პროექტის კონცეფცია: Windfor’s

ინტერიერის დიზაინი: “olivedesign” |ნინო ყამბარაშვილი, ხათუნა მიქაბერიძე|

მხატვრები: გიორგი მახარაშვილი, ირაკლი ქადეიშვილი, ბექა ზალიკაშვილი

სამშენებლო სამუშაოები: „ინჟინერთა ჯგუფი“ |პაკო მაღრაძე|

წელი: 2015

მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ისთ ფოინთი

 

აქ, ძმები კოენების საკულტო კრიმინალური კომედიის “დიდი ლებოვსკის” სული ყოველ კუთხეში იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ის სტილისტურად არც ერთ კონკრეტულ მიმართულებას არ მიჰყვება, ინტერიერი მაინც საინტერესო გამოვიდა.

მრავალფეროვანი დეტალების აურაცხელი რაოდენობა, ხალისით სავსე განწყობას ქმნის. მათ შორის არის შესვლისთანავე შემხვედრი დიდი ლებოვსკის სიზმრის ხორცშესხმული მოდელი. მყუდრო გარემოში მას თამაშის და გართობის სურვილის აღმძვრელი ფუნქცია აკისრია. მიწისქვეშა სივრცე რამოდენიმე ზონად იყოფა. სამეურნეო და სტუმრებისთვის განკუთვნილი ნაწილები ფუნქციურად კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა მათ შორის ზღვარი მკაფიოდ არის გავლებული. მიუხედავად ამისა სიბრტყეების, ტექსტურისა და ფერის ხარჯზე, ზღვარი უხეშად არ გამოიყურება. ამ კუთხით ერთ-ერთი საინტერესო დეტალია ანტრესოლში განლაგებული ოფისიდან ძირითად დარბაზში გამომავალი მთელი კედლის სიგრძეზე დასმული ფრამუგა.

 

 

ბილიარდისა და ბარისთვის განსაზღვრული ნაწილი რადიკალურად განსხვავებულია ბოულინგისგან. მათ ერთმანეთისგან ჯაჭვების ფარდა ყოფს, რაც ამ სხვაობას არბილებს, ვინადან ელემენტი ორივე ნაწილისთვის ორგანულია. განათების რეჟიმი, ფერი, ინტენსივობა ორივე მხარეს აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოულინგი თეთრი და ნეონის ნათებით გამოირჩევა, მაშინ როცა ბილიარდისა და ბარის ნაწილში საპირიპიროდ ყვითელი, ინტიმური განათებაა. ჭერი გადაწყვეტილია რამოდენიმე დონედ. პირველი ინდუსტრიული სივრცე შეუფუთავი კომუნიკაციების ვიზუალს ეფექტურად იყენებს, მისგან განსხვავებით სუფთა თეთრი შეკიდული ჭერი სათამაშო ბილიკზე კონცენტრირების მეტ საშუალებას იძლევა. საერთო ელემენტები – მთელს ინტერიერში სიფრთხილით განაწილებული მოხატულობა, ბეტონის იატაკი, აგურის ტექსტურა ვერტიკალურ სიბრტყეებზე და ბევრი მკაფიო ფერია.

Dude Lebowski თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს ბოულინგ კლუბში. ფილმში გამოყენებული ინტერიერი რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ინტერიერისგან. ჩვენ გვინდოდა რომ იქაურობა ყოფილიყო ცოტა ქაოტური. მკვეთრი უმაშტაბო დეკორაცია ცოტა უწესრიგოა, ისევე როგორც ფილმის მთავარი გმირი.” –აღნიშნა დიზაინერმა ნინო ყამბარაშვილმა Idaaf-თან საუბარში

ინტერიერში განათება კარგად გათვლილი და დაბალანსებულია. სანათების დიზაინი სპეციალურად ამ პროექტისთვის „olivedesign”-ის მიერ შეიქმნა. მათი ფორმა და მასალა ყოველი კუთხისთვის ინდივიდუალურად არის მორგებული. ლებოვსკის სტუმრებს განმარტოვების საშუალებაც აქვთ. პრივატული ზონები ლოგიკურად კლუბის განაპირას არის დაგეგმარებული. ერთად-ერთი გაუგებარი ნიუანსი კომფორტ ზონაში ხით შემოსილი კედლის მწვანე საღებავით დამუშავებაა. შეიძლება ითქვას ხეს საღებავმა სიცოცხლე წაართვა. არანაკლები ყურადღებით არის გადაწყვეტილი სველი წერტილები, სადაც სარკეებიანი კორიდორის გავლით მოხვდებით.

 

 

აღსანიშნავია, ქართული სამშენებლო-სამონტჟო ჯგუფის კვალიფიკაცია და დამოკიდებულება დეტალების მიმართ. შეზღუდული ვადების პირობებში სამუშაოს პროფესიონალური შესრულება.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფილმში ჯონ ლაუტნერის გოლდშტეინის რეზიდენცია ერთ-ერთი გმირის სახლის სცენების გადასაღებად გამოიყენეს, ძმები კოენები კარგი არქიტექტურული გემოვნებით გამოირჩევიან. ფილმის გმირები და მათი შემქმნელები, ალბათ დიდი სიამოვნებით გაატარებდნენ LEBOWSKI ბოულინგ კლუბში დროს.

ბოლოს კი გეტყვით: F*ck it dude, let’s go bowling

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest