MAXXI თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის ეროვნული მუზეუმია რომში. მისი დიზაინის შექმნაზე არქიტექტორმა ზაჰა ჰადიდმა იზრუნა და მასში შექმნა მულტიდისციპლინარული სივრცე ექსპერიმენტებისა და ინოვაციებისთვის.

მუზეუმის დიზაინზე ორ ეტაპიანი კონკურსი იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრომ 2000 წელს გამოაცხადა. იგი ყოფილი სამხედრო შენობის (Caserma Montello) ადგილს დაიკავებდა, რაც საკმაოდ სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული; ყაზარმა ქალაქის ცენტრთან და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან კარგად იყო დაკავშირებული.

გამოცხადებულ კონკურსში ზაჰა ჰადიდმა გაიმარჯვა და 273 სხვა კანდიდატი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უკან მოიტოვა. მუზეუმი არქიტექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, ამაზე ისიც მეტყველებს რომ MAXXI-ის ფოტო Zaha Hadid Architects-ის საიტის მთავარ გვერდზე დიდხანს იყო განთავსებული. მშენებლობა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2010 წელს დასრულდა. ჰადიდის მიერ კონკურსზე შეტანილი პროექტი 5 ახალი სტრუქტურის აშენებას ითვალისწინებდა, საიდანაც მხოლოდ ერთის აშენება მოხერხდა, რომელიც 30000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

MAXXI სცდება მუზეუმის, როგორც უბრალოდ ობიექტის ცნებას და წარმოადგენს შენობას, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, არ არსებობს საზღვარი შენობის შიგნით და მის გარეთ არსებულს შორის. ეს არის შრეების, ტალღოვანი კედლების, სხვადასხვა დონეების ერთობლიობა, რაც ქმნის ფართო სივრცეებს და ფუნქციურად ადვილად გამოსაყენებელია.

მუზეუმი გადახლართულ მილებს მოგვაგონებს, სადაც კედლები ერთმანეთს კვეთენ და შემდეგ შორდებიან შიდა და გარე სივრცეების შესაქმნელად. შენობის გვერდითი, ტალღოვანი კედლები თვით კონსოლიდირებული ცემენტისგანაა დამზადებული, ჰორიზონტალური სტრუქტურები შავად შეღებილი ფოლადის მასალისგან, ხოლო როდესაც ისინი სახურავის არტახებად გამოიყენება, გაძლიერებული ბოჭკოვანი ცემენტითაა დაფარული. ოთახები ბუნებრივი სინათლითაა ნათდება, რომლებიც თავის მხრივ სპეციალურ სახურავის სისტემაში იფილტრება. შენობაში შესვლისას ძალიან მაღალ ატრიუმში მოხვდებით, სადაც მიმღებია და საიდანაც მუზეუმის სხვადასხვა ნაწილისკენ შეგიძლიათ აიღოთ გეზი. სართულები ინტერიერში ერთმანეთთან შავი კიბეებითაა დაკავშირებული.

MAXXI ორი მუზეუმისგან შედგება, ხელოვნების და არქიტექტურის; კომპლექსში ამ მუზეუმების გარდა ასევე შედის: აუდიტორია, ხელოვნებასა და არქიტექტურაზე სპეციალიზირებული ბიბლიოთეკა და მედია ბიბლიოთეკა, წიგნების მაღაზია, კაფეტერია, ბარი/რესტორანი და გალერეები დროებითი გამოფენებისთვის, წარმოგენებისთვის და საგანმანათლებლო აქტივობებისთვის. შენობის წინ განთავსებულია ეზო ხელოვნების ფართომასშტაბიანი ნიმუშებისთვის და დიდი მოედანი საზოგადოებრივი აქტივობებისთვის.

მუზეუმის მნიშვნელობაზე ისიც მიუთითებს, რომ ზაჰა ჰადიდმა ამ შენობით Stirling Prize მიიღო ბრიტანული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აქ ბევრი ცნობილი თანამედროვე არტისტის ნამუშევრებია განთავსებული, როგორებიც არიან: Kiki Smith, Alighiero Boetti, Luigi Ghirri, Kara Walker, Ed Ruscha და სხვა მრავალი.

ბევრს დაებადა კითხვა მოვიდოდა თუ არა წინააღმდეგობაში თანამედროვე შენობა ქალქის „სტატიკურ“ იერსახესთან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შიში გაუმართლებელი აღმოჩნდა; მუზეუმის ტალღოვანი კედლები შესანიშნავ დიალოგში არიან რომის სიმეტრიულ, ნეო კლასიკურ ფასადთან. MAXXI თანამედროვე ხელოვნების პირველი ეროვნული მუზეუმია და მუდამ ყურადღების ცენტრშია, იქნება ეს საზოგადოება თუ მედია, ამიტომ იგი ერთგვარ კულტურულ ცენტრსაც კი წარმოადგენს რომისთვის.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest