტი, რომელიც თბილისშიც ჰქონდა).

2. სახელი „More war, more cake” ცოტა პროვიკაციულია, მეტი ტორტი გასაგებია, მაგრამ მეტი ომი?..

აქ, პრინციპში, ტირე იგულისხმება, მეტი ომი – მეტი ტორტი. ჩვენ “გავაწყვეთ” მაგიდა რამოდენიმე ადამიანზე, იგულისხმებიან ისინი, რომლებიც მართავენ მსოფლიო პოლიტიკას და წყვეტენ რომ “ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ათასობით ადამიანის კი – სტატისტიკა”.

3. რა შეფასებები მოყვა ნამუშევარს?

ჯერჯერობით ყველაფერი მუშაობის პროცესშია, თუმცა შეგვიძლია ვთვათ, რომ ძირითადი გამოხმაურება მაინც დადებითია. მოეწონათ ისიც, რომ ცოტა “dark” მომენტებიც იყო ამ კომპოზიციაში.

4. როგორი არტ გარემოა ქვეყანაში და რამდენად არის მზად ქართული საზოგადოება მსგავსი ინსტალაციებისათვის?

გაბრიელს ძალიან მოსწონს საქართველო, როგორც გარემო ხელოვნებისთვის. თუმცა, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ გვაკლია, თუნდაც კომერციული გალერეები, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან პროექტების გაყიდვაზე. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ჩვენს ნამუშევარში საკვების გამოყენებამ საკმაოდ გაზარდა ქართული აუდიტორიის ინტერესი. ყველაფერი პროცესია, რა თქმა უნდა, და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში. პრობლემაა რამდენად გაიგეს ყველაფერი იმის მიღმა, რომ მიირთვეს გემრიელი დესერტი.

 

 

აქვე უნდა აღინიშნოს რამოდენიმე საინტერესო ფაქტი, რაც ინსტალაციის მიმდინარეობის დროს მოხდა. ერთ-ერთი იყოს ის, რომ ნამუშევარში გამოყენებული შავი ჰელიუმის ბურთებიდან, ერთ-ერთი უბრალოდ „გაქრა“, მერე ავტორებს საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდათ აეხსნათ ერთ-ერთი დამთვალიერებლისათვის, რომ ეს ბუშტები ინსტალაციის ნაწილია და ვერ გაატანენ, მიუხედავად იმისა, რომ მის ბავშვს ისინი ძალიან უნდა, ხოლო ყველაზე „ქართული“ მაინც ის იყო, რომ ტორტის გაჭრისას მისი დაგემოვნების სურვილი ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ ადამიანები არ აცდიდნენ მის დაჭრა და მაგიდის სხვადასხვა კუთხიდან თავისით ცდილობდნენ სასურველი ნაჭრების „დათრევას“. აი ასე, არტსა და კუჭს შორის, ეს უკანასკნელი თითქმის ყოველთვის იმარჯვებს.

 

ავტორი: ნანოუკ ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest