იდააფის დღევანდელი ორშაბათის ინსპირაცია თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია, რომელიც შუა საუკუნეების ფრესკებისთვის დამახასიათებელ ტექნიკას იყენებდა დაზგური ფერწერის შესაქმნელად.

მერაბ აბრამიშვილის პირველი შთაგონება ატენის სიონის ფრესკები იყო, რომლებსაც მამის ხელმძღვანელობით შემდგარი ექსპედიციისას შეხვდა. ასლების ხატვისას უძველეს ტექნიკას დეტალურად გაეცნო და შემდგომში ის საკუთარი სტილის შექმნაში ოსტატურად გამოიყენა. ლევკასის ტექნიკით შესრულებული დაზგური ფერწერა განსხვავებულ თემატიკას მიუძღვნა და ოთხმოციანელების თაობის გამორჩეულ ფერმწერად ჩამოყალიბდა.

აბრამიშვილის პირველ მნიშვნელოვან ნამუშევრად 1987 წლის „300 არაგველი“ ითვლება. ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ტილოებში, ბატალური სცენა უამრავი წვრილმანი დეტალის გულმოდგინედ ჩვენებით არის გადმოცემული.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარს ბევრი ნამუშევარი ბუნებასთან, ცხოველებთან და მცენარეებთან აქვს დაკავშირებული, მისი ინტერესის მუდმივი თემა რელიგიაა. სხვა და სხვა პერიოდში ის განსხვავებული კუთხით, განწყობითა და ფერის ინტენსივობით მუშავდებოდა. კონტრასტული გამოსახულება და ეპიზოდები 90-იანებში მეტად მძიმე იყო, მაგალითად „სოდომი და გამორი“ ან „აპოკალიფსი“. 2006 წლის „იერუსალიმი“ მათგან განსხვავებით რბილ, თბილ ტონებშია შესრულებული. აქ სიმშვიდე ენაცვლება წინა წლებში შექმნილ ნამუშევრებში დომინანტ შფოთვას. როგორც ჩანს მხატვრის გარშემო მიმდინარე პროცესები მის შემოქმედებაში შესაბამის განწყობას განაპირობებდა.

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი ფაუნის წარმომადგენლებს უჭირავთ. თუ შევადარებთ მის ორ ჟირაფს, შესრულებულს 1999 და 2005 წლებში, დავინახავთ საგრძნობ სხვაობას მათ შორის. განვითარება ხაზის სიმსუბუქისკენ, საერთო გამის მეტი ფერადოვნებისკენ და სიმშვიდისკენ მიდის. იგივე ცვლილებები სხვა ნამუშევრებშიც ჩანს.

„მაყვლის ბუჩქი“ და „ასკილი“, დანარჩენი მცენარეების მსგავსად, ერთდროულად რეალისტურიცაა და დეკორატიულიც. ეკლიანი ბუჩქები, ტილოების მრავალჯერ გადარეცხვით მიღწეული მთლიანობის ხარჯზე, ფაქიზად გამოიყურებიან.

თავისი ცხოვრების განმავლობაში (1957-2006) მერაბ აბრამიშვილმა უამრავი ღირებული ნამუშევარი შექმნა. მისი გარდაცვალების შემგდომ, 2013 წლიდან ისინი წარმოდგენილი იქნა ლონდონის სოთბის სააუქციონო სახლის მიერ გამართულ გამოფენებში. მან მსოფლიო სახვით ხელოვნებაში საკუთარი სივრცე დაიკავა. მერაბ აბრამიშვილი მხატვართა კავშირის წევრი იყო და სოფელ მსხალდიდის სკოლაში ასწავლიდა, მოსწავლეებს ნამდვილად აქვთ საბაბი იამაყონ თავიაანთი ხატვის მასწავლებლით, რომელიც შთაგონების წყაროდ უამრავი ადამიანისთვის იქცა.

აღსანიშნავია, რომ მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების ექსპოზიცია მომა თბილისშია გამოფენილი და მათი ნახვა 3 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest