ალექსანდრე ქალდერის ნამუშევრები 2015-ის ზამთრის სეზონის მთავარი ექსპოზიცია იყო ტეიტ მოდერნში, ლონდონში. კურატორებმა მნახველის წინაშე მსუყე მასალა და ხელოვანის უამრავი საკულტო ნამშევარი წარმოადგინეს, სადაც კარგად ჩანდა ამ უდიდესი შემოქმედის საწყისი, განვითარებისა და კულმინაციის მომენტები. უსაზღვრო ნიჭით დაჯილდოებული არტისტი გარდაცვალების შემდეგაც არ კარგავს პოპულარობას და მისი შემოქმედება მრავალი ხელოვანისთვისაა შთაგონების წყარო. ქალდერმა ქანდაკებასთან მუშაობის ინოვაციური მეთოდები შეიმუშავა და გვასწავლა, როგორ შევქმნათ სამგანზომილებიანი სკულპტურები სივრცეში.

ამერიკელი ხელოვანი 1898 წელს ლაუტონში, პენსილვანიის შტატში დაიბადა. იგი არტისტების ოჯახში იზრდებოდა – მისი მამა და ბაბუა ცნობილი მოქანდაკეები იყვნენ, ხოლო დედა პორტრეტების პროფესიონალი მხატვარი. რა თქმა უნდა, ასეთმა გარემომ შეუწყო ხელი ქალდერს აღმოეჩინა საკუთარ თავში ნიჭი და პროფესიონალად ჩამოყალიბებულიყო.

პატარა ალექსანდრის ოჯახი ამა თუ იმ მიზეზის გამო ხშირად მოგზაურობდა ამერიკის გარშემო და იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ამ პერიოდის განმავლობაში ქალდერში ხელოვანი იღვიძებს და სამკაულების გაკეთებას იწყებს თავისი დის თოჯინებისთვის.

მიუხედავად ხელოვნებისადმი აშკარა მიდრეკილებისა, ალექსანდრე ქალდერმა მრავალი პროფესია შეიცვალა, სანამ ქანდაკებების შექმნას მოჰკიდებდა ხელს. უნივერსიტეტში სწავლისასაც იგი ჯერ მექანიკურ ინჟინერიას დაეუფლა (რაც შემდგომში ძალიან გამოადგა თავისი ცნობილი მოძრავი ქანდაკებების შექმნისას) და რამდენიმე წლის შემდეგ ხელოვნების შესწავლა დაიწყო.

„ინჟინრისთვის, საკმაოდ კარგი იდეალურს ნიშნავს, ხელოვანისთვის არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა იდეალურობა“.

არტისტის კარიერა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დასაწყისად 1926 წელს “Cirque Calder”-ის შექმნა მიიჩნევა; ეს არის ბაწრით, მავთულით, ნაჭრით, რეზინითა თუ სხვა ნივთებით დამზადებული მინიატურული ცირკი, რომელიც მალევე გახდა პოპულარული და მრავალ ქვეყანაში იქნა გამოფენილი. ქოლდერი პირველი იყო ვინც მავთულის სკულპტურები ანუ “სივრცეში ხატვა“ გამოიგონა და 1929 წელს ამ მეთოდით შექმნილი ნამუშევრებით გამოფენაც მოაწყო. ადრეული ნამუშევრებიდან ერთ-ერთი მოცეკვავის ჟოსეფინ ბეიკერის სკულპტურაა, იგი (სკულპტურა) მნიშვნელოვანი იყო ხელოვანის ინტერესის გაღვივებაში, რომ ამ მეთოდით გაეგრძელებინა მუშაობა.

 

„მე ფორმებით ვხატავ.“

 

მალევე, იგი აბსტრაქტული ხელოვნებით ინტერესდება და აქტიურად იწყებს აღნიშნულ სფეროში მუშაობას. არტისტის ინოვატორობა კიდევ ერთხელ მაშინ გამოვლინდა, როდესაც მოძრავი ქანდაკებების შექმნა დაიწყო, რაშიც ინჟინრის განათლება ძალიან დაეხმარა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მან ეს მოძრავი სკულპტურები დიდ მასშტაბებში წარმატებით გადაიტანა. იგი ცნობილია, დაკიდებული სკულპტურებითაც, რომლებიც ქარის დაბერვაზე ირხევიან და შტამბეჭდავ კომპოზიციას ქმნიან.

 

„რატომ უნდა იყოს ხელოვნება სტატიკური? შენ უყურებ გამოქანდაკებულ ან დახატულ აბსტრაქციას, სიბრტყეების, სფეროების, ბირთვების ამაღელვებელ ერთობას მნიშვნელობის გარეშე. იდეალური იქნებოდა, მაგრამ უმოძრაოა. შემდეგი ნაბიჯი სკულპტურაში მოძრაობაა.“

არ უნდა გამოგვრჩეს ჩვეულებრივი, სტატიკური, სურეალისტური ქანდაკებებიც, რომელთა შექმნაც ხელოვანმა ექსპერიმენტებით დაიწყო. იგი მხოლოდ სკულპტურებით არ შემოიფარგლებოდა, მხატვრულად აფორმებდა თეატრალურ დადგმებს, მისი დიზაინით შეიღება რამდენიმე თვითმფრინავი და მანქანა და რა თქმა უნდა აგრძელებდა სამკაულების კეთებას, რომელთაც მეგობრებს და ნათესავებს ჩუქნიდა.

 

ალექსანდრ ქალდერმა უამრავი ხელოვნების ნიმუში შექმნა საკუთარი კარიერის მანძილზე და წარუშლელი კვალი დატოვა ხელოვნების სფეროში. მისმა ინოვაციურმა იდეებმა ბევრ არტისტზე იქონია გავლენა. ისეთი ცნობილი ამერიკელებისთვის, როგორებიც რიჩარდ სერა, ალექსანდრ ლიბერმანი და დი სუვეროა, ქალდერი თავისი ქმნილებებით გზამკვლევი იყო დიდი მასშტაბის ქანდაკებების შექმნაში და საჭირო მასალის შერჩევაში. მისი ნამუშევრები მსოფლიოს მუზეუმებშია გამოფენილი, ხოლო სტატიკური სკულპტურები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებს ამშვენებს და აღაფრთოვანებს მნახველებს. მაგალითად „კაცი“, იგი ქოლდერის ქანდაკებებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდია და მონტრეალის 1967 წლის ექსპოსთვის შეიქმნა. ამ ნამუშევარმა ხელი შეუწყო საჯარო ხელოვნების განვითარებას. იმის მიუხედავად, რომ სტატიკური ქანდაკებაა, იგი დინამიური ნამუშევარია თავისი თაღებით, შვერილებით თუ ტალღოვანი ფორმებით, რომელიც თითქოს სხვადასხვა მიმართულებით მიიწევს.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest