კვაჭი 2006-ში ჩვენი საერთო მეგობრისგან გავიცანი, მაშინ აბიტურიენტები ვიყავით და მზიან ამინდში აკადემიის ეზოში შეხვედრები ტრადიციასავით გვქონდა ბავშვებს. მაშინვე მომეწონა, ფერადი, პოზიტიური და იაპონურ კულტურაზე უზომოდ შეყვარებული ეს გოგო. მახსოვს მზიურის ფესიტივალები და კვაჭის ლურჯი თმა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ალტერნატიული მუსიკის კონცერტები და ზენიტის ფოტოკამერით გადაღებული მისი ფოტოები.
მერე იყო სტუდენტობა, სწავლის დღეები, კვაჭი ხატავდა, ილუსტრაციებს აკეთებდა, მე ყოველთვის მომწონდა მისი შემოქმედება და დღესაც რჩევებს დიზაინსა და გრაფიკაში, ყოველთვის მას ვეკითხები.

ახლა, როცა აღარც სტუდენტები ვართ და აღარც გართობის დრო გვრჩება, ყველზე უკეთ გამოჩნდა კვაჭის შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია მისი შემოქმედება, ნამუშევრებში უკვე იგრძნობა ძლიერი ინდივიდუალი შტრიხები, დახვეწილი გემოვნება და სტილი, განსაკუთრებული და „კვაჭისებური“.

„ჩემი შთაგონება ყოველდღიურობაშია, ამინდი, წიგნები, სიმღერები, ეს ყველაფერი ჩემი კვების წყაროა, რომელიც განსაზღვრავს ნამუშევრის ხასიათს, იყოს მხიარული ან მელანქოლიური და ხანდახან ბნელიც კი. ყოველთვის განსაკუთრებულად მიტაცებდა იაპონური კულტურა, ისტორია,მითოლოგია… ანიმეს ყურება ბავშვობაში დავიწყე, ცოტა გვიან მანგა -ს (იაპონური კომიქსები)კითხვამ გამიტაცა, შესაბამისად ჩემს ნამუშევრებსაც ყოველთვის ჰქონდათ იაპონური კულტურის გავლენა და ალბათ სწორედ ესაა მათი დამახასიათებელი ნიშანი.“ -აღნიშნა კვაჭიმ Idaaf -თან საუბარში.

ნინოს ნამუშევრებს თუ გადახედავთ, დარწმუნებული ვარ, სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. ეს, ერთი შეხედვით, საშიშსახიანი არსებები, მათი გამომეტყველება, ემოციები, თითქოს უნდა ძაბავდეს ადამიანს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში პირიქითაა, თითოეულ მათგანში განსაკუთრებულ შინაარსა და ისტორიას ვხედავ, რომელიც სულაც არ წარმოაჩენს მათ საშიშ არსებებად. თითოეული მათგანი კვაჭის სიზმრებიდან გადმოსული მგონია ხოლმე, ემოციური და მძაფრი სიზმრიდან.

“ჩემთვის ღამე საუკეთესო დროა მუშაობისთვის. მომწონს ჩემი ოთახის მარტოობა და ხატვა, მუსიკის მოსმენა და ახალი ინფორმაციების აღმოჩენა. მიყვარს ჩემი სიზმრების დამახსოვრება, უამრავი ალბომი მაქვს, სადაც ვიწერ და სკეჩებით გადმოვცემ ნანახს. ჩემი თავსაც ყველაზე ხშრად მძინარეს ვხატავ, რადგან მგონია, რომ სიზმრებში სასწაულები ხდება.“

ამ სტატიაში გაეცნობით კვაჭის ილუსტრაციების რამოდენიმე პროექტს.

“კატოს სამყარო“

კატო კვაჭის ციცქნა შვილია, მასავით კეთილი და მელანქოლიური. როგორც ყველა დედას, კვაჭისაც აოცებს თავისი გოგონას ფერადი ფანტაზიებით აღსავსე სამყარო და ეს ილუსტრაციების სერიაც სწორედ მას ეძღვნება:

„ძალიან მიყვარს კატოს ხატვა, უკან დავდევ ხოლმე ფოტოკამერით და ვაფიქსირებ მისი პაწია და საყვარელი სამყაროს დეტალებს, ამ ნამუშევრებით სწორედ მათი გადმოცემა ვცადე.“ -აღნიშნავს ნინო.

 

„მეტაფორა“
მუსიკა ყოველთვის იყო კვაჭის შთაგონების წყარო. უმეტესობა ნამუშევრებისა სწორედ კონკრეტული სიმღერის გავლენით აქვს შექმნილი. ამ ნამუშევრების სერიაც რამოდენიმე სიმღერის ილუსტრაციაა, ტექსტში გადმოცემული შინაარსი ნახატშია ასახული. ეს სიმღერებია:
„მაისურები“

„ჩემი ოცნებაა მქონდეს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი. უამრავი ილუსტრაცია მაქვს მაისურებისთვის, მაგრამ თბილისში პრინტის პრობლემაა, არსად არ არის შესაძლებლობა, რომ მაისურზე ხარისხიანი პრინტით გადაიყვანო ნამუშევარი. ამის გამო ბევრი ქართველი აკრილით ხატავს მაისურებზე. იმედია, ეს პრობლემა მალე გამოსწორდება.“

 

სხვა ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ კვაჭის ინტერნეტ გვერდებს:

https://www.behance.net/gallery/Birdhouse-project/15534033

https://www.facebook.com/KvachiArt

http://kvachi.tumblr.com/

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest