პროექტის იდეა: ელენე ქორიძე, თამთა ჭელიძე

პავილიონის დიზაინი: თეზი გაბუნია
ვიდეო: ნიკოლოზ კაპანაძე

გრაფიკული დიზაინერი: გვანცა გაბუნია

არქიტექტორი: ლევან მირიანაშვილი

ინჟინერი: კახაბერ მეკოშკიშვილი

ტექსტი: ქეთი კერესელიძე, ეკა დვალიშვილი, ნინო იმერლიშვილი

2019 წლის 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ორგანიზაციამ „ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ თავისი პირველი პროექტის „ნაბიჯი შენკენ“ პრეზენტაცია გამართა „ფაბრიკაში“. პროექტი ხორციელდება ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ და ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მის ფარგლებში აშენდა „მობილური პავილიონი“, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ვიზუალური მასალა, რომელიც მეცნიერულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას კიდევ უფრო საინტერესო ფორმატში აწვდის მნახველს. ეს არის თავისუფალი სივრცე, პლატფორმა, სადაც ადამიანები ღიად შეძლებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე საუბარს. პავილიონს არ აქვს კარი. მნახველი შიგნით შესვლას მხოლოდ ალტერნატიული გზის მოძებნის შედეგად შეძლებს.
პროექტი აქცენტს აკეთებს სამ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე, ესენია: დეპრესია, შფოთვითი და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა. ცნობილია, რომ ყოველი მე-6 ადამიანი ამ აშლილობებიდან ერთ-ერთის ტვირთს ატარებს ცხოვრების განმავლობაში. სამიზნე აუდიტორია ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არიან. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სწორედ მოზარდობის პერიოდია ის პერიოდი, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა შესაძლოა თავი იჩინოს. ინფორმაციის ქონა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ამოვიცნოთ კონკრეტული მდგომარეობა, თვითდახმარების რა სტრატეგიები არსებობს ან რომელ პროფესიულ სერვისს შეგვიძლია მივმართოთ, პრევენციული საშუალებაა და მნიშვნელოვნად ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გაღრმავების რისკს.
„მობილური ოთახი“ ყოველთვიურად შეიცვლის თავის ადგილმდებარეობას და ძირითადად განთავსდება ისეთ სივრცეებში, სადაც ახალგაზრდები იყრიან თავს: სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, რეკრეაციულ ზონებში და ა.შ. სხვადასხვა დაწესებულებასთან თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდება საჯარო დისკუსიები ახალგაზრდების ჩართულობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებულ თემებზე.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაცია“ 2019 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები თამთა ჭელიძე და ელენე ქორიძე არიან, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი – ეკა დვალიშვილი. სტუდენტების ინიციატივაა საზოგადოებაში ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებულ საკითხებზე და სტიგმის დაძლევა.

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest