თარიღები: 15-17 მაისი. 2016

მონაწილეები: გიორგი მირზიკაშვილი | თათია შავგულიძე | სალომე ცოფურაშვილი | ლიზა ნინიაშვილი | ნიკოლოზ მჭედლიძე | ალექს მაღლაკელიძე | ალექსანდრე კაციტაძე | თამრი ბოლქვაძე | ნინუცა კაკაბაძე | ლაშა გვაზავა | ნატალი ბურდული | გიორგი მაჭავარიანი | ერეკლე დიდებაშვილი

 

იდააფი კალეიდოსკოპის ტრადიციული მხარდამჭერი გახდა და კვლავ გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს თამრი ბოლქვაძესთან, რომელიც გამოფენის ნახვის კიდევ უფრო მეტ ინტერესს აღძრავს თქვენში. ის “ჩაი გრუზია”-ში, კოსტავას 59 ნომერში, 2016 წლის 15 მაისს გაიხსნა და რამდენიმე დღის მანძილზე გაგრძელდება.

– კალეიდოსკოპის გუნდის შემადგენლობა გაიზარდა, რამ გამოიწვია ეს და რა პრინციპით შეირჩნენ ახალი მონაწილეები?

როგორც წინა გამოფენის კონცეფციაში გაჟღერდა: სინამდვილეში ბევრად მეტნი და ბევრად მეტგან ვართ. კალეიდოსკოპი სულ მზარდი და სულ უფრო მრავალფეროვანი იქნება.
ჩვენ გაგახსენებთ მივიწყებულ ინტერესებსა და მისწრაფებებს; ახალი კუთხით გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებსაც გეგონათ, რომ იცნობდით; გაჩვენებთ ნაცნობ, საყვარელ და მივიწყებულ ადგილებს და ამ ყველაფერს კალეიდოსკოპიდან, ახლებურად დაგანახებთ.

ამჯერად 13-ნი ვართ. ისინი ვინც შემოგვიერთდნენ იზიარებენ კალეიდოსკოპის გუნდის საერთო ინტერესებს და ჩვენსავით არ იშურებდნენ ძალებს კალეიდოსკოპი #2 -ის გამოფენის ორგანიზებაში.

– რას წარმოადგენს რიგით მეორე კალეიდოსკოპის კონცეფცია, რა არის მისი მთავარი საგანი და სათქმელი?

ახალი ფოტო გამოფენის იდეა არ შეცვლილა. ჩვენ კვლავ ავიღეთ ყველასთვის ნაცნობი და ბევრისთვისაც უცნობი შენობა და საკუთარი ძალისხმევით გარდავქმენით ის ალტერნატიულ საგამოფენო სივრცედ.

გვქონდა შენობების და სივრცეების დიდი სია, თუმცა საბოლოოდ არჩევანი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაზე გავაკეთეთ.

– ძირითადი კონცეფციის ნაწილი ნაცნობი უცნობი შენობების გაცოცხლება და წინა პლანზე წამოწევაა, რატომ მიება ფოტო პროექტს არქიტექტურული სივრცეების თემა და რა პრინციპით შეირჩა გამოფენის ლოკაცია?

ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. თავიდანვე გვინდოდა განსხვავებული ფოტო გამოფენის მოწყობა ალტერნატიულ საგამოფენო სივრცეში. საკუთარი რესურსით ამჟამად უფუნქციო შენობების გარდაქმნა დიდ აზარტს დაუკავშირდა და აი ისევე როგორც კალეიდოსკოპი #1, კალეიდოსკოპი #2-იც იგივე კონცეფციით გვინდა წარმოვადგინოთ.
რაც დრო გადის ჩვენი ქალაქი იცვლება, იცვლება მისი არქიტექტურა. დიდი ისტორიის შენობები და სივრცეები ქრება. კალეიდოსკოპის გუნდი შეეცდება შემორჩენილი სივრცეები გამოაცოცხლოს თუნდაც რამდენიმე დღით.

– კალეიდოსკოპი #1 გამორჩეული იყო თავისი ექსპოზიციით, მისი ვერტიკალური წყობით და მნახველის მოძრაობის განსაზღვრული მიმართულებით, რაც განპირობებული იყო თავად ნაგებობის სპეციფიკით რომელშიც ის ჩატარდა. არის თუ არა ასეთი ნიუანსები კალეიდოსკოპ #2-ში?

რა თქმა უნდა ამ გამოფენაზეც იქნება გათვალისწინებული ნაგებობის სპეციფიკა. ჩვენს მიერ არჩეული შენობები თავად გვკარნახობენ ექსპოზიციას.

– როდის ველოდოთ კალეიდოსკოპ #3-ს?

კალეიდოსკოპი #2 ფოტოკვირეულ – ქოლგას თბილისი ფოტოს ფარგლებში იმართება. როდესაც ბესო ხაინდრავამ – ფოტო ფესტივალ „ქოლგა“-ს დამაარსებელმა, შემოგვთავაზა ფესტივალში მონაწილეობის მიღება ჩვენ დიდი სიამოვნებით დავთანხმდით. შესაბამისად დავაჩქარეთ მოვლენები და გავაკეთეთ კალეიდოსკოპ #2 პირველი გამოფენიდან 6 თვის თავზე. ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები მომავალში. ერთი დანამდვილებით ვიცით – იდეები ბევრია და მომავალი გამოფენების მოწყობის სურვილიც უდიდესი.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest