ირლანდიელი დიზაინერის, ჯონათან ანდერსონის შესაძლებლობებს რომ საზღვარი არ აქვს, კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდით, როდესაც ესპანური ბრენდისა და სამოდელო სახლის Loewe-ს შემოქმედებითმა დირექტორმა სექტემბრის ბოლოს, 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოგვიდგინა.

დღევანდელ ქაოტურ მოდის სამყაროში ამ დიზაინერის შემოქმედება შესამჩნევად პროგრესირდება ყოველწლიურად და ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს; მისი ნამუშევრები ეკლექტურ ერთობას ქმნის, რომლის შთაგონების წყაროსაც სხვადასხვა ეპოქა თუ ადგილი წარმოადგენს. ანდერსონისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კონტექსტს, ამიტომ კოლექციის ჩვენებამდე, ინტერიერის მომზადებისას იგი ობსესიურად ყველა დეტალს აქცევს ყურადღებას, სანამ მათ საკუთარ სტანდარტებს არ შეუსაბამებს და ნამუშევრების უკეთ წარმოჩენას არ შეუწყობს ხელს. გამონაკლისს არც ეს Loewe-სთვის შექმნილი 2017 წლის გაზაფხულის კოლექცია წარმოადგენს, რომელსაც ამ სტატიაში გაგაცნობთ.

მისი 2016 წლის შემოდგომის კოლექციის მსგავსად, აქაც გრძელი, მოშვებული სილუეტებია გამოყენებული, სადაც დიზაინერმა ეს თემა უფრო განავრცო და ორგანული, თითქოს დაუსრულებელი სახე მისცა, რაც ნამუშევრებს მიმზიდველობას მატებს.

ჩვენებას ფონად ჰოლანდიელი არტისტის, Magali Reus მიერ დამზადებული ვიდეო გასდევდა, სადაც ზღვაში მოტივტივე ლურჯი კასრები იყო გამოსახული, რომლებიც მოცურავეებს ნაპირისკენ გაჰქონდათ. ვიდეო მოკლე მეტრაჟიანი იყო და მთელი ჩვენების განმავლობაში მეორდებოდა. იგი არა მარტო კოლექციის თემის გაგრძელებას წარმოადგენს, არამედ ერთგვარი მეტაფორაცაა; რომ საქმე არასდროსაა დასრულებული და მუშაობა ყოველთვისაა საჭირო ბრენდის სრულყოფისათვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენება გაფორმებული იყო Noguchi-ს ნათურებით, კორეული ანტიკური დოქებით, Edmund de Waal-ის ფაიფურითა და Gaetano Pesce-ს სკამებით. აქედანაც იგრძნობა დიზაინერის ხედვა არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ სხვა გარშემო მყოფი საგნების მიმართ.

კოლექციაში წარმოდგენილი გრძელი, გაშვებული ქვედაბოლოები ჭაობის, ხოლო გადმოკიდებული სახელოები და ხვეული, გოფრირებული მანჟეტები თითქოს წყალმცენარეების ასოციაციას ქმნიან. ხელობისადმი ერთგულება კარგად იგრძნობა გაშვებულ ჩითის კაბებში, რომელთაც ამაყად გასდევთ მოდერნიზმის შტრიხები. ნამუშევრებში ასევე გამოყენებულია ტყავის მასალა; ზოგ მათგანს ძაფი ზედვე აქვს დატოვებული, თითქოს დიზაინერს ზედმეტი ნაწილის მოჭრა დაავიწყდა, რაც დაუმთავრებლობის განცდას ამძაფრებს. იმავე ეფექტს ქმნის უხეში ნაკერები, რომლებიც ტალღოვან კაბებს მიუყვება.

ერთი შეხედვით, კოლექცია ფორმითა და სტილით ბოშებს მოგაგონებთ, მაგრამ შედარებით ნაზ და სადა ტონალობებშია გადაწყვეტილი, რაც ისევ და ისევ ზღვის ასოციაციას ქმნის. და ბოლოს, ჩვენებაზე მოდელებს დიზაინერის ტანსაცმელთან ერთად მისივე შექმნილი ჩანთები და სხვა აქსესუარები ამშვენებდათ, რაც მთლიან სიუჟეტს უფრო მრავალფეროვანს ხდიდა.

სამი წელია, რაც ანდერსონი Loewe-ს ბრენდისთვის მუშაობს და უკვე მოასწრო რამდენიმე დასამახსოვრებელი კოლექციის შექმნა. მოუთმენლად ველოდებით, რას შემოგვთავაზებს იგი მომავალში და როგორ განვითარდება მისი შემოქმედება.

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest