მსოფლიოს გარშემო ავტომანქანების წარმოება ფართო მასშტაბებს აღწევს. კომპანიები ერთმანეთ ეჯიბრებიან უფრო კომფორტული, ეკო და მიმზიდველი დიზაინის მქონე ავტომობილების შესაქმნელად და ეს ცალკე დარგადაც კი ჩამოყალიბდა.

ავტომობილი ჩემთვის არის ძალიან საყვარელი ნივთი, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს. საგანი, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ და მნიშვნელოვან დახმარებას მიწევს ერთი პუნქტიდან მეორეში დათქმულ დროში მისასვლელად. თუმცა ეს ძალიან ეგოისტური მიდგომაა, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობას ახასიათებს, რადგან ჩვენ ყველამ პრიმიტიულ დონეზე მაინც ვიცით, რაოდენ საზიანოა მანქანების გამონაბოლქვი ადამიანის ჯანმრთელობისთვის და რამხელა ზიანს აყენებს ის ბუნებას.

სამწუხაროდ, თბილისში მანქანებმა ადამიანებზე გაიმარჯვეს, თუმცა „ბრძოლა გრძელდება“. მათი სიმრავლე ყველგან შეიმჩნევა და ხშირად გამაღიზიანებელიც კია, რადგან ისინი ადამიანებისთვის განკუთვნილ ტროტუარს უფრო და უფრო ხშირად ითვისებენ და ქვეითთა კომფორტის ზონასა და უფლებებს საგრძნობლად არღვევენ. ამაზე წინა სტატიაშიც ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მათ არ გააჩნიათ არათუ თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის შესაბამისი, არამედ არანაირი სხვა ავტოსადგომი. შენობები, რომლებიც სწორედ მათთვის იქნება განკუთვნილი და იქ ავტომანქანების განთავსება იქნება შესაძლებელი. ტროტუარებზე ან სხვა არა სამანქანო ადგილას ავტომანქანების სიმრავლე უფრო და უფრო მწვავე საკითხი ხდება თბილისსა და ზოგადად საქართველოში. ეს განსაკუთრებულად მტკივნეული საკითხია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს განვითარებული ქალაქები ერთმანეთზე უკეთეს, მოდერნიზებულ და მიმზიდველ ავტოსადგომებს აშენებენ. ამ პროცესში უამრავი ცნობილი არქიტექტორია ჩართული და საოცარ შედეგებსაც გვთავაზობენ დიზაინისა და მათი ფუნქციური მრავალფეროვნების მხრივ.

ამ სტატიაში 11 ყველაზე გამორჩეულ ავტოსადგომის დიზაინს წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან იმ იმედით, რომ თბილისის და არა მარტო მისი მმართველი ორგანო ერთხელ და სამუდამოდ დაინტერესდება ამ პრობლემით და დაიწყებს პროცესებს მათ გადასაჭრელად, რადგან ავტომანქანებთან დაკავშირებული პრობლემები მრავლდება და არა პირიქით.

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest