არქიტექტორები: Mosulishvili & Partners |

სარემონტო სამუშაოები: Mosulishvili & Partners

ფართობი: 142.00 m2

წელი: 2017

მდებარეობა: კოტე აფხაზის ქ.22; თბილისი, საქართველო

მოსულიშვილი და პარტიონრებმა ახალი ინტერიერის რესტავრაცია დაასრულეს თბილისის ისტორიულ უბანში.

მოდის სახლი მატერიელი თბილისის ისტორიულ უბანში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს. მაღაზია მე-18 საუკუნის თბილისური არქიტექტურისთვის დამახასიაეთებელ შენობაშია განთავსებული, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ინტერიერი მაღალი ჭერითა და თაღური ღიობებით ხასიათდება.

სივრცეს არქიტექტორებმა ახალი სიცოცხლე სახასიათო ინტერიერის შექმნით შესძინეს. მაღაზია რამდენიმე დონეზეა განაწილებული. ეს თავისებურება პირვანდელი შენობის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. შესასვლელის ნაწილი ყველაზე დაბალი იარუსია, შემდეგ კი მეორე დარბაზის უფრო მყუდრო ნაწილი და გასახდელები მოდის. ბოლოს ძველი ხის კარის უკან განთავსებული კიბით ანტრესოლის დონეზე შეიძლება მოხვედრა, რომელსაცსაწყობის ფუნქცია აქვს შეთავსებული.

ქუჩის მხრიდან იარუსებად დალაგებული სიღრმეები დიდი ვიტრაჟების მეშვეობით კარგად აღიქმება. ძველი სახლის გარე კედლის სისქეც თავისთავად კიდევ ერთ დონეს ქმნის.

ტექსტურები, რომლებიც კედლის ზედაპირების გაწმენდისას გამოჩნდა, ახალ ინტერიერში ხელუხლებელი სახით შენარჩუნდა. აგურის სამი თაღი სივრცის პირველ და მეორე იარუსებს შორის გამაგრდა და ოდნავ გახალისდა თეთრი დეკორატიული კანტით, ასევე თეთრი ფერისაა ჭერის ავთენტური თაღედი. ინტერიერში გამოყენებულია ბევრი სარკე და მბზინავი ზედაპირი. ასეთი ფაქტურები თეთრ მორკალულ მიმმართველზე დამაგრებულ მასიურ ფარდასთან ერთად ინტერიერის ნათელ ხასიათს ქმნის. მკვეთრ აქცენტებს მხოლოდ შინდისფერი ბალიშები და ოქროსფერი დახლი წარმოადგენს, რომელიც უკან განთავსებულ სარკის კუთხოვან კედლის პანელთან მკვეთრ კონტრასტს ქმნის.

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

Facebook Comments
facebooktwitterpinterest