ბანგკოკში 314 მეტრიანი ცათამბჯენის, MahaNakhon-ის მშენებლობა ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა; იგი ყველაზე მაღალი შენობაა ტაილანდის დედაქალაქში, ჩამოართვა რა ეს ტიტული 304 მეტრიან Baiyoke Tower II-ს. მშენებლობის დამთავრება დიდი პრეზენტაციითა და დრამატული შოუთი აღინიშნა.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 620 მილიონი აშშ დოლარია და მშენებლობა 2009 წლის 23 ივლისს დაანონსდა.

ცათამბჯენის დიზაინი გერმანელ არქიტექტორ ოლე შირენს ეკუთვნის და თუ შენობის კვადრატულ ფორმებს მივაქცევთ ყურადღებას, ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს ამ არქიტექტორის დამახასიათებელი სტილია. შირენის მოღვაწეობის ასპარეზი ძირითადად აზიაა და მის ნამუშევრებს არა ერთი ჯილდო აქვთ მოპოვებული. საკუთარი არქიტექტურული ფირმის (Buro Ole Scheeren) შექმნამდე არქიტექტორი OMA-ს წევრი და პარტნიორი იყო; ცათამბჯენზე მუშაობაც მან ჯერ ამ კომპანიასთან ერთად დაიწყო და შედეგ უკვე საკუთარი ფირმით გააგრძელა და დაასრულა კიდეც.

კოშკი ბანგკოკის ბიზნეს რაიონის ცენტრში მდებარეობს. 77 სართულიან შენობაში 200 საცხოვრებელი ბინა და 150 ნომრიანი ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმროა განთავსებული. ცათამბჯენში ასევე ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრი, რესტორნები და კაფეები, 24-საათიანი ბაზარი და ბარი შენობის სახურავზე, საიდანაც ქალაქისა და მდინარე ჩაოპრაიას (Chaophraya River) შესანიშნავი ხედები იშლება. საინტერესოა ისიც, რომ ბინების ფასი 1,100,000-დან 17,000,000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

MahaNakhon სამ ნაწილად შეიძლება გაიყოს; პირველი 20 სართული სავაჭრო ცენტრს ეთმობა, შემდეგ, 73 სართულამდე საცხოვრებელი ნაწილი, ხოლო ბოლო სართულებზე რესტორნები და ბარებია განთავსებული.

ცათამბჯენის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ნიშანი პიქსელირებული ბილიკია, რომელიც შენობას მთელ სიგრძეზე მიუყვება, ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ამოკვეთილია მასში და წნეხილ ფორმას აძლევს. სივრცესა და შუშის დიდ მოცულობას, რომელიც ამ ბილიკით იქმნება „მინის ცის ყუთები ეწოდება (glass sky boxes)”; ესაა ვიტრაჟებისა თუ აივნების ერთობა, რომელიც სპეციალურადაა დაპროექტებული, რათა მობინადრეებს შიდა და გარე საცხოვრებელი სივრცე შეუქმნას. ამ „ბილიკის“ გარეთ მდებარე ბინებში მართალია არაა აივნები, მაგრამ მთლიან სიგრძეზე არსებული ფანჯრების გაღების ხარჯზე ახალი, ღია სივრცე იქმნება. ბინების ინტერიერზე დევიდ კოლინზის სტუდიამ იზრუნა (David Collins Studio). ოთახების დიზაინი ცათამბჯენის თემატური ხაზის გაგრძელებაა; აქ ფართოდაა წარმოდგენილი ხისა და ტექსტილის ბუნებრივი პალიტრა. ავეჯი ხელნაკეთია და მათი და განათების დიზაინი ამავე სტუდიას ეკუთვნის.

პროექტს მთლიანად 150,000 კვადრატული მეტრი აქვს ათვისებული. კოშკის ძირში საჯარო სივრცეა შექმნილი, მოედანი, სადაც ბაღები და სკვერებია განთავსებული. აქვე მოეწყო სატრანსპორტო სადგური მობინადრეთათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ MahaNakhon-ისთვის ცალკე აშენდა 7 სართულიანი შენობა, რომელსაც კუბი ეწოდება; ეს არის გართობისა და დასვენების ცენტრი, რომლით სარგებლობაც ყველას შეუძლია.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest