მაია ლინი ამერიკელი არქიტექტორია, თუმცა საკუთარ თავს დიზაინერად უფრო მიიჩნევს; იგი ცნობილია ნამუშევრებით სკულპტურასადა ლანდშაფტის დიზაინში.

ყველა ჩემი ნამშევარი უფრო მშვიდია, ვიდრე მე.“

– მაია ლინი

მისი მშობლები 1950-იან წლებში ჩინეთიდან ემიგრირდნენ ამერიკაში და სწორედ აქ, ოჰაიოში, დაიბადა დიზაინერი 1959 წელს. შეიძლება ითქვას, რომ იგი არტისტულ გარემოში იზრდებოდა, მამამისი ოჰაიოს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების დეპარტამენტის დეკანი იყო, დედა კი ლიტერატურის პროფესორი გახლდათ. ლინი არ ჩამორჩა მშობლებს და იელის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, სადაც ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების დარგში აიღო, ხოლო მაგისტრის – არქიტექტურის.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ ბაკალავრში სწავლის დროს მოხვდა: 21 წლის ასაკში მან ვიეტნამის ვეტერანთა მემორიალის დიზაინისთვის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. მის გამარჯვებას ბევრი აკრიტიკებდა, არგუმენტებად არქიტექტორის აზიურ წარმომავლობას, სქესს თუ პროფესიული გამოცდილების ნაკლებობას ასახელებდნენ. დიზაინი ძლიერ განსხვავდებოდა ტიპიური ომის მემორიალებისგან, ეს იყო V-ს ფორმის გრანიტის კედელი, რომელზეც ომში დაღუპული ან დაკარგული ჯარისკაცების სახელები ეწერა. დროთა განმავლობაში მემორიალი მნიშვნელოვანი სიმბოლო გახდა ომში დაღუპულთა ახლობელთათვის.

„ფრენისთვის, წინააღმდეგობის გაწევაა საჭირო.“

– მაია ლინი

კარიერის დასაწყისში მაია ლინი ხშირად ხდებოდა კრიტიკის მსხვერპლი, რადგან კაცების მიერ მართულ სამყაროში უწევდა ცხოვრება; იმის გამო რომ იყო ქალი, არაკომპეტენტურად და გამოუცდელად მიიჩნევდნენ. მაგრამ საკუთარი არაორდინალური ნიჭით და ხედვით მალევე დაიმკვიდრა ადგილი და კრიტიკოსებს ყველანაირი ეჭვი გაუქარწყლა. ახალგაზრდა გოგონებს იგი მოუწოდებს, არ გაყვნენ დაწესებულ სტანდარტებს პროფესიის არჩევისას, გასცდნენ ჩარჩოებს, ისწავლონ მათემატიკა, გახდნენ პროგრამისტები და ა.შ; არ არსებობს „ქალის“ და „კაცის“ პროფესია, ქრომოსომები არ გადაწყვეტს რას აირჩევ, უნდა აკეთო ის, რაც მოგწონს და არა ის, რასაც საზოგადოება დაგიწესებს.

„ხელოვანი იბრძვის, რათა ნამუშევარმა შეინარჩუნოს მთლიანობის ისე, რომ იგი დარჩეს ავტორის ძლიერ, ნათელ ხედვად. ხელოვნება არის და უნდა იყოს აქტი ინდივიდუალური სურვილისა, თქვა რაღაც ახალი და არა უკვე კარგად ნაცნობი.“

– მაია ლინი

ლინი თვლის, რომ ხელოვნების საშუალებით ყოველთვის ახლის თქმას უნდა ცდილობდე-ისეთი რამის, რაც ჯერ კარგად ნაცნობი არ არის. საკუთარი შემოქმედებით მას სურს საზოგადოების ყურადღება გარემოზე მიმართოს, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ახალი ნამუშევრის შექმნისას იგი მას ჯერ ვერბალურად წარმოიდგენს, ანუ ცდილობს გაიგოს მისი შინაარსი და მნიშვნელობა, შეაგროვოს მეტი ინფორმაცია, სანამ უშუალოდ ნამუშევარზე მუშაობას შეუდგება. შემოქმედებითი პროცესის დროს ყოველთვის უსმენს მუსიკას, ამბობს, რომ ეს უადვილებს მუშაობას. შთაგონებას კულტურულად განსხვავებული წყაროებიდან იღებს, ასევე ცდილობს საკუთარ ნამუშევრებში მისი წარმომავლობაც იგრძნობოდეს. მისი ნამუშევრები სიმარტივით, სიმსუბუქით გამოირჩევა, რომელიც ერთი ნახვისთანავე მოგნუსხავს, დაგატყვევებს.

დღესდღეობით, მაია ლინი ერთ-ერთი გამოჩენილი თანამედროვე არქიტექტორი და დიზაინერია, რომელიც აგრძელებს ახალ ნამუშევრებზე მუშაობასა და საზოგადოების გულის დაპყრობას.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest