“ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ, რომელთაც საერთო ჰობი – ფოტოგრაფია გვაერთიანებს. ფოტოგრაფია ჩვენთვის ალტერნატიული და თავისუფალი საშუალებაა თვითგამოხატვისა და სამყაროსთან ურთიერთიერთქმედებისთვის – გზა, რომელსაც ჩვენი ყოველდღიური რუტინის და საქმიანობების პარალელურად მივუყვებით.
რატომ გავერთიანდით? იმიტომ, რომ ერთმანეთის დახმარება, შეგულიანება და სტიმული გვჭირდება – ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და კიდევ იმიტომ, რომ ერთად უფრო ადვილია.
რითი ვიწყებთ და საით მივდივართ? 15 ნოებერი, 2015 – კალეიდოსკოპის პირველი გამოფენა. თბილისი. რუსთაველის 52. ძველი საბაგიროს ქვედა სადგური. სხვადასხვა თემატიკის და 9 განსხვავებული ხედვით გადაღებული კალეიდოსკოპური ფოტოები მიტოვებულ, უფუნქციოდ და ნოსტალგიის ობიექტად დარჩენილ შენობას აცოცხლებს და სხვა პერსპექტივით წარმოაჩენს ქალაქის ურბანულ გეგმარებაში. ისევე, როგორც თავად მონაწილეები წარმოვადგენთ ჩვენს სხვა, ყოველდღიურობაში ჩაკარგულ უცნობ მხარეს. ჩვენ ახლა ცხრანი ვართ, მაგრამ ვიცით, რომ სინამდვილეში ბევრად მეტნი და ბევრად მეტგან ვართ. ჩვენ გაგახსენებთ მივიწყებულ ინტერესებსა და მისწრაფებებს; გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებსაც გეგონათ, რომ იცნობდით; გაჩვენებთ ნაცნობ, საყვარელ და მივიწყებულ ადგილებს და ამ ყველაფერს კალეიდოსკოპიდან, ახლებურად დაგანახებთ.” – კალეიდოსკოპის წევრები თავს ასე გვაცნობენ.
15 ნოემბერს გამართული გამოფენა თბილისის ფუნიკულიორის ყოფილ შენობაში შედგა. ამ მაგიურმა სივრცემ, საინტერესოდ განლაგებულმა ნამუშევრებმა და განათების დიზაინმა, საუკეთესო კომბინაცია შექმნა ფოტოების უკეთ აღქმისათვის. ფოტოხელოვნება, ზუსტად გამოხატული ინტერიერში, გამოფენაზე სასიამოვნოდ გაოცებული სტუმრების სახეებს გადავაწყდი.
1. რატომ კალეიდოსკოპი?
ამ პროექტში და ამ გამოფენაში 9ადამიანი ვართ გაერთიანებული. ყველა განსხვავებული პროფესიისაა, მაგრამ გვაერთიანებს ფოტოგრაფიის სიყვარული , ესაა საერთო ჰობი, რომელიც ჩვენი სულიერი სამყაროს საზრდოს წარმოადგენს. ყველასთვის განსხვავებულად წარმოჩინდება ფოტოგრაფია და ამ გამოფენაშიც ფოტოების ჟანრები მრავალფეროვანია , ისევე როგორც კალეიდოსკოპში გახედვისას გამოსახულების სხვადასხვა ფორმა. ჩვენს გაერთიანებას ვუწოდეთ კალეიდოსკოპი და იგივე სახელი დავარქვით ჩვენს პირველ ერთობლივ გამოფენას.
2. როგორ ხედავთ ფოტოგრაფიის ან ფოტოს მნიშვნელობას საზოგადოებისთვის?
რთული კითხვაა, რომელზეც ალბათ თითოეული ჩვენგანი ძალიან ბევრს და სხვადასხვანაირად ისაუბრებდა. პირველ რიგში ალბათ მაინც ფოტოგრაფიის და ფოტოს მნიშვნელობა საზოგადოებისთვის მეხსიერების შემონახვაშია. ეპოქალური თუ პირადი ინდივიდუალური მომენტის დაჭერის, ერთგვარად შუშის ყუთში ჩასმის და დაკონსერვების, რაც თავის მხრივ მარადიულობა–წამიერების, და სიკვდილ–სიცოცხლის შეპირისპირებას უკავშირდება. სუიზან სონტაგის დაკვირვებით ამ თვალსაზრისით მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებული პარიზის კადრები უფრო სიურეალისტურია დღეს ჩვენთივს, ვიდრე ამავე პერიოდის სიურეალისტ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. ფოტოგრაფია ასევე იარაღია საზოგადოებისთვის სიმართლისა და რეალობის შექმნისთვის. თუმცა რამდენად ობიექტურის, ეს უსასრულო დავის საგანია.
3. რა არის თქვენი მოტივაცია?
მომავალში ამ საქმის გაგრეძლება , იგივე სიყვარულით და შემართებით. ერთად მუშაობა და კიდევ სხვა ფოტოგრაფიით დაინტერესული ადამიანების შემოერთება. ახალი იდეების განხორციელება, ახალი ფოტო პროექტები , ახალი გამოფენები და ზოგადად სამოყვარულო ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია.
ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი


