“Telma DA არის სამკაულები და დიზაინი. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდეს ორი სამყარო, დიზაინი და არქიტექტურა უნიკალური და გულწრფელი პერსპექტივიდან“. – თელმა ფერეირა, ახალი ბრედის დამფუძნებელი.

Telma Da არის ბრენდი, რომელიც წარმოადგენს არქიტექტურული კონცეფციებისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაციას. ბრენდის შექმნის პირველი მცდელობა თელმას რომში არქიტექტორად მუშაობის დროს გაჩნდა. როდესაც ის პორტუგალიაში, პორტოში დაბრუნდა და უჯრიდან ჩანახატების წიგნაკი გამოიღო, მასში მოგროვილ მასალაზე დაყრდნობით შემუშავდა “IN” კოლექცია POP´s კონკურსისთვის.

IDAAF თქვენთვის ეძებს ახალ არტისტებსა და ბრენდებს. ეს სტატია პორტოში დაფუძნებულ სამკაულების მარკაზეა. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს დიზაინერ თელმასთან:

 

რა მასალებს იყენებ შენი სამკაულებისთვის?

– არსებულ კოლექციებში გამოყენებული მასალებია: HPL (დაპრესილი ლამინატი), 925 სინჯის ვერცხლი და სქელი გრეხილი ლენტი. ვინაიდან კონცეფცია დაფუძნებულია არქიტექტურაზე, მასალებიც შერჩეულია ისეთი, რომლებიც ჩვეულებრივ მშენებლობაში გამოიყენება. ლამინატი ფანტასტიური მასალაა სამკაულებისთვის, მისი მეშვეობით შეგვიძლია მივიღოთ საკმაოდ დიდი ნივთი, რომელიც ამავე დროს არაჩვეულებრივად მსუბუქი იქნება.

შენს ნამუშევრებსა და არქიტექტურულ მოცულობებს შორის კავშირი ნათელია, მაგრამ საინტერესოა, რა იყო შენთვის კონკრეტული შთაგონების წყარო ამ კოლექციისთვის?

– როგორც აღნიშნე შთაგონება არქიტექტურიდან მოდის, ამის უარყოფა შეუძლებელია, მაგრამ ამავე დროს ის ნებისმიერი მიმართულებიდან შეიძლება მოგევლინოს. ხანდახან ეს მთელი შენობა არის, რომლის თითოეულ ფასადს მე გულსაკიდის ან საყურის სახით წარმოვიდგენ. ან, შესაძლოა ეს მხოლოდ პატარა დეტალი იყოს, მაგალითად – ფანჯარა, სვეტი ან რაიმე სხვა… ან კიდევ შუქ-ჩრდილი, რომელსაც შენობის კედელზე მზის სხივი ბუნებრივად დაცემისას ქმნის.

შენი კოლექციები აღიქმება, როგორც კონკრეტული წერტილიდან დანახული სამგანზომილებიანი ობიექტი, მაგრამ ყველა მათგანი რეალურად ორგანზომილებიანია და დრო და დრო რამდენიმე ფენიანი. რა იყო ამ ეფექტის მიღების პროცესში ყველაზე რთული?

– სიმართლე გითხრა, არ ვთვლი, რომ რომელიმე ნაწილი მეტად ან ნაკლებად რთულია, მე მათ ვუყურებ, როგორც მთელი პროცესის შემადგენელ კომპონენტებს. თუმცა, სამგანზომილებიანი იდეის ორ განზომილებაში გადმოტანა ისე, რომ ის „ყალბად“ არ გამოიყურებოდეს, ალბათ, მთელი ციკლის ყველაზე შრომატევადი და დროსთან დაკავშირებული ნაწილია.

შევამჩნიე, რომ საკუთარი თავის ფოტოგადაღება მოგწონს, როგორია არქიტექტორისთვისა და დიზაინერისთვის კამერის წინ დგომა?

– კი, მე ეს მომწონს, მაგრამ ბოლომდე მოდუნებული მაინც არასდროს ვარ. ფოტოებში ყოველთვის ან ძალიან სერიოზული ვარ, ან კიდევ სრულიად საწინააღმდეგოდ, ვმაიმუნობ, ვიჭყანები და სასაცილო გამომეტყველება მაქვს! გარდა ამისა, არასდროს ვიცი რა ვუყო ხელებს. ამიტომ, როგორც წესი ისინი გადაჯვარედინებული მაქვს – შესაძლოა ეს ჩემთვის თავდაჯერებულობის შთაბეჭდილების მიღწევის ხერხია.

რამდენი კოლექცია გაქვს უკვე მომზადებული და რომელია შენი მიმდინარე პროექტი?

– მე მაქვს სამკაულების სამი კოლექცია: IN, FUSION და MODULE. ასევე, მაქვს სამი ნივთისგან შემდგარი ავეჯის კოლექცია. ჩემთვის ინტერესის მთავარი საგანი მაინც თანამედროვე სამკაულებია, თუმცა მუსიკოსების მსგავსად, ძიებაში ვარ ტურნეზე! ბრენდისა და კონცეფციის ცნობადობის გაზრდაზე ვმუშაობ. ვთვლი, რომ ეს ერთადერთი გზაა მიაწვდინო ხმა ადამიანებს და მათ, ვინსაც უყვარს არქიტექტურა და დიზაინი. დღეს ნამდვილად არ არის ადვილი გქონდეს რაღაც განსხვავებული ან ინოვაციური.

ამჟამად ვმუშაობ ახალი კოლექციის დიზაინზე. სიმსუბუქით, თავდადებითა და ბევრი სიყვარულით ყველაფერი ისე გამოდის, როგორც მე მინდა. მე ვალდებული ვარ ყოველი მომდევნო კოლექცია უფრო ინოვაციური გავხადო. ძალიან მომთხოვნი ვარ, სწორედ ამიტომ პროცესის ყველა ნაბიჯი უნდა წავიდეს ისე, როგორც მე ამას ვხედავდი, სხვა შემთხვევაში მზა პროდუქტიც კი ვერ ნახავს დღის შუქს.

თბილისი და საქართველო შედის შენს მომავალ გეგმებში?

– დიახ, ეჭვს გარეშე! მე ვეძებ ქვეყნებს და მაღაზიებს, რომლებიც მიესალმებიან თანამედოვე და ინოვაციურ იდეებს. მე ამას თბილისში ვხედავ. ქალები აქ არაჩვეულებრივები და ძალიან მოდურები არიან, რასაც ბევრ ქვეყანაში ვერ შეხვდები. ჩვენი პროდუქტის ინტეგრირებისთვის თანამედროვე დიზაინ მაღაზიების ძებნაში ვართ (მუზეუმების, გალერეების, მოდის სახლების და დიზაინ მაღაზიების). ფაქტობრივად ჩვენ დავეკონტაქტეთ “DOTS”, რადგან ისინი ჩვენხ ხედვას იზიარებენ. სამწუხაროდ ისინი მხოლოდ ადგილობრივ პროდუქტთან მუშაობენ, რაც ჩემთვის დასანანია!

 

ფოტო: Naked Fotografia პაულო მორეირა

არქიტექტურული ფოტო: Studio – “FG + SG” ფერნანდო გუერა

მოდელები: მიქაელა მორგადო Models Factory-დან | ჟოანა გონჩალვეს | ჟოანა მონტეირო

უნდა ავღნიშნო – ნუნო მარინიო, ჩემი მეუღლე, მიუხედავად იმისა რომ მას კონკრეტული როლი კომპანიაში არ აქვს, ის უდავოდ არის ჩემი პარტნიორი საქმეში და ცხოვრებაში. როგორც ინჟინერი ის კომპანიას უმყარებს უფრო რაციონალურ მხარეს, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც შემოქმედებითი

 

 

მეტი ნამუშევრები იხილეთ აქ: Telma DA

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest