ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1905 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი პირველი ქართველი ქალი არქიტექტორია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა.

ქეთევანის მამა, ნიკოლოზ სოკოლოვი იურისტი იყო, ხოლო დედა, მარიამ ფორაქიშვილი – მხატვარი. ალბათ, სწორედ დედისგან გამოჰყვა არქიტექტორს შემოქმედებითი ნიჭი. 1922 წელს მან გიმნაზიაში სწავლა დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევიდა (1928 წლამდე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი), სადაც არქიტექტურის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა თავის მომავალ მეუღლესთან, არჩილ ქურდიანთან ერთად.

ქეთევანმა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დაიწყო პროექტებზე მუშაობა. აპროექტებდა საცხოვრებელ სახლებს, ადმინისტრაციულ შენობებს, სოფლებს და ა.შ. მისი პროექტების უმეტესობა განხორციელებული და სისრულეშია მოყვანილი.

ქეთევანის ხელს ეკუთვნის: გერმანული სააქციო – სამშენებლო საზოგადოების “ალტებაუაგის” დაკვეთით ვილა სპარსეთის დიდებულისთვის; პირველ ჩაის ფაბრიკა ჩაქვში; სოფლები ნაჭაობარ, გაცოცხლებულ კოლხეთის მიწაზე. იგი ასევე დიდ მონაწილეობას ღებულობდა ი. ჟიტკოვსკისთან ერთად, მოსკოვში, არჩილ ქურდიანის მიერ დაპროექტებულ და აშენებულ საქართველოს პავილიონის შექმნაში საკავშირო სასოფლო – სამეურნეო მიღწევათა გამოფენაზე. ასევე იყო, ადმინისტრაციული შენობები, საცხოვრებელი სახლები, წყალთა მეურნეობის სამინისტროს ორი დიდი სცხოვრებელი სახლი ი.ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი სახლი ვახუშტის ქუჩაზე, მეცნიერ მუშაკთა საცხოვრებელი სახლი კ. გამსახურდიას ქუჩაზე ი.ჩხენკელთან ერთად, სასტუმრო ინტურისტი ქ. გორში არჩილ ქურდიანთან ერთად და სხვა.

მის ნამუშევრებში იგრძნობა ქართული, ტრადიციუილი არქიტექტურის შტრიხები, ჩანს ის ნიჭი, რომელსაც იგი ფლობდა და ბოლომდე ამჟღავნებდა თავის ქმნილებებში.

როგორც უკვე აღვნიშნე, ქეთევან ქურდიანი პირველი ქართველი ქალი არქიტექტორი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული არქიტექტურის განვითარებაში. იგი პირველი იყო, ვინც „კაცების“ პროფესია აირჩია და მათ სამყაროში შეაბიჯა. თავისი ნიჭითა და ნამუშევრებით მოახერხა სახელი მოეხვეჭა და თავი დაემკვიდრებინა, როგორც წარმატებულ არქიტექტორს. ქეთევან ქურდიანი არქიტექტორთა კავშირის წევრი იყო დაარსების დღიდან და აქტიურად აგრძელებდა მოღვაწეობას სიცოცხლის ბოლო წლებამდე. იგი 1988 წლის 26 აგვისტოს გარდაიცვალა.

ამ სტატიის წერისას ერთ უცნაურობას გადავაწყდი. ინფორმაციის ძიებისას არქიტექტორის ოჯახს მივმართე, მათ სიამოვნებით მომაწოდეს სასურველი ინფორმაცია. ვეცადე სხვა წყაროებიდანაც მომეძია ცნობებიდა ძველი საბჭოური ენციკლოპედია გადმოვიღე. გამიხარდა, როდესაც არჩილ ქურდიანზე ვიპოვე ინფორმაცია, მეგონა ქეთევანზეც აღმოვაჩენდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად იქ არაფერი იყო. როგორც ჩანს სექსისტური დამოკიდებულება მაინც მძლავრობდა საბჭოთა წლებში და ქალ არქიტექტორზე ინფორმაციის დაბეჭდვა არ მიიჩნიეს აუცილებლად, რაც არ უნდა ცნობილი და წარმატებული ყოფილიყო ის.

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest