მინდა გესაუბროთ მერსედეს ბენცის მოდის დღეებზე, რომელმაც საქართველოშიც აიღო სათავე. ის მეტად საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მრავალფეროვანი კოლექციებითა და დიზაინერთა სიუხვით. მის ფარგლებში მრავალი ჩვენება და ღონისძიება ჩატარდა, რაც მოდის მოყვარული ყველა ადამიანისთვის ერთ დიდ დღესასწაულად იქცა.
ჩვენს წინაშე არა ერთი ცნობილი ქართველი დიზაინერი წარსდგა თავისი ახალი შემოდგომა-ზამთრის 15/16 კოლექციით. მათ შორის ყველაზე გამორჩეული გვანცა ჯანაშიაა, რომლის კოლექციაზეც უკვე გესაუბრეთ წინა სტატიაში და დამეთანხმებით რომ მისი კომპოზციები ძალიან მომხიბვლელი და გამორჩეული იყო. ასევე გამოირჩეოდა თამუნა ინგოროყვა და გოლა დამიანის კოლექციები. თამუნამ წარმოადგინა როგორც საკუთარი ატელიე, ასევე გოლასთან ერთად შექმნილი ტანისამოსის კოლექციაც.
შეუძლებელია არ ვისაუბროთ რუსეთში ცნობილი ქართველი დიზაინერის ალექსანდრე არუთინოვის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე, რომელიც გაჯერებული იყო ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრების ამსახველი პრინტებით, განსაკუთრებით მომხიბლა ჩემოდნისებრ ჩანთებზე გადატანილმა ნახატებმა, რომლებსაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა მათი მკვეთრი ფერები, ყვითელი ან წითელი.
ასევე მოვიხიბლე დათუნა სულიკაშვილის მიერ წარმოდგენილი ჩვენებით. მის კოლექციაში დომინირებდა შავი, წითელი და თეთრი ფერის სამოსი. სილუეტები, როგორც მას ახასიათებს კვლავაც დახვეწილი და ძალიან ქალური იყო.
როგორც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში აღვნიშნე, მერსედეს ბენცის მოდის დღეების განმვალობაშიც ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ იყო სტუმრების ეგრედ წოდებული „ქუჩის მოდა“. ქალაქი კიდევ ერთხელ აივსო ადამიანებით, რომლებიც ცდილობდნენ ცნობილი ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვედრას თავიიანთი განსაკუთრებული ჩაცმულობის გამო.
ამჯერადაც მინდა წარმოგიდგინოთ ფოტოგრაფ ლუიზა ჩალატაშვილის არაჩვეულებრივი ნამუშევრები და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მისი ფოტოები განსაკუთრებული ხასიათის მატარებელია და სწორედ ის ემოცია გააჩნია, რაც მოდური სამოსელისა და სტილის ამსახველ ფოტოებს უნდა ჰქონდეთ.
ავტორი: ანანო მაისურაძე
ფოტო: ლუიზა ჩალატაშვილი


