ამ სტატიაში იდააფი წარმოგიდგენთ პროექტს, რომელსაც განხორციელება მოცემული ფორმით არ უწერია, თუმცა საკუთარი შინაარსით და ჩანაფიქრით, რიგ განხორციელებულ პროექტებზე მეტი მნიშვნელობა აქვს. პროექტი მოსკოვის ერთ-ერთი მეტრო სადგურის, ტერეხოვოას რენოვაციის საკონკურსო ნამუშევარს წარმოადგენს და მასზე ქართულმა არქიტექტურულმა სტუდია Laboratory of Architecture #3-მა იმუშავა.

„ნაგებობის კონსტრუქციული ნაწილი და ინფორმაცია ძირითადი მოცულობის შესახებ მოცემული იყო. ჩვენ არ გვინდოდა ინტერიერის უბრალოდ შეფუთვა და გადავწყვიტეთ ის უფრო კონცეპტუალური სახით წარმოგვედგინა. ჩანაფიქრი კულტურული თავისებურების კვლევებიდან და კონტექსტიდან გამომდინარეობს. რუსეთში ხალხი და ელიტა ყოველთვის ერთმანეთისგან არის გამოყოფილი, განსხვავებულია ყველაფრით – აზროვნებით, კულტურით და ა.შ. მეტრო კი ყველაზე სახალხო ტრანსპორტია, რომლის ზღურბლთანაც ნებისმიერი ადამიანი საკუთარი პიროვნების ნაწილს ტოვებს და მასის შემადგენელ რგოლად იქცევა. ჩევნი იდეა იყო თითოეულს ეგრძნო, რომ არის ინდივიდი.” – იდააფს პროექტის შესახებ LA #3-ის არქიტექტორი, დიმიტრი შაფაქიძე ესაუბრა.

 

 

“ყოველი პროექტის შესრულებისას ვცდილობთ ადამიანი გამოვიყვანოთ პირველ პლანზე – იქნება ეს მასშტაბი, მისი უშუალო თანამონაწილეობა თუ სხვა რაიმე ასპექტი. ამ პროექტშიც, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვიცოდით გამარჯვების შანსი მცირე იყო, გვინდოდა ჩაგვედო რაღაც ისეთი, რაც ინტერიერის ვიზუალის შექმნაში თითოეული ადამიანის მონაწილეობას შესაძლებელს გახდიდა. სწორედ აქედან წამოვიდა ჩვენი მოდულის იდეა, რომლის ერთი მხარე თეთრია, დანარჩენი სამი ფერადი და ყოველ მათგანს 3600-ით ბრუნვის საშუალება აქვს.

კონცეფციაზე ფიქრი თავიდანვე მიზანმიმართულად მიმდინარეობდა, ადამიანის ინდივიდის წინა პლანზე წამოწევის თვალსაზრისით. თუმცა ჩანაფიქრის ფიზიკური ფორმის სახით გადმოსაცემად გარკვეული დრო დაგვჭირდა, ყველანი ვხატავდით.“

 

 

მოდულები ვერტიკალურ ღერძზეა აგებული და მათი გამეორებით კედლების ყველა სიბრტყე იფარება. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ინტერიერი სუფთა თეთრ სივრცეს წარმოადგენს, თუმცა ყველა მხრიდან სხვა და სხვა ტონში შეფერილი ყოველი მოდულის დარტიალებით უნიკალური სურათი იქნმება. მეტროს სადგურში მოხვედრილ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გავლენა მოახდინოს სივრცეზე, მის ფორმირებაზე და პიროვნული კვალი დატოვოს.

პროექტის მნიშვნელობა მდგომარეობს არა მის ვიზუალურ ეფექტურბაში, არამედ მასში ჩადებულ ჩანაფიქრში, რომელიც ინდივიდს პირველ პლანზე წევს, საკუთარი თავის გამოხატვის და წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს საზოგადოებრივი სივრცის მოწყობაში და განწყობის შექმნაში.

 

პროექტის ავტორი: Laboratory of Architecture #3

მდებარეობა: რუსეთი, მოსკოვი

წელი: 2015-2016

ინფორმაცია კონკურსის და ორგანიზატორის შესახებ

მეტი ინფორმაცია LA #3-ის შესახებ შიგიძლიათ იხილოთ აქ.

 

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest